Friday, 14 April 2017

აკაკი ბაქრაძის მოგონება

1978 წლის მარტ-აპრილის მოვლენების შესახებ. აკაკი ბაქრაძე, ტომი IV, გვ. 453-471. თბილისი 2005

1978 წლის 23 მარტს, ხუთშაბათ დღეს, საქართველოს კპ ცკ-ში პროპაგანდის განყოფილების გამგემ გიორგი ბედინეიშვილმა თათბირი ჩაატარა. თათბირს კულტურის განყოფილების გამგე ალექსანდრე ალექსიძეც ესწრებოდა. მიწევულნი იყვნენ შემოქმედებითი კავშირების მდივნები, კულტურის სხვადასხვა დაწესებულებათა დირექტორები და პარტკომები. თათბირს პროპაგანდის გამგემ მოახსენა:
− ხვალ, 24 მარტს, პრესაში გამოქვეყნდება საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტი. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მის განხილვას. რაც შეიძლება, მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს იგი. ახალი კონსტიტუცია არსებითად იგივეა, რაც ძველი, მაგრამ არის ერთი ცვლილება: ამოღებულია მუხლი, სადაც ეწერა − საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული − და მის მაგიერ შეტანილია 75-ე მუხლი, რომელიც ამგვარად გახლავთ ჩამოყალიბებული და გ. ბედინეიშვილმა წაიკითხა 75-ე მუხლი: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველჰყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის.
საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს.
რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“ (საქართველოს სს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი დაბეჭდილია 1978 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტში“).
როცა ამ მუხლის კითხვა დამთავრდა, დარბაზში უკმაყოფილების ჩურჩული გაისმა. ჯანსუღ ჩარკვიანმა პროპაგანდის გამგეს კითხვა მისცა: − რამ, რა აუცილებლობამ გამოიწვია მუხლის შეცვლა? გ. ბედინეიშვილმა მიუგო: − ძველ, 1936 წლის კონსტიტუციებში, მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს ჩაუწერეს, რომ ამ ქვეყნებში, შესაბამისად, ქართული და სომხურია სახელმწიფო ენები. სხვა მოკავშირე რესპუბლიკათა კონსტიტუციებში არ ყოფილა მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. ამიტომ ყველა რესპუბლიკა ერთიან მდგომარეობაში რომ იყოს, გადაწყვიტეს 76-ე მუხლი, სადაც სახელმწიფო ენაზეა ლაპარაკი, ამოეღოთ. ჩაწერეს 75-ე მუხლი. ისიც უნდა გითხრათ, რომ, გარდა საქართველოსა და სომხეთისა, 75-ე მუხლი არ არის არცერთი მოკავშირე რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ამით სკკპ-ის ცკ-მა ღრმა პატივისცემა გამოამჟღავნა ქართული და სომხური ენების მიმართ.
როცა პროპაგანდის განყოფილების გამგემ პასუხი დაამთავრა, სიტყვა ვითხოვე და ვთქვი: − ამგვარ ცვლილებას ქართველი საზოგადოება დადებითად არ შეხვდება. ჩვენი ხალხი არ დაუშვებს ქართული ენის კონსტიტუციურ შეურაცხყოფას. ამან შეიძლება ძალიან ცუდი ნაყოფი გამოიღოს. ამიტომ, უმჯობესია, აღვადგინოთ ის, რაც ეწერა ძველ კონსტიტუციაში და ამოვიღოთ ეს საეჭვო 75-ე მუხლი.
