Monday, 8 August 2016

გურამ დოჩანაშვილი

· 
— რა უცნაური ლაპარაკი იცი, გრიშა, — პატარაზე გაიბუტა ქალი.
— მიყვარხარ და იმიტომ.
— მართლა?
— აბა, რა, განა ეს საკითხავია? — იო მოდო ლა კაზა.
— რატომ გიყვარვარ? — გაცელქდა ქალი.
— ლამაზი ხარ და იმიტომ.
— და სხვა... სხვა არაფერი?
ჰე, რა ძნელია ხანდახან პასუხის გაცემა... მაგრამ გრიშასათვის — არასოდეს. მაშინვე ჩურჩულით ალაპარაკდა, შესაბამის ატმოსფეროს ჰქმნიდა:
— ამის პასუხი ერთადერთი სიტყვაა, სხვადასხვა ბრუნვაში ორჯერ მოცემული: ადამიანისთვის ადამიანი. და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?
— რა არის... ახლობელია...
— და სხვა არაფერი?
— რა ვიცი... არ ვიცი.
— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.
— და უცებ მაკოცებ, არა?
— არა.
— აბა?!
— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა...
— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?
— ჰო.
— ერთი, ორი, სამი... — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?
ზღვა შრიალებდა მხოლოდ.
— გრიშა! — წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა?
ძალიან ბნელოდა.
— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.
— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიშა!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი.
გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი.
„ამ ქალაქგარეთ... ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა...“ — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა. ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:
— ეს მე ვარ, მე.
— გრიშა! — წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!
— სად წავიდოდი... შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?
— ჰო, — ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, — რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!
— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე... გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.
— რა ესაა... რას ამბობ?
— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?
— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.
— ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ.

დღეს 8 აგვისტოა, ტკივილიანი და მწარედ გასახსენებელი!

როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი - მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს..
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"..
.......
სოფელ შინდისის მაცხოვრებლები ჰყვებიან:
„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს..
„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი" -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც - რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა" - უპასუხა ალეკომ..
ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა...
ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს"..
შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო..
ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა..
1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო. ომში წასვლა უნდოდა ლევანს და გიორგი გაჩეჩილაძეს . კომისარიატსაც მიაკითხეს. შეიკრიბნენ ბიჭები – ლევანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი, სულხან სულხანიშვილი, გიორგი ნიჟარაძე… წასვლას დღე-დღეზე ელოდნენ, ლევანს ყველა ერიდებოდა, რადგან ბათუმში გადაღებები ეწყებოდა, არადა გემი დაქირავებული იყო, ფულიც გადახდილი, ლევანის გარეშე კი გადაღებები ჩაიშლებოდა. ლევანი ბათუმში გადაღებებზე ისე წავიდა, რომ იცოდა – აფხაზეთში ჯერჯერობით ვერ მიდიოდნენ. წასვლისას ბიჭებს დაუბარა, თუ უჩემოდ მოგიწიათ წასვლა, მე კოორდინატებს გავიგებ და ადგილზე პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვალო. მაგრამ აფხაზეთში წასული ბიჭები ზუსტ კოორდინატებს არ ტოვებდნენ თბილისში. საახლობლოს აიმედებდნენ, შტაბის სამუშაოებს ვასრულებთ, საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობთო. არადა, პირველივე დღიდან იარაღი ეჭირათ ხელში.
ბათუმში გადაღებები დასრულდა. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და შედის ლევანი. მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ… იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი,რომელიც შემდეგში ეკონომიკის მინისტრი გახდა.
ის იყო გენიალური ადამიანი და მსახიობი. 1989 წელს კანის ფესტივალზე,ფრანგმა ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა, იგი მარლონ ბრანდოს შეადარეს.
ლევანის დაკრძალვაზე მთელი საქართველო იყო.ნაცნობი,უცნობი, ყველა იკრიბებოდა. 12-13 წლის ბიჭები მისულან პანაშვიდზე,ხალხი რომ დაინტერესდა მათი ვინაობით,მათაც უპასუხეს რომ ლევანის ძმაკაცები იყვნენ.
ალექსანდრე მაკედონელმა გარდაცვალების წინ არმიის მთავარსარდალს სამი რამ უბრძანა:
1. მინდა, რომ ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა ხელით წაიღონ ჩემი ჩასასვენებელი.
2. ოქროს ზოდები და ძვირფასი თვალ-მარგალიტი მიმოფანტეთ იმ გზაზე, რომელზეც ჩემს გვამს გაატარებენ.
3. მსურს, ჩასასვენებლიდან ჩემი ხელები რომ ჩანდეს.
დაბნეულმა და გაოცებულმა მთავარსარდალმა ალექსანდრეს მისი სურვილების ახსნა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
1. საუკეთესო და სახელგანთქმულმა ექიმებმა უნდა წაიღონ ჩემი ჩასასვენებელი, რათა ყველამ დაინახოს, რომ სიკვდილის წინაშე ყველაზე კარგი ექიმებიც კი უძლურნი არიან.
2. ჩემს მიერ მოპოვებული განძი და ძვირფასეულობა ძირს მიმოფანტეთ _ მინდა ყველამ დაინახოს, რომ ყველაფერი, რასაც ამქვეყნად ვიძენთ, აქვე რჩება.
3. მინდა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს ჩემი ხელები, რათა ყველა მიხვდეს, რომ მბრძანებელიც კი მთელი ქვეყნისა იმ ქვეყნად ცარიელი წავიდა.
"თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა."
გოდერძი ჩოხელი
"გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.“
ოტია იოსელიანი

