პუნქტუაცია — სასვენ ნიშანთა ხმარების წესები.
მისი დანიშნულებაა წინადადება
ნათელი და ზუსტი გახადოს. პუნქტუაციის ჩამოყალიბებამდე სიტყვები მიჯრით, ინტერვალის
გარეშე იწერებოდა, რაც კითხვას დიდად აძნელებდა. დამწერლობის განვითარებასთან ერთად
საჭირო შეიქნა შემუშავებულიყო ნიშნები ტექსტის დასანაწევრებლად.
წერტილი იწერება თხრობითი წინადადების ბოლოს.
წერტილი არ დაისმის:
სათაურის ბოლოს, ციტატის ბოლოს, თუ მას მოსდევს ფრჩხილებში ჩასმული ინფორმაცია.
მძიმე. იგი დაისმის ერთგვარი წევრების შემდეგ შერწყმულ წინადადებაში,
თუ მათ არ აერთებთ და ან თუ კავშირი. მძიმე მიჯნავს ერთგვარ წევრებს.
კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი იწერება.
მაგ.:
რა გინდა? რომელი საათია?
ძახილის ნიშანი დაისმის:
1. ძახილის წინადადების ბოლოს:
როგორ მომწონს!
2. ბრძანებითი წინადადების ბოლოს:
მისმინეთ! გაჩუმდით!
3. მიმართვასთან, თუ ის ცალკეა, ან წინადადების თავსა თუ ბოლოშია:
დავით! - დაუძახა მასპინძელს.
4. და შორისდებულებთან, თუ ისინი წარმოთქმულია დიდი გრძნობით:
ვაშა! ვაშა! - ყვიროდნენ ახალგაზრდები.
წერტილ მძიმე ერთმანეთისგან გამოყოფს ერთმანეთთან შინაარსობლივად
მჭიდროდ დაკავშირებულ მარტივ წინადადებებს.
წერტილ-მძიმე ერთმანეთისაგან გამოყოფს (მიჯნავს) ერთნაირ ენობრივ
ელემენტებს. წერტილ-მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, როდესაც მეორდება მთავარი
წინადადების შემასმენელი: ახლა საჭირო იყო მხოლოდ ნაფიქრი საქმის ასრულება; საჭირო
იყო მოენახა მისი მხსნელი; საჭირო იყო ორნაქმარევი უშვილო ქალი.
ბ) წერტილ-მძიმე დაისმის დამოუკიდებელ წინადადებებს შორის, რომლებიც
ერთ რთულ წინადადებად არიან გაერთიანებული უკავშიროდ: ავარდა კორიანტელი; ყველა მტვრით
დაიფარა.
გ) წერტილ-მძიმე დაისმის ჩამონათვალთა ბოლოს: წერის ზოგადი მიზნები:
1) მკითხველის გართობა;
2) გრძნობებისა და მოსაზრებების გამოხატვა;
3) მკითხველისათვის რაიმეს ახსნა;
4) მკითხველის დარწმუნება.
კითხვით-ძახილის ნიშანი ?!
კითხვით-ძახილის წინადადების ბოლოს ორი ნიშანი იწერება: კითხვისა
და ძახილისა.
ვა, გაგონილა?! (ვაჟა)
ეს რა ამბავია? რას ამბობს ლევანი?! (ჯავახ.).
არიქა, ვინ ხართ მამაცი?! (წერ.).
ტირე იწერება:
-
1. შემასმენლის გამოტოვებისას:
ნიკას ფეხბურთი უყვარს, თემურს - რაგბი.
2. როცა შედგენილ შემასმენელში გამოტოვებულია ზმნური ნაწილი (მეშველი
ზმნა) ან კავშირი:
ეს ჩემი მანქანაა, ის - ჩემი უფროსის.
3. განმაზოგადებელ სიტყვასთან შერწყმულ წინადადებაში, როცა განმაზოგადებელ
სიტყვა ერთგვარი წევრების შემდეგაა წარმოდგენილი:
დედა, მამა, ბებია - ყველა ძალიან ღელავდა.
