Sunday 22 May 2016

დიმიტრი ყიფიანი – ცხოვრება და მოღვაწეობა


,,ვინც კი სარწმუნოებას შეურყევლად ადგია, ვისაც გონება ისე აქვს შეზავებული, რომ რამდენიც უნდა საკვირველება საკვირველებას დაჰჰყვეს, არ შეირყევა აღსარება მისი, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლებელი, ყოვლის დამმყარებელი, ძლიერებით ყოვლად გარეშე უწერელი, ყოველ ზომასა და განსაზღვრების გარეშე მყოფი.” – დიმიტრი ყიფიანი.
დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ყველა ქართველისათვის მისაბაძი მაგალითია. მისმა ვაჟკაცურმა და მოწამეობრივმა სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა. ის 1832 წლის შეთქმულების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო.
დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის რაიონის სოფელ მერეთში ქოჩო ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. 3 უფროსი დედმამიშვილი ჰყავდა: ორი და და ძმაქაიხოსრო, რომელმაც ნაადრევად დაობლებული დიმიტრის აღზრდა ითავა. ის მიხაილოვოს (ხაშურის) უბანში რკინიგზაზე მუშაობდა და სურამში ცხოვრობდა. მან თავისთან გადაიყვანა უდედმამოდ დარჩენილი დიმიტრი. ყმაწვილმა სწრაფად ისწავლა წერა-კითხვა, ანგარიში, საღვთო წერილი, ლოცვები დავეფხისტყაოსანი”.
დიმიტრი თავისმა სიძემდის ქმარმა ფიოდოროვმა თბილისში წამოიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. ბეჯითი ჭაბუკი მალე კეთილშობილთა სასწავლებელში გადავიდა. გიმნაზიაში მასთან ერთად სწავლობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ორივეს კი სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა.
1830 წელს დიმიტრიმ გიმნაზია დაამთავრა და თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისის გიმნაზიაში მასწავლებლად გადაიყვანეს. 17 წლის ახალგაზრდა 4 საგანს ასწავლიდაარითმეტიკას, გეოგრაფიას, ქართულ და რუსულ ენებს. პატრიოტი ჭაბუკი ქართველ მამულიშვილებს დაუკავშირდა და 1832 წლის შეთქმულებაში ჩაება. რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო. აქედან საცხოვრებლად ჩრდილოეთ რუსეთში, . ვოლოგდაში გაგზავნეს.
5 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. დიმიტრი მიხვდა, რომ იმ ეტაპზე რუსეთთან სამხედრო ძალით დაპირისპირება შედეგს არ გამოიღებდა და საჭირო იყო მოჩვენებითიერთგულებითსამშობლოსათვის სასარგებლო ქართული საქმის კეთება. მალე ის რუსი მთავარმართებლებისათვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და დიდ თანამდებობებსაც მიაღწია: ვორონცოვის დროს მთავარმართებლის საბჭოს კანცელარიის მმართველი იყო, მურავიოვის დროს _ კანცელარიის დირექტორი, ბარიატინსკიმ თავისი საბჭოს წევრად დანიშნა. ვალერიან გუნიას თქმით, 30 წლის მანძილზე არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე”… ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ , მიუხედავად ყველაფრისა, პენსიაში გასული დიმიტრი ისეთივე ღარიბ აზნაურად დარჩენილა, როგორც სამსახურის დაწყებისას იყო. მან სახელმწიფო სამსახური სპეციალურად მიატოვა და სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის სამემკვიდრეო და სამეურვეო საქმეების მოგვარებას შეუდგა. მან ,,სახასომიწების მთავრის საკუთრებაში დატოვება შეძლო და ამით მეფის რუსეთს ჩაუშალა ავი განზრახვა _ მიწაზე რუსი კოლონისტების ჩამოსახლება.
1840 წელს შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინატფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება”, რის საფუძველზეც თბილისში პირველი წიგნსაცავი დაარსდა.
დიმიტრი ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობამ ორჯერ აირჩია სათავადაზნაურო გიმნაზიის საპატიო მზრუნველად. აქტიური მონაწილეობა მიიღო ბატონყმობის გაუქმების საქმეში.