Wednesday, 3 August 2016

ფილმები,რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1.ეშმაკს აცვია პრადა

ანდრეა ერთი პროვინციელი გოგონაა, რომელიც ოცნებობს ჟურნალისტი გახდეს. უნივერსიტეტის დამთავრების მერე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდების ჟურნალში რედაქტორის მირანდას თანაშემწედ იწყებს მუშაობას. ანდრეა ყოველთვის ოცნებობდა ასეთ სამუშაოზე, მაგრამ მან არ იცოდა რის გამოვლა მოელოდა წინ...

2.თავისუფლების მწერლები
ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90_იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მათ სწავლისადმი ინტერესი გაუჩინოს.

Tuesday, 2 August 2016

გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილზე ფიქრისას უფრო და უფრო მკვიდრდება ჩემში ერთი აზრი, რომელიც შეეხება ქართულ ხასიათს, ჩვენი ეროვნული ფსიქიკის ერთ თავისებურებას.
ხშირად დასმულა კითხვა: რა არის ქართველი კაცისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება, რა არის ეს ძირითადი თავისებურება, რომელიც ისტორიულად მოსდგამს ჩვენს ერს და განსაზღვრავს მის ინდივიდუალურ პროფილს? პასუხს იძლევა დაკვირვება რჩეული ქართველი ადამიანების ბიოგრაფიისა, მათი ბედისა, მათი აღსასრულისა. ზოგან აშკარად, ზოგან კი უაღრესად ფარულად ჩანს, რომ ეს თვისებაა მოყვასისათვის თავგანწირვა, მსხვერპლი, საკუთარი სიცოცხლის არად ჩაგდება მოყვასის საკეთილდღეოდ. ჩვენი ისტორიის დიდი გმირები: ვახტანგ გორგასლანი, დავით და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები, დავით აღმაშენებელი, თამარი, დიმიტრი თავდადებული, ცოტნე დადიანი, იოთამ ზედგინიძე, ცხრა ძმა ხერხეულიძეები, თევდორე მღვდელი, ლუარსაბ მეფე, სვიმონ მეფე, ქეთევან წამებული, სამასი არაგველი, ილია ჭავჭავაძე და სხვანი მრავალნი დიდმოწამენი და წმინდანნი გვიდასტურებენ ამას საოცარი სიცხადით. განსაცვიფრებელია, რომ ამ გალერეას ზედ ერთვიან უცხოელნიც, რომლებშიც საქართველომ აღზარდა ეს გრძნობა. ესენი არიან: წმ. შუშანიკი, წმ. რაჟდენი, ევსტათე მცხეთელი, აბო ტფილელი...*
ქართულ ენაში არის ერთი გასაოცარი სიტყვა, რომელიც ნათელყოფს, თუ რამდენად ორგანულია ეს შტრიხი ქართველი ერისათვის. ეს არის სიტყვა "გენაცვალე". აგრეთვე გამოთქმა "შენი ჭირიმე", რომელ ენას გააჩნია მსგავსი სიტყვები? არც ერთს (აქვე დასვძენ, რომ მზადა ვარ აზრი შევიცვალო, თუ რაიმე კორექტივს მომაწოდებენ ლინგვისტები).
მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო, და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა. ამიტომაც აისახა იგი ასეთი შეუდარებელი ძალით ქართულ ლიტერატურაში. განა ამას არ გვიმოწმებს "ვეფხისტყაოსანი"? სად არსებობს უფრო გრანდიოზული აპოლოგია მოყვასისათვის თავგანწირვისა? განა ამასვე არ გვიმოწმებს დანარჩენი ქართული ლიტერატურა? გავიხსენოთ ჩვენი კლასიკოსების გმირები, რა თვისება აერთიანებთ მათ ყველაზე მეტად?