რატომღაც ჩემმა სიტყვებმა გაანაწყენა გ. ბედინეიშვილი და მკაცრად მიპასუხა: − ამ პროექტს შენზე არანაკლებ განათლებული და საქმეში ჩახედული ადამიანები წერდნენ. არც შენზე ნაკლები პატრიოტია აქ ვინმე. მეც გავღიზიანდი და შევეპასუხე: − გიორგი, ჩვენ ძველი ამხანაგები ვართ და კარგად იცი, რომ არც განათლებულობაში ვეჯიბრები ვინმეს და არც პატრიოტობაში. მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ 75-ე მუხლი თაღლითური მუხლია და არავინ მოტყუვდება. მისი ნამდვილი აზრი ჩვენც კარგად გვესმის და მას ხალხიც ჩინებულად გაიგებს. არაფრით არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციაში არ ეწეროს − საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. ეს მუხლი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციაში.
დარბაზში ვითარება დაიძაბა. მაშინ გიორგი ნატროშვილმა ითხოვა: − აქ მოწვეულთაგან კონსტიტუციის პროექტი არავის წაუკითხავს. თქვენ მხოლოდ ერთი ცვლილება გაგვაცანით, სხვა რა წერია და როგორ, არ ვიცით. ამიტომ გთხოვთ, ჯერ ნუ გამოაქვეყნებთ პროექტს. მოგვეცით საშუალება, წავიკითხოთ, ღრმად გავეცნოთ, მოგახსენოთ ჩვენი აზრი. მოისმინეთ იგი. აწონ-დაწონეთ და ამის შემდეგ გამოაქვეყნეთ პროექტი.
− რუსულ ტექსტში არაფრის შეცვლა არ შეიძლება, − უპასუხა გ. ნატროშვილს პროპაგანდის განყოფილების გამგემ, − ქართული თარგმანი კი, ბატონო, დახვეწეთ, დაამუშავეთ, გააშალაშინეთ, არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო, − და თათბირი დახურულად გამოცხადდა.
მეორე დღეს, 24 მარტს, გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. იმავე დღეს საქართველოს კპ ცკ-ის სხდომათა დარბაზში დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა: რაიკომის მდივნები, მინისტრები, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები, შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ედუარდ შევარდნაძე, ვიქტორია სირაძე, სოლიკო ხაბეიშვილი, გიორგი ბედინეიშვილი, ჟიული შარტავა. საერთო ინფორმაცია ედ. შევარდნაძემ მიაწოდა შეკრებილ საზოგადოებას. ს. ხაბეიშვილმა და გ. ბედინეიშვილმა კი ილაპარაკეს იმაზე, რომ აუცილებელია, კონსტიტუციის პროექტის განხილვა ჩატარდეს ერთსულოვნებისა და საზეიმო ვითარებაში.
როცა ოფიციალურ პირთა გამოსვლები დამთავრდა, ედ. შევარდნაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა − რას იტყვითო. დარბაზი დადუმდა. ეტყობოდა, საკუთარი ინიციატივით ლაპარაკის დაწყებას არავინ აპირებდა. მაშინ საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი თავად მიუბრუნდა კრების მონაწილეებსა და კითხვები დაუსვა. პირველად განათლების მინისტრს − ოთარ ქინქლაძეს ჰკითხა: როგორ არისო საქმე განათლების სამინისტროში? ოთარმა უპასუხა: − განათლების სამინისტრო მზად არის კონსტიტუციის პროექტის განსახილველად. ვფიქრობ, მხარდაჭერაც ერთსულოვანი იქნებაო.
ოთარ ქინქლაძის შემდეგ, ედ. შევარდნაძე საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანს − ნელი გურგენიძეს მიუბრუნდა. მასაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც განათლების მინისტრს. ნ. გურგენიძის პასუხიც დადებითი იყო. კრების მესამე მონაწილე, ვისაც ედ. შევარდნაძემ კითხვით მიმართა, გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩხიკვიშვილი.
დავით ჩხიკვიშვილი: ავად ვიყავი და უნივერსიტეტში დღეს მივედი. ამდენად სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვამ კარგად ჩაიაროს. თუმცა გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უკვე შემატყობინეს, რომ როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა შორის არის უკმაყოფილება.
ედ. შევარდნაძე: მაინც რით?