1845 წელს დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ქალი, ნინო შეირთო ცოლად. ნინო წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დარჩათ სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.
1864 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1876 წელს კი ქალაქის თავიც (მერი) გახდა. დიდი ამაგი დასდო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბებას. 1879 წელს სხვა მოღვაწეებთან (ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.) ერთად ჩამოაყალიბაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება,” რომლის თავმჯდომარედაც იგი ერთხმად აირჩიეს. ესენისულ ყიფიანის სიმხნევით, მისის სისხლით და ოფლით არიან დაარსებულნი, ფესვებმოდებული და წელში გამაგრებულნი” (ვალერიან გუნია) .
დიმიტრი ყიფიანს კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა ერის წინსვლის საქმეში: “სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზეაღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამობასთან მიახლოებისაგანათლება ყველას გვათანასწორებს(დიმიტრი ყიფიანი).
რუსეთში ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ (1881) განაპირა მხარეების კოლონიზაცია დაიწყო. საქართველოში მეფისნაცვლობა გაუქმდა და მთავარმართებლობა იქნა შემოღებული. აიკრძალა სიტყვა საქართველოს ხმარებაც კი. მთავარმართებლად კი დაინიშნა დონდუკოვ-კორსაკოვი, რომელმაც გარშემო ქართველთმოძულე პიროვნებები შემოიკრიბარუსი ეგზარქოსი პავლე, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი, სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი და სხვ. სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა. იანოვსკიმ ქართული ენის სკოლებიდან საერთოდ განდევნა მოინდომა, რის წინააღმდეგაც ყიფიანმა მკაცრად გაილაშქრა. მან იანოვსკისა და რუს ეგზარქოსს პავლეს წერილები გაუგზავნა: თუ ამას ვერ დაფიქრებიხართ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ქადაგებასა, ქართველობა ჰგმეთ და ქართული ენა დაივიწყეთო, მე გეტყვითმერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი, რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ ნინო მოციქულთ თანასწორი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც მწერლობდნენ შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულმდებელნი, როგორც ვახტანგიჩინგიზ ხანმა, ლანგთემურმა, შაჰაბაზმა, ნადირშაჰმა ვერ შემუსრეს ჩვენი ხალხოსნობა და ახლა თქვენ გინდათ შემუსრნათ. იანოვსკის ათასწილად უჯობს ისევ ამ აზრის შემუსვრა მოახერხოს…”
1885 წელს ყიფიანი დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად) აირჩიეს. ის საქართველოში ჩამოსულ ყოფილ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს დონდუკოვ-კორსაკოვისთვის ნიშნის მოსაგებად თბილად დახვდა და უამბო ყველაფერი იმ უმსგავსობაზე, რასაც ახალი მთავარმართებელი და მისი თანაშემწეები ჩადიოდნენ. რომანოვი ისე გამგზავრებულა რუსეთში, რომ კორსაკოვს არც კი შეხვედრია. დიმიტრიმ კი მასთან საუბრების შინაარსი წერილობით გაავრცელა.
კორსაკოვმა ყიფიანი წერილობით დააბეზღა რუსთა იმპერატორთან, რომელმაც დიმიტრი სპეციალური წერილით გაკიცხა.
რუსი ბიუროკრატები თანდათან აძლიერებდნენ ქართულ ეროვნულ დაწესებულებათა დევნასა და შევიწროებას. ამ მხრივ თავი გამოიჩინა სასულიერო სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა პავლე ჩუდეცკიმ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით, გარყვნილებითა და ქართველთა მიმართ განსაკუთრებული ზიზღით. მან გაუთავებელი დაკითხვებისა და შემოწმებების შემდეგ სემინარიიდან გარიცხა სტუდენტი სოსო ლაღიაშვილი. 1886 წლის 24 მაისს ლაღიაშვილი კაბინეტში შეუვარდა ჩუდეცკის და ხანჯლით მოკლა.
სტუდენტი შეიპყრეს და ციმბირის კატორღაში გაგზავნეს, საიდანაც ჯერ იაპონიაში, მერე კი ამერიკაში გაიქცა.
