Saturday, 22 April 2017

გიორგი XI ქართლის მეფე 1676-1688, 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის ძე, ქართველი, რომელმაც ავღანელები დაიმორჩილა.
ავღანური ტომის ბელადმა მირვეისმა დამოყვრება შესთავაზა გიორგის და თავისი ასულის მითხოვებას შეჰპირდა, 1709 წლის 21 აპრილს დეხი-შეიხში ნიშნობაზე მისულ ქართველებს სუფრა გაუშალეს. როდესაც მისი მხლებლები ლხინის შემდეგ ძილს მიეცნენ, მირვეისმა ნიშანი მისცა და ყველანი ამოწყვიტეს. როგორც პოლონელი მისიონერი, თეოდორ კრუშინსკი წერს, თავდასხმის შემდეგ გიორგი უცბად გამოფხიზლდა, დაავლო ხელი ხმალს, რვა ავღანელი მოკლა, მაგრამ, ბოლოს ვერას გახდაო.
საინტერესოა, რომ მირვეისმა მოკლულ გიორგის ახსნა ჯვარი და ხატები, რომლებსაც საიდუმლოდ ატარებდა და შაჰს გაუგზავნა ნიშნად და საბუთად იმისა, რომ ეს იყო შენი „ერთგული“ მსახურიო – ამით ცდილობდა გიორგის მკვლელობის გამართლებას.
კრუშინსკის უწერია: „ავღანელებმა დამარცხებული ქართველების სიმამაცე ასეთი სიტყვებით შეამკეს: ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო თვითონ ავღანელები კი დიაცები არიან ქართველებთან შედარებითო“

როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში

როგორ ასწავლიან და როგორ უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში, ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფილოლოგს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, რა/ვინ იყო ის, რამაც დაგაინტერესათ „ვეფხისტყაოსნით“, იყო ეს სკოლა?
– სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ, ზოგადად, სკოლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ დამაინტრიგებელი შეიძლება არ გახდეს ტექსტი. უფრო იმისთვის გამზადებენ, როგორ დაწერო თემა ისე, რომ, დავუშვათ, მიგიღონ უმაღლეს სასწავლებელში. თემებიც სტანდარტიზებული იყო – „მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“, „ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“… თან, საზეპიროებს გვაძლევდნენ: აუცილებლად უნდა გესწავლა ავთანდილის ანდერძი, ნესტანის წერილი… ვიღაც სწავლობდა, ვიღაც არ სწავლობდა… უბრალოდ, შინაარსის ცოდნაზე იყო აქცენტი. დამაინტრიგებელი თემები – სხვადასხვა ხელნაწერში რატომაა განსხვავება, რას ნიშნავს ეს და რატომ არის ასე და ა.შ. ასეთი რამ არ იყო. ამიტომ სკოლაში არ ჩავარდებოდი ისეთ ინტერესში რომელიმე ავტორით, რომ შემდეგ კვლევა მოგნდომებოდა.
უნივერსიტეტში სხვა დონეზე ვსწავლობდით და იქ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად დასწავლის აზრიც მომივიდა. დავიწყე სწავლა, – მივედი ავთანდილი ასმათს რომ ხვდება იქამდე. მერე უკვე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება! ასე, ზეპირად სწავლას თუ აძალებ თავს, ტექსტი შეგძულდება. ძველ საქართველოში ხშირად და ბევრს კითხულობდნენ, ამიტომ იღებდნენ მერე ამ ზეპირ ცოდნას, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ამდენი სხვა ინფორმაციაა, ამდენი სხვა ტექსია, ძალადობა გამოდიოდა [„ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირება].