დ. ჩხიკვიშვილი: განსაკუთრებით 75-ე მუხლით, სადაც ენაზეა ლაპარაკი.
ედ. შევარდნაძე: რას ამბობენ, რატომ არ მოსწონთ?
დ. ჩხიკვიშვილი: კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. როგორც გითხარით, ავადმყოფობის შემდეგ, დღეს პირველად მივედი უნივერსიტეტში. ვითარებას ზუსტად გავეცნობი და მოგახსენებთ.
ედ. შევარდნაძე: პირადად თქვენ რა აზრის ხართ, მოგწონთ თუ არა 75-ე მუხლი?
დ. ჩხიკვიშვილი გაჩუმდა. არც ჰო უპასუხა და არც არა.
ედ. შევარდნაძემ საყვედურით შენიშნა: − თუ თქვენ არ გაქვთ შემუშავებული საკუთარი აზრი, მაშინ, ცხადია, ვერ უხელმძღვანელებთ უნივერსიტეტში კონსტიტუციის პროექტის განხილვას, _ და ისევ შეკრებილთ მიმართა, − კიდევ ვის სურს სიტყვა?
მე ვითხოვე სიტყვა და ვთქვი:
− პირველად ახალი კონსტიტუციის შესახებ გუშინ მოვისმინე თათბირზე. დღეს დილით უკვე გაზეთშიც წავიკითხე პროექტი. გუშინაც ვთქვი და დღესაც უნდა გავიმეორო _ არ მომწონს და არ ვეთანხმები 75-ე მუხლს. ისიც უნდა გითხრათ: წეღან აქ რომ ზოგიერთი შეუგნებელი ახსენეს, რომელსაც არ ესმის ამ კონსტიტუციის მნიშვნელობა, მე ვარ.
ედ. შევარდნაძე: მაინც კონკრეტულად რა არ მოგწონთ?
მე: მთელი მუხლი. პირველი სტრიქონიდან ბოლო სტრიქონამდე. მე მიმაჩნია, რომ ენის შესახებ კარგად არის ნათქვამი დღესდღეობით მოქმედ კონსტიტუციაში − საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული. მას შეცვლა არ სჭირდება. 75-ე მუხლი კი დამამცირებელი ქვეტექსტის მატარებელია.
ვ. სირაძე: რატომ კითხულობთ კონსტიტუციას ქვეტექსტებით?
მე: ყოველი ტექსტი, მათ შორის კონსტიტუციისაც, ქვეტექსტის მატარებელია. ყველა შეგნებული მკითხველი მოვალეა, წაიკითხოს ეს ქვეტექსტი.
ედ. შევარდნაძე: კრიტიკოსის პოზიციიდან ნუ გველაპარაკებით.
მე: კრიტიკოსობა არაფერ შუაშია. უბრალოდ ვცდილობ, მკაფიოდ გამოვთქვა აზრი. ხომ ცხადია, მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, არავინ მოსკოვში არ ამოიღებდა ძველი კონსტიტუციიდან მუხლს, სადაც ქართველი ენის სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი და არ ჩაწერდა ახალ 75-ე მუხლს. მაშასადამე, არსებობს ჩანაფიქრი, რაც ქართული ენის წინააღმდეგ არის მიმართული.
(როცა ეს საუბარი მიმდინარეობდა, კრების პრეზიდიუმიდან მესმოდა ხმები − ვინ ყოფილა ეს, რა უკუღმართი აზროვნება ჰქონია).
ედ. შევარდნაძე: ჩამოაყალიბეთ ეს მუხლი თქვენ და, სიტყვას გაძლევთ, ისე შევიტანთ კონსტიტუციაში.
მე: ვფიქრობ, არაფერია ჩამოსაყალიბებელი. უბრალოდ ძველი კონსტიტუციიდან ახალ კონსტიტუციაში უნდა გადმოვიტანოთ მუხლი, სადაც ნათქვამია: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. აზრი ჩამოყალიბებულია სხარტად და მკაფიოდ. მას არც შეცვლა სჭირდება და არც გასწორება.