7. დიალოგების მონაწილეთა ყოველი ნათქვამის დროს:
- ვის ურეკავ?
- ნოდარ აბულაძეს.
დეფისი იწერება და კავშირის ნაცვლად მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული
მნიშვნელობის მქონე სიტყვა უნდა გავაერთიანოთ, ანუ მნიშვნელობის მხრივ ერთმანეთთან
დაკავშირებული ფუძეების გაერთიანებით მიღებული კომპოზიტები იწერება დეფისით!
ასეთებია:
დედ-მამა, ცოლ-ქმარი, და-ძმა, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.
დეფისი ასევე იწერება:
სინონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან:
სიცილ-კისკისი, სიცილ-ხარხარი, ბედ-იღბალი, ძალ-ღონე…
ანტონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან:
დიდ-პატარა, სიკვდილ-სიცოცხლე, აღმა-დაღმა…
რიცხვითი სახელების გაორკეცებით მიღებულ კომპოზიტებთან:
სამ-სამი, ოთხ-ოთხი, ას-ასი…
ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტებთან:
ცხელ-ცხელი, ყვითელ-ყვითელი, ფერად-ფერადი,,,
სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებულ ბრუნვის ნიშნის უქონელ ზმნიზედებთან:
ტყე-ტყე, შუკა-შუკა, მინდორ-მინდორ, ქუჩა-ქუჩა…
ერთი და იმავე ფუძის მქონე, მაგრამ ზმნისწინით განსხვავებულ რთულ
ზმნებთან:
აიარ-ჩაიარა, მიიხედ-მოიხედა, გადახედ-გადმოხედა…
სხვადასხვა ფუძის მქონე გაერთიანებულ ზმნებთან:
გააცივ-გააცხელა, გაათეთრ-გააშავა…
დეფისი აუცილებელია სიტყვებში, რომლებიც შედგენილია შერწყმული დანართის
მეშვეობით და რომელთა პირველი წევრი ფუძის სახითაა წარმოდგენილი:
წევრ-კორესპონდენტი, ექიმ-დერმატოლოგი, ინჟინერ-მშენებელი, პრემიერ-მინისტრი,
სახლ-მუზეუმი, მეცნიერ-თანამშრომელი…
დეფისით იწერება ასევე უცხოური ვიცე და ქართული ვაი პრეფიქსით დაწყებული
კომპოზიტები:
ვიცე-მერი, ვაი-მეცნიერი, ვიცე-პრეზიდენტი, ვაი-კრიტიკოსი…
უნდა დავიხსომოთ, რომ თუ ორმნიშვნელობიან კომპოზიტს სიტყვის საწარმოებელი ბოლოსართი ან თავსართ-ბოლოსართი დაერთვის, მაშინ
დეფისი საჭირო აღარ არის, რადგან სიტყვა ერთცნებიანი ხდება:
ცოლ-შვილი, მაგრამ ცოლშვილიანი;
და-ძმა, მაგრამ დაძმური;
დედ-მამა, მაგრამ დედმამიანი ან უდედმამო.
ორწერტილი :
ა) ორწერტილი დაისმის შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების
წინ _ ყველა მე ჩამომეკიდა: მამასახლისი, გზირი.
* შენიშვნა: თუ განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარ წევრებს მოსდევს,
ტირე დაიწერება. (მაგ.: დამჭკნარი დიყი, შუპა, შამბი, არყი და ცაცხვი ყველანაირად შფოთავდნენ.).
ბ) ორწერტილი დაისმის წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს პირდაპირი
ან ირიბი ნათქვამი: ყმაწვილმა კაცმა მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა: - თქვენ
მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?
გ) ორწერტილი დაისმის ციტატის წინ. ილია წერდა: "ჩვენთვის
ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი
კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს, - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა დაიბერტყაო,
იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის."