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ნაციონალური ხასიათის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი აძლევს ტონს ლიტერატურასაც. ასე, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება გავარჩიოთ "ნამდვილი" და "არანამდვილი" ლიტერატურა. ნამდვილი ლიტერატურა ნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე ღრმავდება და იზრდება ზოგადკაცობრიულისაკენ. ყალბი ლიტერატურა კი ფსევდოზოგადკაცობრიულიდან გზას ვეღარ იკვლევს ვეღარც ნაციონალური ნიადაგისაკენ და ამდენად, უნიადაგო და უსუსური რჩება ყველა სფეროში. ნამდვილი ქართული ლიტერატურა ცურტაველიდან დღემდის ჩვენი ეროვნული ხასიათის ზემოხსენებული ასპექტით დანახვაა, ამიტომაც ეგზომ შინაგანად ორგანული იყო ქრისტიანობა ქართველი ერისთვის. ქართველი ადამიანი დოგმების სისტემატური ჩიჩინის გარეშე ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევენგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას, მისთვის უცხო იყო რაიმე უკიდურესობების გამოვლინება, ფანატიზმი, ან წმინდანობის ნიღაბი, რომლებიც მხოლოდ იქ იჩენს თავს, სადაც რწმენის ნაკლებობაა, ან ქვეცნობიერი დაეჭვება. ნიღაბი იქ ხდება საჭირო, სადაც სახე არ არის. ამიტომაც არა გვაქვს ქართულ ენაში სიტყვა „Hypocrite“, „ხანჟა“. სიტყვა "მოწმინდანო" ხელოვნურადაა შექმნილი. „ხანჟობა" როგორც ასეთი უცხო იყო იმ ერისთვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოშვა ათი ათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორცილება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში.
ამ ფაქტის ვერგაგებას ემყარება რუსთაველის ქრისტიანობის უარყოფაც. ქრისტიანული ლიტერატურის უცილობელ ატრიბუტად ზოგიერთს მიაჩნია დიდაქტიური ქადაგება დოგმებისა. რუსთაველის პოემაში ქრისტიანობა შინაგანი, ცხოვრებისეული მამოძრავებელი ძალაა. იგი იმდენად ორგანულია ავტორისათვისაც და მისი გმირებისთვისაც, რომ არ საჭიროებს მათის მხრივ დოგმების შესახებ თეორეტიზებას. იგი მათ სისხლშია, მათ ძარღვებში, მათ სუნთქვაში. გალაქტიონმა თქვა: „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული“. რუსთაველი კი უთუოდ დასძენდა „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქრისტიანული."
სიტყვა „ხანჟა“-ს უქონლობა კიდევ ერთი ფაქტორით არის განპირობებული. "ხანჟობა" იქ იჩენს თავს, სადაც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა არ არის. ქრისტიანული იდეალი კი მხოლოდ იქ ხორციელდება მთელი სისრულით, სადაც პიროვნების სრული თავისუფალებაა, სადაც ადამიანი თავისუფალი ნებით ეუბნება "ჰოს" სულიერ სამყაროს, სადაც იდიალის სამსახური იძულებით თავზე მოხვეული უღელი როდია, არამედ პიროვნების ორგანული მოთხოვნილება, მისი ერთადერთი გზა (აქ გავიხსენოთ დოსტოევსკის „დიდი ინკვიზიტორი“). ევენგელური დევიზი: „ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ უნდა გადაიქცეს არა მარტო ცხოვრებისეულ კრედოდ, არამედ თავად ცხოვრებად.
რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. სად არიან ჩვენში მოწმენი უზენაესი ჭეშმარიტების სიყვარულისა? ესენი არიან გელათის აკადემიის აწ დახავსებული კედლები, ეს გახლავთ იყალთოს კიპარისების მისტიური სიჩუმე. სად არიან მოწმენი მოყვასისათვის თავგანწირვისა? ესენი გახლავთ ველები ანისისა, დიდგორისა, ბასიანისა, მანციკერტისა, მარაბდისა, კრწანისისა.
ახლა კი პირველთქმულს მივუბრუნდეთ. გურამ რჩეულიშვილის ტრაგიკულმა აღსასრულმა აღმიძრა ამგვარი ფიქრები ქართველი ადამიანის ხასიათთან დაკავშირებით. იგი დაუფიქრებლად გადაეშვა აბობოქრებულ ზღვაში რუსი ჭაბუკის გადასარჩენად. ის ჭაბუკი შემდეგ ვერტფრენმა ამოიყვანა, გურამი კი დაიხრჩო...
უნებლიედ გვახსენდებიან სხვა ახლახან დაღუპული ქართველი ალპინისტები, განა მათი დაღუპვის მიზეზი მათი მდარე ოსტატობა იყო? არა, ეს გახლდათ სიმამაცე მოყვასისათვის თავგანწირვაში. ასეთები იყვნენ თემურ კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი... მათი სახელის ხსენებისას უთუოდ გაგახსენდებათ დიდი რუსთაველი:
„მე იგი ვარ, ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“.
ეს სიტყვები უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს!
გურამ რჩეულიშვილის მთელს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირეულ მახასიათებელს. რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე - ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიღოთ მითიური ტიტანი ერის სულის პერსონიფიკაციად?
ჩვენი დროის ნაკლი ის გახლავთ, რომ მითოლოგიას ორგანულად აღარ განვიცდით.
მითის სამყარო მრავალთათვის ხელოვნური, ცხოვრებისეულ რეალობას მოწყვეტილი სამყაროა, სინამდვილეში კი მითის ცოცხალი განცდის დაკარგვა უკიდურესი გაფილისტერებაა ადამიანისა, ესაა თანამედროვე ინტელექტუალური ცხოვრების კრიზისისა და გაბერწების უმთავრესი მიზეზი. მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას.
კიდევ ერთი სისუსტე გვჩვევია ადამიანებს: როდესაც ჩვენს გვერდით უჩვეულო ადამიანი დადის, ჩვენ მუდამ მისი „ჩვეულებრივი" შტრიხების ძებნითა ვართ გართული, ხოლო ყოველივე ის, რაც გვეუცხოება მასში, გვსურს „უცნაურობის," „ორიგინალობის თამაშს" "ან პოზას" მივაწეროთ. თუმც ერთი რამ გვათავისუფლებს ხოლმე ამგვარი ფილისტერული ახლომხედველობისაგან: ეს არის სიკვდილი ამ ადამიანისა. პირუკუ, სიკვდილი ხშირად მეორე უკიდურესობაშიც კი გვაგდებს ხოლმე.
--------
* ამას წინათ „ვფხისტყაოსნის“ მონღოლი მთარგმნელი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მან ბავშვი გადაარჩინა და თავად დაიღუპა. რაოდენ სიმბოლურია ეს ამბავი, განა არ ადასტურებს ეს ჩვენი დებულების სისწორეს საოცარი სიცხადით.
ზვიად გამსახურდია

