წერისა თუ მეტყველების დროს შეცდომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისეთი სიტყვების არსებობაა ენაში, რომელთა ბგერითი აგებულება და გარეგნული იერი ერთმანეთს ძალიან წააგავს, მაგრამ მნიშვნელობით ისინი სრულიად განსხვავდებიან.
ჟღერადობით მსგავსსა და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს პ ა რ ო ნ ი მ ე ბ ს უწოდებენ. ამდენად, რომელიმე ორი სიტყვა პარონიმად ჩაითვლება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთში აირევიან. პარონიმები საკმაოდ ხშირად თავგზას გვიბნევენ როგორც წერისას, ასევე მეტყველებისას. ამიტომ, მეტი თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მათგანს მაგალითად მოვიყვან:
ადრესატი – ის, ვისაც უგზავნიან
ადრესანტი – ის, ვინც აგზავნის
–
აბონენტი – აბონემენტის მფლობელი, მომხმარებელი
აბონემენტი – მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი
–
აღქმა – შეცნობა, გრძნობათა ორგანოებით რაიმეს მიღება
აღთქმა – პირობა
–
ბილინგვი – ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანი
ბილინგვა – ორ ენაზე შედგენილი ტექსტი
–
დიპლომატი – ელჩი, პოლიტიკური პირი უცხო სახელმწიფოში და ა.შ.
დიპლომანტი – სტუდენტი, რომელიც სადიპლომო ნაშრომს ამზადებს და დიპლომის ასაღებად ემზადება
–
კამპანია – მოძრაობა, ღონისძიება რაიმე მიზნის მისაღწევად
კომპანია – ამხანაგობა, ჯგუფი
–
ემიგრანტი – უცხოეთში საცხოვრებლად წასული პირი
იმიგრანტი – შენს ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსული პირი
მიგრანტი – საკუთარ ქვეყანაში ადგილმონაცვლე პირი
–
ორდენი – მედალი, ჩინი
ორდერი – საბუთი, სანქცია
–
კონიექტურა – ტექსტის დაზიანებული ადგილის აღდგენა შინაარსის გათვალისწინებით
კონიუნქტურა – შექმნილი ვითარება, გარემოება
–
რიტმი – თანაზომიერი მონაკვეთების რეგულარული გამეორება
რითმა – ლექსის სტრიქონების ერთნაირი დაბოლოება
–
ნოტი – მუსიკალური ნიშანი
ნოტა – დიპლომატიური წერილი
–
ცივილური – საზოგადოებრივი, სამოქალაქო
ცივილიზებული – განვითარებული საზოგადოება, კულტურული
–
უებარი – წამალი
უებრო – შეუდარებელი
–
მცნება – შეგონება
ცნება – ზოგადი სახელი, ტერმინი
–
სწორედ ამას მოგახსენებდით! (ზუსტად)
სწორად გაიგეთ! (მართებულად)