დ) ორწერტილი დაისმის უკავშირო რთული წინადადების ბოლოს, რომელსაც
მოსდევს ერთი ან რამდენიმე წინადადება და მასში ახსნილია, დაკონკრეტებულია ის, რაზედაც
საჭიროა საუბარი მთავარ წინადადებაში: "ქვეყანაზე ორი მოპირისპირე ძალა
არსებობს: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი".
ე) ორწერტილი დაისმის მთავარ წინადადებასთან მაშინაც, როცა მომდევნოში
მოცემულია მიზეზი, შედეგი, საფუძველი იმისა, რის შესახებაც მასშია საუბარი: შაჰ-აბაზი
ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები
ააოხრა.
მრავალწერტილი იწერება დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების
ბოლოს: ჩვენ ხედვად და სმენად უღონონი ვართ და იქ კი... იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა
შექმნისა... გიორგი...
მრავალწერტილი დაისმის
წინადადებაში ან თვით სიტყვებში მღელვარებით ან სხვა რაიმე მიზეზით (ენის მოკიდება)
გამოწვეული შეფერხების გამოსახატავად: გიორგი მაჯობე... ვკვდები. –სიზ...მარ...ში?
გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო. მრავალწერტილი დაისმის ციტატის თავში ან
ბოლოში, თუ ციტირებული დასაწყისი ან ბოლო არ ემთხვევა წინადადების დასაწყისს ან ბოლოს
დედანში: ილია წერდა: "... თუ მთქმელსა და გამგონეს ერთმანეთის ენა არ ესმით,
იქ არც თქმაა და არც
გაგონება..."
მრავალწერტილი დაისმის ციტატაში რომელიმე სიტყვის
ან წინადადების გამოტოვების აღსანიშნავად: `კაცია ადამიანში~ ვკითხულობთ: "მაჭანკალი
... გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ლამაზი და ქვრივი დედაკაცი".
ფრჩხილებში ჩაისმის:
()
ა) სიტყვები, რომლებიც წინადადებაში ჩართულია გადმოცემული აზრის
განსამარტავად, დასაზუსტებლად: აღმოჩნდა, რომ მამაჩემმა დაგვიტოვა ქოხი, დამსხვრეული
ტახტი, ერთი ძველი ჭილოფი, ერთი დაგლეჯილი ფარდაგი (დედაჩემის მზითვები), ერთი ძველი
ლოგინი, სამი ჩინური ჯამი, ერთი ქვაბი და ორი შამფური.
ბ) სიტყვები და წინადადებები, რომლებიც მოყვანილია დამატებითი შენიშვნის
სახით: როგორ მომიწონებს კატო (კატო მოსეს მეუღლეს ერქვა სახელად), როცა გეტყვი ამ
ამბავს. * შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულ წინადადებას აზრობრივი კავშირი არ აქვს ამ
წინადადებასთან.
არის შემთხვევები, როცა მოცემული წინადადება აზრობრივ კავშირს ამყარებს
წინადადებასთან, მაგრამ დამატებითი, მეორეხარისხოვანი შენიშვნის სახით: თანასწორი იარაღით
ბრძოლას არ გავექცევი (რომ გავექცე, სადამდის უნდა ვირბინო?).
ა) სტენოგრაფიულ ანგარიშებში ფრჩხილებში ჩაისმის ფრაზები, რომლებიც
მიუთითებენ მსმენელთა დამოკიდებულებასა და აზრზე: ორატორის გამოსვლა დასრულდა (მოძრაობა
დარბაზში).
ბ) ფრჩხილებში ჩაისმის ციტირებული ავტორის სახელი, გვარი და ნაშრომის
სათაური ციტატის ბოლოს: "ცდის პირები უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული იმ ზეგავლენის
შესახებ, რაც შეეძლო მათზე მოეხდინა ექსპერიმენტს" (ბაუმრიდი).
გ) ფრჩხილებში ჩაისმის რემარკები დრამატულ ტექსტში: ანდუყაფარი
(ოთახიდან) ვინ ლაპარაკობს მანდა?
No comments:
Post a Comment