ლადო ასათიანი


რამდენიმე მწერალთან ერთად, სურათი გადავიღეთ "ახალწვეულებთან". ჩვენ რა ვიცოდით და, თურმე უდიდესი გრიგალის კარიბჭესთან ვიდექით. ავადმყოფობის გამო ლადო ადრე დაბრუნდა. მირზას კი, თურმე, თბილისის ზეცის ხილვა აღარ ეწერა. სამაგიეროდ, შინმოუსვლელ მირზას ლადომ ერთი წლით დაასწრო ამ ქვეყნიდან წასვლა.
ისინი ჩვენთვის მართლაც "ჭაბუკები დარჩნენ მარად" და სიცოცხლეს განაგრძობენ, როგორც სამშობლოსა და ქართული პოეზიისათვის თავშეწირული რაინდები.
"
28.XI.1965
საღამო თბილისში. საავადმყოფო.
/გაბრიელ ჯაბუშანური/

„ბუნებით მეტად პატიოსანს ტყუილის თქმა არ შეეძლო. მაგრამ ისწავლა პირმოთნეობა და ეშმაკობა. ხალხთან მუდამ სამართლიანი და პირდაპირი, მთელ ნიჭს იმაში იყენებდა, რომ მტრების ხრიკები მათივე წინააღმდეგ გამოეყენებინა. ზოგჯერ ადამიანი ერთ დღეში ისწავლის იმას, რაც თვეებისა და წლების განმავლობაში ვერ ისწავლა.“
_____________________________
შტეფან ცვაიგი - მარიამ სტიუარტი

„ბუხარი“


მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც,
აქ მიპოვია დღის დასასრული.
მე მიყვარს შენი პატარა სახლის 
სიმყუდროვე და კედლების სუნი.
მე მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ,
ფესვი გადგმული სულში ისეა,
და იქნებ ჩემი სტუმრობა მარტო
ჩვეულება და სინდისია!
შენ ისევ ისე მიხდი მადლობას
და ისევ ისე ამზადებ ჩაის,
(ვინ იცის, თოვლი როდის გადნება და
რა იქნება, ვინ იცის, გაისს).
როგორ ბერდები. როგორ ბერდები,
როგორ გეცვლება ხმა და იერი...
ჩემი გზებით და იმედებით
სულ სხვანაირად ვარ ბადნიერი
.
და მაინც მიყვარს ეს ჩუმი სახლი,
ეს ძვლისძველი დიდი ბუხარი,
შენი ფერმკთალი და წყნარი სახე
ისე ლამაზად არის მწუხარე.
ერთ დროს შენც იყავ ნაზი და ჩვილი,
შენც გერხეოდა ყურზე საყურე...
დადიხარ, ფიქრობ და გეჩვენება,
როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს.
ასეა, როცა გაივლის ქარი,
ტყეშიც ამგვარად დგება ზამთარი.
დრო ,გაფრენილი საოცრად ჩქარა,
შენს თმებში ვერცხლად არის ჩამდნარი.
და მე მგონია, იმიტომ მიშვებ შენთან,
მდუმარე და მწუხრისფერი,
რომ შენს მახლობლად მეც ვიგრძნო შიში
სადღაც მოარულ ჩემი სიბერის.
მე დღეს ბუხარი ვერაფერს მეტყვის,
მე დღეს სურვილებს გრიგალს ვატოლებ,
ის აიშენა მან, ვისაც მეტი
ჰქონდა წუხილი და სიმარტოვე.
გარეთ შრიალებს იანვრის თოვლი,
იძინებს ბაღი ქარით ნარწევი...
ახლა მშვიდობით. მე კიდევ მოვალ
შენი მსმენელი და ხმის გამცემი.
ოთარ ჭილაძე

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...