არის ასეთი გამოთქმა: ღმერთი ან ეშმაკი დეტალებშიაო და მეც აღმოვაჩინე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე საინტერესო რაღაცები სწორედ დეტალებშია. აი, მაგალითად, იოანე პეტრიწზე რომ ვმუშაობდი, იქ არის [რუსთაველს იოანე პეტრიწისგან მიაქვს ტერმინოლოგია ძირითადად, თუმცა რაღაცებს ცვლის, მაგალითად, რუსთაველი არ ამბობს „ტრფიალებას“, ის ამბობს „მიჯნურობას“. რუსთაველი აღმოსავლურ სიტყვას იყენებს] სიტყვა „ნივთი“, რაც ნიშნავს მატერიას, მასალას. მასალა არის პოტენცია, რაც უნდა გახდეს, აქტუალიზირდეს მერე ნივთი. როდესაც ავთანდილი გადაწყვეტს ტარიელის მოძებნას, რუსთაველი ამბობს ავთანდილზე: „იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი“ – სოფელი არის მთელი სამყარო; აი, ბოლო სიტყვებზე: „იგია ნივთი და ვალი“ – რატომ არის ავთანდილი ნივთი და ვალი?! სულ ვფიქრობდი ამაზე და უცებ ამენთო თავში: აჰაა, პეტრიწს აქვს ეს „ნივთი“, ნივთი არის პოტენცია, „ვალი“ არის მოვალეობა. გამოდის, რომ ის პოტენცია, რაც ავთანდილშია – ავალდებულებს მას, გახდეს სრულყოფილი ადამიანი, ანუ „ლხინი სოფლისა“, მთელი სოფლის, კოსმოსის სიხარული. რაღაც ასეთი უცებ აინთება, ფილოსოფიური აზრი და ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესოა, როდესაც ხედავ განსხვავებებს სხვადასხვა ხელნაწერში. ამის შემდეგ უნდა ჩართო მთელი შენი დიალექტიკური, ლოგიკური უნარები _ რომელია მათ შორის ავთენტური?!
– ანუ, ძირითადად, ეს იყო უნივერსიტეტი, რამაც „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ინტერესი გაგიღვიძათ?
– უნივერსიტეტი და მერეც… ეს არის ტექსტთან ხშირი ურთიერთობით; სკოლაშიც რომ დავიწყე სწავლება, მერე უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი „ვეფხისტყაოსანს“… აი, იქ ყოველ შეხებაზე არ შეიძლებოდა რამე ახალი არ აღმომეჩინა… დიდი სიხარულია, როდესაც შენ დაინახე ის, რაც სხვას შეიძლება არ დაუნახავს. მაგალითად, გადასარევი ადგილია – ერთ ხელნაწერზე ნესტანის წერილში წერია: „მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი“, და ამავე ხელნაწერში გვერდით მიწერილია „მანდვე გსახოს“ ნაცვლად, „მადვე გსახო“. აქ გადამწერი ეტყობა ფიქრობს: „მანდვე“ უნდა ეწეროს, მაგრამ საიდანაც ვწერ იქ „მადვე“ წერია, მოდი „მადვესაც“ დავწერ, რომ წამკითხველმა ნახოს, შეიძლება ისიცაა სწორი, მაგრამ მე „მანდვე“ მგონია. თუმცა არ ვიცი, ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარო… ამიტომ იქ „მადვეც“ დაწერა. ვფიქრობ, სწორედ „მადვე“ არის სწორი და გამოდის საინტერესო ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრი. ასეთი რამ სულ ხდება.
– თქვენ რაც ისაუბრეთ სკოლის სისტემაზე, დიდად არაფერი შეცვლილა. დღეს მეექვსე კლასიდან იწყება პატარ-პატარა სტროფების სწავლება, მე-9 კლასში ანდერძს სწავლობენ და მეათეში უკვე მთლიანად „ვეფხისტყაოსანს“. ეროვნულ გამოცდებშიც შესაბამისად შეტანილია ეს საკითხი. თუმცა მოცემულობა ასეთია _ მოსწავლეთა დიდ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ამას როგორ ახსნიდით, ასაკის პრობლემაა? რა არის გამოსავალი?