ედ. შევარდნაძე: ეს შეუძლებელია.
მე: თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა ჩვენთაგანისათვის გასაგებია: ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას. ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისად.
სიტყვა რომ დავამთავრე და ტრიბუნიდან ჩამოვედი, დარბაზი გააქტიურდა. ზედიზედ გამოვიდნენ კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, მხატვართა, კომპოზიტორთა, მწერალთა კავშირების, ინსტიტუტების წარმომადგენლები. ისინი აკრიტიკებდნენ ჩემს სიტყვას და ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს კონსტიტუციის პროექტს.
მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა ესეც კი თქვა:
_ არც კი მოველოდი, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი რაიმე აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა, იმდენად ბრძნულად არის იგი შედგენილი. მე გამაკვირვა ბაქრაძის გამოსვლამ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა არის რუსული. უხერხულიც კი არის სახელმწიფო ენად ქართული მოვითხოვოთ. ჩვენ, კონსტიტუციის თანახმად, არავინ გვიკრძალავს ქართულად ლაპარაკს. ეს უდიდესი მიღწევაა. მე ვიცი, მეფის დროს, როგორ გამოუცხადეს მამაჩემს საყვედური იმის გამო, რომ სამსახურში ქართულად დაილაპარაკა. ახლა ეს არ მოხდება, რადგან ქართულად ლაპარაკის უფლება მონიჭებული გვაქვს. ჩვენში უკვე ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის რუსული და სხვა სახელმწიფო ენა არ გვჭირდება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ერთხმად დაუჭერს მხარს ახალი კონსტიტუციის პროექტს.
ორატორთა უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტს უწოდებდა ილია ჭავჭავაძის ოცნების განხორციელებას (ორატორთა გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. დღევანდელ ვითარებაში ეს საჭიროდ არ მიმაჩნია).
იმდენად დიდი იყო ჩემი სიტყვით აღშფოთება, რომ კრების დასასრულს, დასკვნით სიტყვაში, ედ. შევარდნაძემ ჩემი დაცვა მიზანწეწონილად ჩათვალა. კრების მონაწილეებს მიმართა: − აქედან რომ გახვალთ, ბაქრაძე არ ჩაქოლოთ. იგი გულწრფელად ლაპარაკობდა და აქ სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გულახდილად გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის აზრი. შემდეგ განმარტა, რატომ არ შეიძლებოდა, კონსტიტუციაში ქართული ენა მოეხსენებინათ სახელმწიფო ენის სტატუსით. ცნების − სახელმწიფო ენა − წინააღმდეგი, თავის დროზე, ლენინი იყოო. მართალია, იგი რუსული ენის შესახებ ამბობდა ამას, მაგრამ მისი დებულება თანაბრად ეხებაო ყველა ენას. ერთადერთი, რასაც მოსკოვში მივაღწიეთ, ეს 75-ე მუხლია. იგი აღარ შეიცვლებაო.
ამით ეს თათბირი დამთავრდა.
(როცა 1978 წლის 24 მარტის საქართველოს კპ ცკ-ში ჩატარებული კრების სტენოგრაფიული ჩანაწერი გამოქვეყნდება, მკითხველი მკაფიოდ დაინახავს, რომ, მართალია, მოკლედ, შეკუმშულად, მაგრამ სრულიად ობიექტურად გადმოვეცი ის, რაც თათბირზე მოხდა).
მომავალი ამბებისათვის ამ კრებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისში თვალის დახამხამებაში გავრცელდა კრების ამბავი.
დაიწყო საზოგადოებრივი აზრისა და კომუნისტური პროპაგანდის ბრძოლა.
