ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავსსამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები). ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველიქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს“. სიტყვა „ლომი“ პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით — დავითითაა მოხსენიებული. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს ეძღვნება:
„
|
თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული...
|
“
|
ღვთისა და საქართველოს სამეფოს მმართველთა ქების შემდეგ პოემის ავტორი პროლოგში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. მე-6 და მე-7 სტროფებში უკვე პოემის მთავარი გმირის, ტარიელის სახელია ნახსენები. იმავე მე-7 და შემდეგ სტროფებში კი ავტორი ორჯერ იხსენიებს საკუთარ თავს რუსთველის სახელით:
„
|
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი...მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი...
|
“
|
ამ ყველაფრის შემდეგ რუსთაველი პროლოგში ავითარებს ორ თეორიას შაირობისა და მიჯნურობის შესახებ. შაირობაზე საუბრისას იგი თავიდანვე განსაზღვრავს მის (პოეზიის) არსს და მის ბუნებას; კერძოდ, პოემის მე-12 სტროფის მიხედვით პოეზია სიბრძნის დარგადაა მიჩნეული და მისი შემეცნებითი მნიშვნელობაა ხაზგასმული. პოეტის თქმით, პოეზია „მსმენელისთვის დიდი მარგია“, გარდა ამისა შაირობას რუსთაველი საღმრთო საქმედ მიიჩნევს, რომელსაც საამქვეყნო დანიშნულებაც აქვს.
პოეზიის ბუნებისა და დანიშნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთაველი მის სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“. მოშაირეს თავის საქმეში ისეთივე გაწაფულობა მოეთხოვება, როგორც სპორტის ოსტატს (მობურთალს). ლექსის ყოველი მთხზველი შოთას პოეტად არ მიაჩნია. იგი მელექსეებს თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ჰყოფს სამ კატეგორიად და ამ დახარისხებას იძლევა მე-15, მე-16 და მე-17 სტროფებში. პირველ კატეგორიას რუსთაველი მიაკუთვნებს ერთი-ორი უმსგავსო ლექსის ავტორებს, რომლებსაც, პოეტის თქმით, „მოშაირე არა ჰქვია“. მეორე კატეგორიაში შოთა ათავსებს მელექსეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ძლიერი ემოციური ზეგავლენა მოახდინონ მკითხველზე. ამგვარ პოეტებს რუსთაველი გაუწაფავ ყმაწვილ მონადირეს ადარებს, რომელსაც დიდი მხეცის მონადირება არ შეუძლია. მესამე კატეგორიაში კი პოეტს შეჰყავს მელექსეები, რომელთა ნაწარმოებებიც გასართობად, დროის მოსაკლავად გამოსადეგია. აქ რუსთაველი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას.
ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის თემას უშუალოდ, ლოგიკურად, აზრობრივად ებმის მიჯნურობის თემა. რუსთაველის თქმით, კარგი მელექსე თავის შემოქმედებას ფუჭად კი არ უნდა ფანტავდეს, არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად, სიყვარულის სადიდებლად უნდა იყენებდეს. პოეტი ერთმანეთისაგან მკაცრად ასხვავებს ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ წადილს, სიძვას:
„
|
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?
|
“
|
მოშაირეების მსგავსად შოთა სიყვარულსაც სამ კატეგორიად ყოფს. „პირველი მიჯნურობა“ პროლოგის მიხედით „საზეო საქმეა“, ღვთაებრივი მოვლენაა. მეორეა ამქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი სიყვარული, ადამიანური გრძნობა (რომელსაც შოთა სიძვისაგან მკაცრად მიჯნავს). მიჯნურობის მესამე სახეს, ხორციელ წადილს, სქესობრივი ჟინით გატაცებას პოეტი სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს და დაუფარავად აკრიტიკებს:
„
|
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.
|
“
|
რუსთაველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას — საზეო-საიმქვეყნო სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას (სიძვას) და პროლოგში ხსნის, რომ მისი პოემაამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი მიჯნურისაგან პოეტი მოითხოვს ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც.