– მასწავლებელმა უნდა ჩადოს ამ ყველაფერში ხალისი, ინტერესი. „ვეფხისტყაოსანი“ რომ დაიწერა, მაშინ ბევრი არც არაფერი იყო, არც ტელევიზია იყო, არც კინოფილმები, არც თეატრი… ეს [„ვეფხისტყაოსანი“] იყო ძალიან დიდი თავშესაქცევი ტექსტი იმ დიდ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში, რომელიც ძნელად იკითხებოდა და არ გაგართობდა/არ გაგახარებდა, თუ, ასე ვთქვათ, სპეციალისტი, პროფესიონალი ინტელექტუალი არ იყავი და მონასტერში არ ცხოვრობდი მთელი დღე და მოსწრება. „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, რომ ყველას წაეკითხა, სიხარული მიეღო. იქ ინტრიგა დევს, პოლიტიკური დაპირისპირებები, საბრძოლო, ბატალური სცენები, სიუჟეტის განვითარება, რაღაც დეტექტიური მომენტები… ეს ყველაფერი დიდ ხალისში აგდებდა მკითხველს. ახლა იმდენი სხვა რაღაცაა [ფილმები, თანამედროვე ლიტერატურა და ა.შ.], რომ ბავშვებისთვის „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქებად აღარ ჩანს, თუმცა თავის დროზე ეს იყო დიდი ბომბი. ახლა ჩანს როგორც ანტიკვარული ტექსტი. ამიტომ, რომ ანახო მოსწავლეებს, რატომ იყო „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქება, რა უძღოდა წინ, რატომ დევნიდნენ თვითონ ტექსტს და ავტორს [ყველაზე ძველი ხელნაწერი გვაქვს XVI-XVII საუკუნიდან. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მანამდე ამ ტექსტს დევნიდა ოფიციალური ცენზურა]. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ხედვები შემოიტანა რუსთაველმა, რაც მანამდე არ იყო და სახიფათოდაც ჩათვალეს. აი, ეს ყველაფერი რომ აუხსნა ბავშვებს, შეიძლება დაინტერესდნენ. თავზე მოხვევა არ შეიძლება.
– განათლების სისტემა მოსწავლეებს თავს ახვევს „ვეფხისტყაოსანს“? 
– შეიძლება, თუ საზეპიროებს მოსთხოვ და ამ საზეპიროების ანალიზი არ გექნება. ჯობია არ იცოდეს ზეპირად, მაგრამ ესმოდეს რა ითქმება ამა თუ იმ პასაჟში. დავუშათ, რომ იტყვის: „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა“, – სად ამბობს ამას პლატონი?! მოდი ვნახოთ, პლატონის „დიალოგებში“ თუ არის სადმე მსგავსი… არის ამაზე კვლევები ხომ?! – აჩვენე! ზუსტად იმეორებს პლატონს რუსთაველი თუ თავისას ამატებს რაღაცას?! როგორი ინტერპრეტაციაა ეს – თავისუფალი თუ ზუსტი?! იქნებ ეს რუსთაველის თეორიაა, რომელიც მან ჩადო პლატონის ნათქვამში და სინამდვილეში პლატონს არ აქვს ეს ასე?! უამრავი რაღაცაა… სოკრატე, მაგალითად, – ვეზირი არის სოგრატი [სოგრატი იგივე სოკრატეა, მაშინ ასე გამოითქმოდა, ბიზანტიური გამოთქმით ასე ესმოდათ ქართველებს], რატომ შექმნა ვეზირად რუსთაველმა სოკრატე?! რუსთაველს აქვს 4-5 ირონიული ადგილი [ერთს რომ ამბობ და სხვას გულისხმობ] და აქედან ორი ეკუთვნის სოგრატს [სოკრატეს]. სოკრატე კი ცნობილია თავისი ირონიით. აი, ვნახოთ ეს ორი ირონიული ადგილი სოკრატესი და დავსვათ საკითხი: ეს პედაგოგიური ირონიაა, როგორც სოკრატეს ჰქონდა პლატონის „დიალოგებში“, თუ ჩვეულებრივად გასართობი ირონიაა და არავითარი პედაგოგიური აზრი შიგნით არ დევს?! ძალიან საინტერესო რამეზე შეიძლება გახვიდე. შეიძლება ნახო, რომ სწორედაც ფილოსოფიურ-პედაგოგიური ირონიაა ის ორი შემთხვევა, რომელიც არის სოკრატესთან.
– ასე რომ იმსჯელო მოსწავლესთან, საჭიროა ის იყოს უფრო დიდი ასაკის? როგორ ფიქრობთ, როდის უნდა მივიყვანოთ მოსწავლე/ბავშვი „ვეფხისტყაოსანთან“? 
– 14 წლის ასაკიდან უკვე ზრდასრული აზროვნება შეუძლია ბავშვს, როგორ არ შეუძლია! ამდენ წიგნებს ისედაც კითხულობენ. ყოველთვის, როდესაც მოდიან ხოლმე ჩემი მოსწავლეები არდადეგებიდან, ვეკითხდები რა წაიკითხეს და ის აზრი, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ და არაფერს კითხულობენ ახალგაზრდები, არ შეესაბამება სიმართლეს – გაგიკვირდებათ, მთელი ნობელის ლაურეატები, ფამუქი და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ აქვთ წაკითხული 14-15 წლის ბავშვებს და რატომ არ უნდა იკითხონ „ვეფხსიტყაოსანი“?! უნდა იკითხონ და იმსჯელონ!