1978 წლის 26 მარტს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული საქართველოს კპ ცკ-ის დადგენილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისაგან მოითხოვდა ერთსულოვნად დაეჭირათ მხარი კონსტიტუციის ახალი პროექტისათვის: „საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მტკიცე რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთხელ კიდევ დაადასტურებს საქართველოს მშრომელთა მონოლითურ შეკავშირებას კომუნისტური პარტიის ლენინური ცენტრალური კომიტეტის, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და მისი მეთაურის − პარტიისა და ხალხის გამოჩენილი შვილის ლ. ი. ბრეჟნევის გარშემო“.
აქტიურად ამოქმედდა პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი. იგი ყველა ღონეს ხმარობდა, ზეგავლენა მოეხდინა ადამიანებზე, დაებნიათ და დაეშინებინათ ისინი.
თანამდებობის მქონე პირებს ემუქრებოდნენ მოხსნით.
აწყობდნენ ნაუცბათევ და სახელდახელო კრებებს. მაგალითად, მწერალთა კავშირში ორჯერ ჩატარდა საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის განხილვა. 1978 წლის 31 მარტს „ლიტერატურული საქართველო“ იუწყებოდა, რომ მწერალთა კავშირმა მოაწყოო კონსტიტუციის პროექტის განხილვა. სიტყვებით გამოვიდნენო მწერლები: ნოდარ დუმბაძე, იონა ვაკელი, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ წულეისკირი, რევაზ ჯაფარიძე. „ლიტერატურული საქართველო“ დასძენდა: „მწერლებმა აღნიშნეს ის საყოველთაო აღმავლობა, რაც კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნებამ გამოიწვია. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებანი და სურვილები“.
არ არის ეს ინფორმაცია სიმართლის მაუწყებელი. ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა მწერალთა კრება. ეს იყო კრება მწერალთა სახლის მომსახურე პერსონალისა. ამ კრებას დაესწრო მხოლოდ რამდენიმე მწერალი, რომელიც იმ დროს შემთხვევით აღმოჩნდა მწერალთა სახლში. მეორეც, მწერლებს არ მოუწონებიათ კონსტიტუციის პროექტი. პირიქით, მწერლების − იონა ვაკელის, მურმან ლებანიძის, ნოდარ წულეისკირის − მძაფრ-კრიტიკული გამოსვლის შედეგად, კრება სასწრაფოდ შეწყვიტეს და არც რაიმე დადგენილება მიუღიათ.
ამის გამო იყო, რომ 12 აპრილს მწერალთა კავშირში ხელმეორედ ჩატარდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა. ვინ არ გამოვიდა მაშინ სიტყვით (გვარებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან აუცილებლად მიმაჩნია ამ კრების სტენოგრაფიული ჩანაწერის გამოქვეყნება. საერთოდ, მეტად მიზანშეწონილია შეგროვდეს ყველა ის სიტყვა, რომელიც ითქვა ენათმეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურის ინსტიტუტებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმში, უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში და გამოიცეს ცალკე წიგნად. ეს ყველაფერი სრულ წარმოდგენას მოგვცემს იმჟამინდელ მამულიშვილურ განწყობილებაზე. იმ შეუპოვრობაზე, რითაც ქართველი საზოგადოება თავის ღირსებას იცავდა). ვერ ვიტყვი იმას, რომ მწერალთა კრებაზე კონსტიტუციის პროექტს მხარდამჭერი არ ჰყავდა. რა თქმა უნდა, ჰყავდა, მაგრამ უმრავლესობა პროექტს საფუძვლიანად აკრიტიკებდა და თვლიდა, რომ იგი, განსაკუთრებით 75-ე მუხლი, ქართველი ხალხის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დოკუმენტი იყო.
მწერალთა კავშირის კრებაზე შექმნილი ატმოსფეროს წარმოსადგენად მოვიტან ნაწყვეტებს ნ. წულეისკირის სიტყვებიდან:
„კონსტიტუციურად გაფორმდა უკანონობა და უსამართლობა, რასაც წლების მანძილზე მისდევდა საქართველოს მთავრობა.