პროლოგში პოეტი ამბობს, რომ პოემაში მოთხრობილი ამბავი დასრულდა, პოემისგმირებმა დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაიცვალნენ. პროლოგის პირველ სტროფში კიდევ ერთხელაა მოხსენიებული რუსთაველი (თუმცა, პროლოგის სტროფების დაწერას ტრადიციულად შოთა რუსთაველს არ მიაწერენ). დასასრულში პოეტი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მმართველებს, თამარ მეფესა და დავით სოსლანს. უკანასკნელ სტროფში მოხსენიებულია იმ პერიოდის ნაწარმოებები მათი ავტორებითურთ, მათ შორის დასახელებულია რუსთაველი, ტარიელის მაქებარი. აღსანიშნავია, რომ აქრუსთავლი მესამე პირშია დასახელებული, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ პროლოგის სტროფების ავტორად ზოგჯერ შოთა რუსთაველს არ მიიჩნევენ (ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის ქვეთავი ავტორი, ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).
ძირითადი სიუჟეტი
ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ამბავია მოთხრობილი; ერთია არაბეთის ამბავი, ხოლო მეორე ინდოეთისა. პოემა იწყებაარაბეთის (მეფე როსტევანი, თინათინი და ავთანდილი) ამბით. არაბეთის მეფის, როსტევანის მოხუცებულობის გამო ტახტზე მეფის სურვილით მისი ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი ადის. თინათინსა და სპასპეტ ავთანდილს ერთმანეთი უყვარდებათ. ერთხელ, ნადირობისას მეფე და ავთანდილი წყლის პირას მტირალ უცხო მოყმეს წააწყდებიან, რომელიც ვეფხის ტყავითაა შემოსილი (ვეფხისტყაოსანი). მეფემ მისი გაცნობა მოისურვა, თუმცა უცხო მოყმე გაუჩინარდა. მეფე დანაღვლიანდა. თინათინმა ავთანდილს დაავალა უცხო მოყმის მოძებნა, ავთანდილმა შეასრულა მისი დავალება, იპოვა მოყმე — ტარიელი, მოისმინა მისგან სიყვარულის ტრაგიკული ამბავი, დაუძმობილდა და დახმარება აღუთქვა. მართლაც, ავთანდილმა მიაგნო ტარიელის დაკარგული სატრფოს კვალს და ბოლოსდაბოლოს ძმადნაფიცმა მოყმეებმა — ავთანდილმა, ტარიელმა და ფრიდონმა — იხსნეს ქაჯების მიერ შეპყრობილი ნესტანი, ტარიელის სატრფო.
მეორე ამბავი არის ის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ტარიელმა ავთანდილს უამბო. ინდოეთის ამირბარსა და ინდოეთის მეფის ასულს, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ერთმანეთი შეუყვარდათ. მშობლები ქალის სხვაზე მითხოვებას აპირებდნენ. ნესტანის რჩევით ტარიელმა სასიძო მოკლა. მეფესა და ამირბარს შორის შეიქმნა კონფლიქტი. ნესტანი უმაგალითოდ დასაჯეს — ზღვის შორეულ სივრცეში გადასაკარგავად გაატანეს მონა-ზანგებს. ტარიელი უშედეგოდ ეძებდა თავის სატრფოს, თუმცა იმედგაცრუებული ბოლოს გაშორდა საზოგადოებას და უდაბნოში, გამოქვაბულში დასახლდა ნესტანის აღმზრდელ ერთგულ ასმათთან ერთად. ეს ისტორია სიუჟეტის თანმიმდევრობაში ჩართულია იმ ადგილას, სადაც ავთანდილი იპოვნის ტარიელს და ტარიელი მას თავის ამბავს უამბობს.
No comments:
Post a Comment