– ანუ, დაბალ კლასებში შეტანილი რამდენიმე სტროფიც, რომ იყოს მიწოდებული საინტერესოდ, გამოიწვევდა მოსწავლეთა დაინტერესებას?
– ცხადია, აბა რა! დეტექტივების კითხვა როდის დავიწყეთ?! სადღაც 12 თუ 11 წლის ვიყავი… შეიძლება უფრო ადრეც. არ მესმოდა ის ინტრიგა, რაც იყო?! ახლაც შეიძლება მისცე რაღაც ასეთი გამოცანასავით: ვეფხისტყაოსანში არის ერთადერთი ოცმარცვლიანი სტროფი: „შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან, ასი ათასი…“ აქედან დასვი შეკითხვა: ეს სტროფი ზოგ ხელნაწერში არის, ზოგ ხელნაწერში არ არის. როგორ ფიქრობთ, ეს სტროფი [რუსთაველის სტროფია] ავთენტური არის თუ არ არის? დავუშვათ, რას იტყოდით, თუ გვაქვს ორი ხელნაწერი, ორივე ძველია და ხელნაწერის სიძველე არ გვაჩვენებს. იმსჯელეთ ლოგიკურად. ზოგი იტყვის: რა თქმა უნდა, ეს ჩამატებულია, რადგან თუ ყველა სტროფი 16-მარცვლიანია ეს რატომ არის ოცმარცვლიანი, როგორ გამოტყვრებოდა მათ შორის?! – ესე იგი, ჩამატებულია! მერე სხვა იტყვის: არა! ეს რომ ჩამატებული იყოს, ჩამმატებელი ხომ დაამსგავსებდა?! არ მოინდომებდა ენახათ, რომ ჩამატებულია და 16-მარცვლიანს გააკეთებდა, ესე იგი, ეს თვითონ რუსთაველის ექსპერიმენტატორობაა! მერე ამაზე დაიწყება კამათი და იმის განხილვა, აუცილებელია თუ არა იმ ადგილას ეს სტროფი და მისი არყოფნით ირღვევა რამე თუ არა. ასე საინტერესო ხდება ეს ყველაფერი.
– ესე იგი, სწავლების მეთოდიკაშია პრობელმა და არა იმაში, რომ ადრეული ასაკიდან… 
– ცხადია, შენ უნდა ჩადო საინტერესო მომენტები და ბავშვები მიხვდნენ, რომ შეიძლება ამაზე ფიქრი, ისეთი რაღაცების მიგნება, რაც შეიძლება მანამდე მიგნებულიც არ იყო.
სკოლებში სტანდარტული თემები არ უნდა იყოს. უნდა მისცე მოსწავლეს უფლება დაწეროს თემა, რაც დააინტერესებს. მაგალითად, დააინტერესა „ყვავილები ვეფხისტყაოსანში“ – რამდენი ყვავილის სახელია, ეს ყვავილები დღეს რა ყვავილებია [სახელები იცვლება ხანდახან] ან რა ფერისაა ის [ყვავილი], რა ფერს გულისხმობს და რატომ გამოიყენა ავტორმა ეს ფერი ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე. შეიძლება ეს თემები გაცილებით საინტერესო იყოს ბავშვებისთვის და ასეთი ინდივიდუალური პატარ-პატარა პროექტები რომ გააკეთონ კლასში, თითომ თითო, მეტი ინტერესი გამოიწვიოს. არა ზოგადი, არამედ ინდივიდუალურად [მოსწავლემ] თავისი რაღაც დაიჭიროს ტექსტში და რაღაც თავისი თქვას.
მე [„ვეფხისტყაოსანს“] სკოლაშიც ვასწავლი და უნივერსიტეტშიც წამიყვანია ასეთი კურსი: ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ძალიან დაწვრილებით, დეტალებს ვარჩევთ. ყველაზე საინტერესო ზუსტადაც დეტალებია! მაგალითად, კლასში „ვეფხისტყაოსნის“ გაზეთი გავაკეთებინე და ვაკეთებინებდი რეპორტაჟებს. წერდნენ: აი, ინდოეთში მოვლენები ასე ვითარდება… რაღაცა, რაღაცა და ნამდვილი გაზეთები გვქონდა გაკეთებული. სახალისო მომენტებიც იყო, რა თქმა უნდა, ვითომ ახალი ამბები იყო: „ამას წინათ ჩვენს ტყეში გამოჩნდა ბენგალური ვეფხვი“! და ბევრი ასეთი. ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, შენზე გაცილებით შემოქმედებითები არიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგცემენ. რა თქმა უნდა, მასწავლებელზეც ბევრია დამოკიდებული. არ უნდა გააფეტიშო ეს ტექსტი და ზედმეტად სუბლიმიზაცია არ უნდა მოახდინო – ღრუბლებს ზემოთ არ უნდა აიყვანო და თაროზე შემოდო.