ამით კანონდება ორენოვნება. რატომ ივიწყებენ ლენინს: „რუსულის ძალით დამკვიდრება გაამწვავებს მტრობას“.
ქართველს დღევანდელ საქართველოში ისეთივე უფლება მიეცა, როგორც ემიგრანტებს საფრანგეთში.
ქართველებს საყუდარი არსად აქვთ. ან უნდა იბრძოლონ, ან საკუთარ მიწაში საფლავი გაითხარონ.
ეს ცვლილებები კონსტიტუციაში წინასწარ დასახული პროგრამაა. ესაა ენების დაახლოვების შედეგად ფუძე ენის, რუსული ენის საფუძველზე ერთი ენის შექმნა.
ერები და ენები კაცობრიობის სიმდიდრეა.
ქართველმა მწერალმა უნდა იბრძოლოს. ცალ ხელში ხმალი ეჭიროს, მეორე ხელში – კალამი. თუ ქართველ მწერალს ბრძოლა არ შეუძლია, ტაში მაინც არ უნდა დაუკრას.
ისეთ ვითარებას გვიქმნიან, რომ ვიცრუოთ. ერთი კაცის სიცრუე კიდევ დასაშვებია, ტოტალური − არა. მწერლობამ სიმართლე უნდა თქვას, გინდა ჯვარს აცვან“.
სამწუხაროდ, დასასრულს მწერალთა კავშირის კრება აირია და რაიმე გადაწყვეტილება-დადგენილების მიღება ვერ მოახერხა.
პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი ცდილობდა საზოგადოება დაექსაქსა. იწვევდნენ დაწესებულებათა არა საერთო კრებებს, არამედ განყოფილებების, ლაბორატორიების, კათედრების, საამქროების მიხედვით ცალ-ცალკე. ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას ერთმანეთისათვის მხარი დაეჭირათ.
საქმეში ხშირად ერეოდა სუკ-იც. მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორთა პროტესტი დაიწერა, მას ორმოცი კაცი აწერდა ხელს. ეს წერილი გაიგზავნა საკონსტიტუციო კომისიაში. მაგრამ სტუდენტებს, რომელთაც წერილი მიჰქონდათ, დაეწია უნივერსიტეტის ერთი ლექტორი (სხვათა შორის, ისიც აწერდა ხელს ამ პროტესტს), სუკ-ის თანამშრომლებთან ერთად, და ყმაწვილებს წერილი წაართვეს.
სტუდენტები უფრო ეშმაკურად იქცეოდნენ. ისინი რამდენიმე ეგზემპლარად ადგენდნენ საპროტესტო წერილებს. რექტორატისა და პარტკომის მოთხოვნისამებრ ერთ ეგზემპლარს მათ აბარებდნენ, მეორე კი საკონსტიტუციო კომისიაში მიჰქონდათ. რექტორატსა და პარტკომს რომ ეგონათ, ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არისო, იმ დროს სტუდენტთა საპროტესტო წერილები დასტა-დასტა ეწყობოდა საკონსტიტუციო კომისიაში.
ასევე აკეთებდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.
14 აპრილიც მოვიდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიაც დაიწყო. უნივერსიტეტის ეზოში ზღვა ახალგაზრდობაა თავშეყრილი. მიმდინარეობს ხვეწნა-მუდარა − ჯერ ნუ წახვალთ. დარჩით აუდიტორიებში. იქნებ უმაღლესი საბჭოს სესიამ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თქვენ დაგაკმაყოფილებთ. სტუდენტები დრტვინავენ. მათ არ სჯერათ დაპირებების. არადა, შიშიც ბუნებრივია. თბილისის ქუჩები, შუკები, ფოლორცები საბჭოთა არმიის რაზმებით არის გაჭედილი. ყველგან დგას საომარი ტექნიკა. საკმარისია განკარგულება და გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა ატყდება.