ჩუდეცკის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დაწყევლა არა მარტო ლაღიაშვილი, არამედ მთელი ქართველი ერი. ამ ფაქტმა უზარმაზარი რისხვა და პროტესტი გამოიწვია ქართველობაში. პირველმა ხმა დიმიტრი ყიფიანმა აიმაღლა. 1886 წლის 8 ივნისს ხაშურიდან მკაცრი წერილი გაუგზავნა ეგზარქოსს: “…თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან…” კორსაკოვი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მან დაუყოვნებლივ გაგზავნა წერილი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყიფიანის საქართველოდან გასახლება მოითხოვა, როგორც რუსეთისათვის უაღრესად საშიში პიროვნებისა. პეტერბურგში კვლავ მხარი დაუჭირეს მთავარმართებლის მოთხოვნას და დიმიტრი ყიფიანს იმპერატორმა ალექსანდრე III- სტავროპოლში გადასახლება მიუსაჯა.
1886 წლის ზაფხულში ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც რამდენიმე წლით ადრე ანალოგიურ სასჯელს იხდიდა ნიკო ნიკოლაძე. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრის დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა. თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. ,,ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიესიმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს, – წერდა აკაკი წერეთელი.
რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანის შემოქმედებას, მან ლიტერატურული მოღვაწეობა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა ,,რომეო და ჯულიეტა” (გამოქვეყნდა ,,ცისკარში” 1896) . 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი . ერისთავის ,,გაყრა,” 1857 წლიდან თანამშრომლობდაცისკარში”. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს,მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები. 1882 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნაახალი ქართული გრამატიკა”. ყიფიანს ეკუთვნის ლექსიპასუხი ვახტანგ ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსზე _ “ძველი მეგობრობის პასუხი” (გაზეთიდროება”, 1883, ფსევდონიმითბაქარ ქართლელი”) . აგრეთვემემუარები რუსულ ენაზე (1884-1885წწ.).
ყიფიანის მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. მისი დაკრძალვა მთავრობის საწინააღმდეგო უზარმაზარ დემონსტრაციად იქცა. 8 ნოემბერს ყიფიანის გვამი თბილისში ჩამოასვენეს. დაკრძალვას ხელმძღვანელობდა ვალერიან გუნია, ხოლო გამსვენებელი სასულიერო პირი იყო ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე. სამგლოვიარო ცერემონიალს მიჰყვებოდნენ ილია და აკაკი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.
საქართველოს სამხედრო გზით შემოსვენებული მიცვალებული რუსთაველის პროსპექტზე, სასახლის წინ უნდა გაეტარებინათ, აევლოთ სოლოლაკი და აესვენებინათ მთაწმინდაზე. მთავარმართებელმა პოლიცმეისტერებს უბრძანა, სამგლოვიარო პროცესიას სასახლის წინ გავლის უფლება არ მისცეთო. ამიტომ როგორც კი პროცესია ვაჟთა გიმნაზიას (დღევანდელ პირველ გიმნაზიას) გაუსწორდა, წინ პოლიცმეისტერების წარმომადგენლები გადაეღობნენ და შეაჩერეს. ვალერიან გუნიამ მიზეზი იკითხა. მთავარმართებლის ბრძანებააო, – მიუგეს. მაშინ გუნიამ ეპისკოპოს ალექსანდრეს მოახსენა საქმის ვითარება.
აქ ბატონ-პატრონი მე ვარ და არა მთავარმართებელი. აბა, გამომყევით, ვნახოთ, ვინ დაგვიდგება წინ! _ ხმამაღლა მიმართა ხალხს ეპისკოპოსმა და პროცესიამ გზა განაგრძო. ქუთაისიდან ჩამოსულებს სულ ხმლებზე ეკიდათ ხელი. ასე ჩაუარეს სასახლეს და მათი შეჩერება მართლაც ვერავინ გაბედა. ავიდნენ მამადავითზე და მიაბარეს მიწას ნეშტიმეორე დიმიტრი თავდადებულისა,” როგორც მას აკაკიმ უწოდა.
1899 წელს მის საფლავზე ძეგლი გაიხსნა. დიმიტრი ყიფიანის მეუღლე დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ ქვიშხეთში გადავიდა საცხოვრებლად. დღესდღეობით, ქვიშხეთის ყიფიანისეულ სახლში მისი სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი, რომელიც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...