რუსთაველს ძალიან კვიმატი გონება აქვს, ირონიზირება შეუძლია თვითონაც, შეთამაშება იცის… ეკლესიის მამა არ არის შოთა რუსთაველი. მხიარული გონება აქვს და ძალიან შემოქმედებითია. შეუძლია ადამიანების სისუსტეები დაგანახოს თვით ამ ადამიანების თვალსაზრისით. შეიძლება მულტფილმიც, კინოც გადაიღო შოთა რუსთაველზე… „ილიადა“ „ტროა“ გადაიღეს… ჩემთვის წიგნი ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი, რომ გადაიღეს „ტროაც“. არ წამიკითხავს „ანტიტყაოსანი“, მაგრამ კარგია, რომ არის. რუსთაველს უფრო გაუხარდებოდა, რომ შემოქმედებითად იაზრებენ, თუნდაც დასცინიან, თუნდაც ამით ამჩნევენ მაინც. რაღაცას იწვევს ეს, ტექსტი ცოცხლდება. როგორც კი თაროზე შედებ სქელყდიან წიგნებთან და გააძეგლებ, კლავ ამით! შოთა რუსთაველსაც ეგრე ეუბნებოდნენ და განიხილავდნენ [როგორც შამუგიას]: როგორ გარყვნა ჩვენი ქრისტიანული კულტურა, რა გვეშველება ქართველებს, ეს რა საშინელება მოიტანა, ეს გარყვნილი და საძაგელი კაცი შოთა რუსთაველი, დაწვით მისი ნაშრომები… რუსთაველი არის ბომბი, ყველანაირად, მსოფლმხედველობრივადაც… რუსთაველის მიჯნურობის თეორიას იმდროინდელი ეკლესია ჩათვლიდა სატანურად. მიჯნურობა რუსთაველამდე საქართველოში აღიქმებოდა როგორც დემონური სტიქია, ბოროტება. მერე რუსთაველმა გამოაცხადა: არა, ეს ბოროტება კი არ არის, არამედ ამაღლებს სულს და აჰყავს ღმერთამდე, ახალი ხედვა შემოიტანა სრულიად. იმდროინდელი ეკლესიისთვის ეს იქნებოდა სკანდალი.
მასწავლებელმა მოსწავლეები არ უნდა დაღალოს. მაგალითად, სამ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს რომ წაიკითხავს ბავშვი, ძალიან იღლება. პაუზები თუ არ გააკეთე, სახალისო მომენტები თუ არ შეიტანე, შუაში სხვა თანამედროვე ტექსტი თუ არ წააკითხე ან ფილმი არ ანახე, ეს დატანჯავს ბავშვებს. ტანჯვა არ უნდა იყოს სწავლა! „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ არ არის სწორი. სწავლის ძირი ტკბილ-მწარეა იმიტომ, რომ სწავლა ტკბილ-მწარე თუ არ არის და მარტო მწარეა, ის სწავლა ცუდი იქნება, სწავლას მოიძულებს ადამიანი. რა თქმა უნდა, გურამიშვილი ამას არ გულისხმობს, მე ახლა მის სიტყვაზე გამოვეკიდე, მაგრამ სწავლაში ორივე ერთად უნდა იყოს, ეს ტკბილ-მწარე პროცესია. მწარე იმ გაგებით, რომ რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, გსიამოვნებს, გიხარია ეს გამოწვევა და როცა დაძლევ რაღაცას, მიხვდები, აღმოაჩენ, ამას სიხარული უნდა ახლდეს, ანუ სწავლის პროცესი უნდა იყოს სახალისო.
მინდა, ვიყოთ ერთად,
სოფელში და წვიმდეს.
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარვიდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი... ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
არა ვგავდეთ დიდებს…
მიკითხავდე ლექსებს..
მიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე ხშირი
თბილი წვიმით წვიმდეს.
შენ კი . . .
ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
შოთა ნიშნიანიძე

კონა-კონა იყოს...
და ვაფრქვევდეთ გულში
ჩაბუდებულ სითბოს...
სულ, სულ ენთოს სახლში,
სიყვარულის ცეცხლი...
თმახუჭუჭა ბავშვი
და შენ მყავდე გვერდში...
მინდა მქონდეს სახლი,
ქოხი, ქოხამუხი...
სიყვარულის ძალით
არ ქრებოდეს შუქი...
მინდა ჩვენი სახლი,
ეკლესიას გავდეს
და წაუსვლელ სტუმრად,
სულ, უფალი გვყავდეს...
/ნინო ახალაშვილი/

Friday, 14 April 2017

Life in the womb (9 months in 4 minutes) HD - Presented to You from PSNX

ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა.
პიეტრო დელა ვალე
“ იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე ადამიანი სულის გარეშე..ხომ იცით, სულის პროთეზი არ არსებობს."
ფილმიდან - ''ქალის სურნელი''
1978 წლის 14 აპრილს ქართველობამ იხსნა ქართული ენა, ქართველმა სტუდენტობამ იხსნა ჩვენი საღვთო მშობლიური ენა..
და შენი მოდგმა შენი რასა, აღსრულებული მოწამეობრივ განგრძობითობაში, შენივე იდენტიფიკაციის სახეა შენივე ენა, დედა -ენა, ამ ენაზეა შექმნილი ქართული სახელმწიფოებრიობა ამ ენაზეა იგი თვითმყოფადი და მარადიული. თუ რაოდენ ეფერება სამყაროს მისი სიდიადე, ეს იქიდანაც ჩანს თუ ინგლისურში წვიმას ჰქვია rain ქართულად ეს 60 ზე მეტი სიტყვით შეგვიძლია გამოვთქვათ, ამ პატარა მაგალითიდან ჩანს მისი მისტიური სიღრმე. ქართულს სამი ქართულენოვანი განშტოება აქვს, როგორც სამება, ჩვენი სულის ერთადერთი გადარჩენის სრულყოფა. სამი ქართულენოვანი გაგება მეგრულ-სვანური არსით, კუთხური დიალექტური გაგება, უფრო ღრმაა და უფრო თავისუფალი, თავიანთი შერწყმით მიიღება დიადი მრავალფეროვანი ერი.
ჩვენი გზა სრულიად თავისუფალია, რამეთუ ღმერთმა მოგვცა გზა, სწორედ მან უწოდა სამყაროს შექმნის პროცესში, დღეს ნათელი, ღამეს ბნელი, ასევეა მისი გზაც, მისი მოწამეობა ნათელია, მისგან განდგომა ბნელი.
ჭეშმარიტი ქართველი კი ის არის ვინც ამ არჩევანს შორის ნათელს აირჩევს. ნათელს, რომელიც ერის ბნელმოცულ კუთხეებს გაანათებს.
„ განსხვავებით ცხოველისაგან‚ რომელიც ორ განზომილებაში – დროსა და სივრცეში – ცხოვრობს‚ ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში – დროში‚ სივრცეში და ენაში“ - წერდა შესანიშნავი მწერალი ჯემალ ქარჩხაძე.
ქართული ენა ის გარემოა, რომელშიც ვცხოვრობთ, ის სათვალეა, რომლის საშუალებითაც სამყაროს აღვიქვამთ, ის სახლია, სადაც ყოველთვის სიამოვნებით ვბრუნდებით, ის ჰაერია, რომელსაც ისე ვსუნთქავთ, რომ ამაზე არც ვფიქრობთ...
ჩვენ მშობლიურ ენას ვატარებთ ყველგან და ყოველთვის, ვატარებთ, იმ საგზალივით, რომელმაც გაჭირვებისას უნდა გვიშველოს, ზოგჯერ წყალს გამოვადენთ, ზოგჯერ - გუდას ბდღვირს ავადენთ...
დედაენის დღეს გილოცავთ, ენის, რომელიც ჩვენში სისხლივით მოედინება და გვქმნის სწორედ ისეთებს, როგორებიც ვართ!

ქრისტე აღდგა მკვდრეთით - საგალობელი

ქრისტე აღდგა!საგალობელი kriste aghsdga!

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...