მილიცია (მართალია, არაგულმოდგინედ) ცდილობდა ხალხი მთავრობის სახლისაკენ არ გაეშვა. მართლაც, დაახევინეს უკან უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და საავადმყოფოსაკენ (ე. წ. „სამკურნალო კომბინატისაკენ“).
ასე, პირველის ნახევარი იქნებოდა, საავადმყოფოს წინ უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მწკრივად დაეწყვნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და მთავრობის სასახლისაკენ დაიძრნენ. მათ უკან უთვალავი ადამიანი გამოჰყვა. მოდიოდნენ ისინი და მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების პერპენდიკულარული ქუჩებიდან უერთდებოდა და უერთდებოდა ხალხი. ადამიანებით სავსე და გაჭედილი რუსთაველის პროსპექტი უკვე აპრილის მტკვარს ჰგავდა. ამ ხალხის შეჩერება ჩვეულებრივი ძალით უკვე აღარ შეიძლებოდა.
ხალხის თავზე აღმართული იყო სისხლისფერი ასოებით დაწერილი ტრანსპორანტები − აი, ია! ქართული ენა − სახელმწიფო ენა! ილიასა და აკაკის ენა − სახელმწიფო ენა! დედაენა!
მთავრობის სახლიდან მძლავრი რეპროდუქტორებით გადმოიცემა სესიის სხდომა. სულ ტყუილი ლაპარაკია. სესიაზე მსხდომმა დეპუტატებმაც და ქუჩაში აბობოქრებულმა ხალხმაც ჩინებულად იციან − არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიას. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორი განკარგულებაც მოვა მოსკოვიდან.
თბილისსა და მოსკოვს შორის უწყვეტი სატელეფონო კავშირია. ჯერ არც იქ იციან, როგორ მოიქცნენ: დაუთმონ ქართველ მანიფესტანტებს, უკან დაიხიონ, აღიარონ ქართული ენა სახელმწიფო ენად თუ ცხელი ტყვიით გაუმასპინძლდნენ გათავხედებულებს, თავისი გაიტანონ და ამით მოათავონ საქმე?
ედ. შევარდნაძე ტაატით კითხულობს მოხსენებას. ფეხს ითრევს. მოსკოვის პასუხს ელის. არ უნდა იმის წაკითხვა, რაც მის მოხსენებაში წერია. თუ წაიკითხავს იმას, რაც მოხსენებაში წერია, არავინ უწყის, რას იზამს გამძვინვარებული ხალხი. არადა, რამდენ ხანს უნდა გაჭიანურდეს მოხსენების კითხვა? გარეთ, ქუჩაში, ხალხს მოთმინების ფიალა ევსება. შიგნით, მთავრობის სახლში, დეპუტატების გულის კანკალით ელიან მოსკოვიდან პასუხს.
ჰაერი გაჟღენთილია მოლოდინით: რა მოხდება − განმეორდება 1956 წლის 9 მარტი თუ ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება?
უცბად ჩოჩქოლი ატყდა. მთავრობის სახლიდან გამოვიდა და მანიფესტანტებისაკენ გამოემართა ედუარდ შევარდნაძე თანმხლები პირებით. იგი მანქანასთან გაჩერდა, მიკროფონი აიღო და იკითხა: − გესმით? გესმით? არაფერი ისმოდა. ცალკერძ დემონსტრანტთა გნიასი იდგა, ცალკერძ რეპროდუქტორები ყვიროდნენ.
− გამოთიშეთ რადიო, არაფერი ისმის, − გასცა განკარგულება.
რეპროდუქტორები გაჩერდნენ.
− შვილებო! − მკაფიოდ გაისმა ედ. შევარდნაძის ხმა. იგი შეჩერდა. პაუზა გააკეთა. აქა-იქ უკმაყოფილო ბუზღუნი გაისმა, მაგრამ ხალხი მალე დაწყნარდა და სმენად გადაიქცა. − საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება ქართული სახელმწიფო ენა! – თქვა მან.
