Saturday, 23 July 2016

პაოლო იაშვილის წერილი ელენე დარიანს

,,ელლი! ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი, ნამდვილი ცრემლი. იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა. შენი წერილის კითხვისას მომეჩვენა, რომ შენი გულის იმედი დაჭიმულია ვიოლონჩელზე და მაგიური ხელით შეხება მათ უბიძგებს მოსთქვამდნენ გადარეული გოდებით? ჩამესმა რა მოთქმის ბგერები, მეც ავტირდი _ ვიოლონჩელი ხომ ჩემთვის უკრავდა ასეთ მწუხარე მელოდიას. რას მწერ, რას მწერ, ელლი, ჩემო გიჟო? დავივიწყოთ ჩემი საბედისწერო წერილის ის ნაწილი, რომელშიც გწერდი დათიკოს შესახებ. მე ბრწყინვალედ მესმის თქვენი ურთიერთდამოკიდებულება, ის სუფთაა, მშვენიერია, იგი მე უნდა მახარებდეს როგორც ამომავალი მზის სხივი და თუ იმ წერილში ისე არ ვწერ, როგორც ახლა ვამბობ ამას, ეს უნდა გაგებულ იქნას როგორც ავადმყოფური შემთხვევითი აფეთქება. შეყვარებული ხომ იტანჯება ავადმყოფური წარმოდგენებით… მე მინდა გესაუბრო იმ გიშრისთვალება გოგონაზე, რომელთანაც რამდენიმე წუთი გავატარე შუაღამის მატარებლის კუპეში. ელლი, ელლი! მეგონა ისე შერწყმული ვიყავი შენს სულიერ გრძნობებთან, რომ ჩემი გაგება ყოველთვის შემეძლო. შენს თავს ვფიცავ, სილამაზით გატაცება შემიძლია მხოლოდ ისე, როგორც ვარდით უცხო ბაღში, იმ ვარდით რომელიც ჩემთვის არ გაფურჩქვნილა და თურმე ახლა მიყვარს ყველა ყვავილი, თითოეულ მათგანში ვპოულობ იმ ყვავილის ნაწილს, რომელიც გაიშალა ჩემს გულში, ჩემო პრინცესა! ჩემი გატაცება იმ გოგონათი აიხსნება, რომლის წყალობითაც დაგინახე შენ. შენ კი არ შემიძლია დაგინახო მხოლოდ ლამაზი არსებების მეშვეობით. იმ ღამით ვგრძნობდი, რომ ჩემს თანამგზავრს ჩემი შეხება სურდა, მე კი, არა. ეს ვარდი ხომ ჩემთვის არ ჰყვაოდა. ელლი, მშვენიერება ჩვენ უნდა გვიყვარდეს, რამდენადაც ამ მშვენიერებაში ავისახებით თვითონ ჩვენც… ო, მგონი ყველაფერი ვერ გითხარი რაც მსურდა. მე ქუთაისში ვარ, მე კოშმარში ვარ, ელლი. მითხარ, კმაყოფილი თუ ხარ ჩემი წერილით, თუ გამიგე მე როგორც საჭიროა? ჩემთვის შეგრძნებათა საშინელი წუთებია, არ ვიცი როგორ მოვაღწიო შენამდე ჩემი ცხოვრების მარად მანათებელო სხივო, ჩემო, ჩემო, ელლი! პავლე”.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...