ამ სიტყვებს ხალხი „ვაშას“ ყიჟინით შეხვდა.
მოსკოვმა უკან დაიხია, დათმო. რატომ? 1978 წლის 4 მაისს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი ლ. ბრეჟნევი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა ვიზიტად (ჩავიდა კიდეც). თუ მოსკოვი არ დათმობდა, თბილისში სისხლიან სასაკლაოს მოაწყობდა, მაშინ ვიზიტი ჩაიშლებოდა. სისხლში ამოთხვრილ ბრეჟნევს გფრ-ში არავინ შეუშვებდა. ეტყობა, მოსკოვში იმსჯელეს − რა სჯობდა, ვიზიტის ჩაშლა თუ ქართველებისათვის ანგარიშის გაწევა? გონივრული დასკვნა გააკეთეს: თუ ქართველებს დაუთმობდნენ, მოსკოვი ამით არაფერს აგებდა. კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად აღიარებას ფორმალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. პრაქტიკულად მას (ქართულ ენას) ეს ფუნქცია მაინც არ ექნებოდა. თუ ვიზიტი ჩაიშლებოდა, ეს კრემლისათვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნებოდა.
ჩანს, უკანდახევა და დათმობა ამ ვითარებამ განაპირობა. მაგრამ მოსკოვმა მაინც იეშმაკა. სახელმწიფო ენის სტატუსი მარტო ქართულს კი არ მიანიჭა, არამედ − სომხურსაც სომხეთში და აზერბაიჯანულსაც აზერბაიჯანში. ამით მოსკოვმა მთელ სსრკ-ის მოსახლეობას უთხრა − კრემლს ქართველთა ჭირვეულობის არ შეშინებია. უბრალოდ, ამგვარი პოლიტიკა სცნო მიზანშეწონილად ამიერკავკასიაში.
14 აპრილის ვნებათაღელვა ბოლომდე დამცხრალი არ იყო, რომ 29 აპრილს, „პეპოს“ პრემიერის დროს, რუსთაველის თეატრში პროკლამაციები გადმოყარეს. სასკოლო, უჯრებიანი რვეულის ფურცლებზე ბავშვური ხელით ეწერა: თავისუფლება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას!
ერთი ალიაქოთი ატყდა. თეატრი გაივსო სუკ-ისა და საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის თანამშრომლებით. აქეთ-იქით დაწრიალებდნენ. ვერ გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ჯერ თეატრის ყველა გასასვლელის ჩაკეტვა მოინდომეს. როგორც მაყურებელთა, ისე თეატრის პერსონალის გაჩხრეკვა უნდოდათ. მერე მიხვდნენ, რომ ისინი, ვინც პროკლამაციები გადმოყარა, თეატრში უკვე აღარ იქნებოდნენ. წავიდოდნენ. ჩხრეკა კი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებდა ადამიანებს და პროკლამაციასაც მეტ მნიშვნელობას მიანიჭებდა. ჩხრეკაზე უარი თქვეს. სპექტაკლის მერე მაყურებლებმა მშვიდად გასწიეს შინისაკენ. სუკ-ის აგენტები ერთხანს კიდევ დაეძებდნენ რაღაცას. მერე ისინიც გაიკრიფნენ. ინციდენტი არ გაუხმაურებიათ.
ბუნებრივია, იმხანად თეატრისათვის აღარავის ეცალა, აღარც მაყურებელს და აღარც რეჟისორ-მსახიობებს. ყველა, ვინ აქტიურად და ვინ პასიურად, კონსტიტუციის პრობლემებით იყო დაკავებული (თეატრში, კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს, რეჟისორი ნანა ხატისკაცი და მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გამოვიდნენ განსაკუთრებით საყურადღებო სიტყვებით).

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...