აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინს ინფორმაციის
მიღების, გადამუშავების და მასზე რეაგირების განსხვავებული გზები აქვს. გადამუშავების ეს გზები გარე სამყაროს აღქმისა და შემეცნების, ასევე სწავლის, კომუნიკაციისა და ურთიერთობების
სხვაგვარობას იწვევს. აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მხედველობის,
სმენის, შეხების, ყნოსვისა და გემოს შეგრძნებების თვალსაზრისით. ხანდახან ისინი თვალებს გვარიდებენ ან ხელებს სხვაგვარად ხმარობენ, აღქმის ეს განსხვავებული
გზები რომ დაარეგულირონ.
აუტიზმის მქონე ბავშვებს განვითარების საკუთარი გრაფიკი აქვთ. ისინი სხვადასხვა უნარებს განსხვავებული ტემპითა და თანმიმდევრობით
ივითარებენ. აუტიზმის მქონე ბავშვები თანმიმდევრობის გამოცნობასა და იმპულსების კონტროლას სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ტემპით სწავლობენ. მათ თავიანთი სირთულეები აქვთ გადასალახი, რაც ხანდახან ფრუსტრაციასაც იწვევს მათში. ჩვენ კი მნიშვნელოვანია, მათ მეტი სირთულეები არ დავუმატოთ არარეალისტური გარე მოლოდინებისა და დროითი ბარიერების თავსმოხვევით.
აუტიზმს ხშირად თან ახლავს სხვადასხვა საგნებით, მოვლენებით დაინტერესების სერიოზული ვნება, რაც აუტიზმის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს ბოლომდე, დეტალურად ჩაუღრმავდნენ იმ სპეციფიურ საკითხებს, რაც მათთვის სიამოვნების მიმნიჭებელია. აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ემოციურად მგრძნობიარეები არიან, რაც მათ მძლავრ ემოციურ ტალღაზე ადვილად აყენებს. ეს სენსიტიურ-ემოციური რადარი ხანდახან მათ ძლიერად ღლის. აუტიზმის მქონე ადამიანები ინდივიდუალისტები არიან, ისინი ადვილად არ დაყვებიან თანატოლების გავლენას და არ იცვლიან კომუნიკაციისა და მოძრაობის მათეულ მანერას. აუტიზმს ხშირად თან ახლავს მოძრაობის საჭიროება - ხან შფოთვის დასაძლევად, ხან სიხარულის გამოსახატად, ხან ინფორმაციის
გადასამუშავებლად. ეს მოძრაობა შესაძლოა გამოიხატოს კოტრიალში, ტრიალში, ცეკვაში, ხოხიალში, ხტუნვაში, ხელების ქნევაში. აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად აღიქვამენ ისეთ ვიზუალურ, მუსიკალურ, სოციალურ ან ემოციურ დეტალებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ძლიერ მხარეთა ეს ერთობლიობა - მგზნებარე ინტერესები, შინაგანი „დრაივი“, უწვრილმანესი დეტალების აღქმის უნარი და ინდივიდუალიზმი - მათ საშუალებას აძლევს მრავალ სხვადასხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას.
ჩვენ ვცხოვრობთ, ვიმეცნებთ გარე სამყაროს, ვსწავლობთ, ვვითარდებით, ვმუშაობთ ჩვენთვის მორგებულ და გაადვილებულ
გარემო პირობებში. აუტიზმის მთავარი გამოწვევაა აუტიზმის მქონე ადამიანებსაც
შევთავაზოთ ისეთი გარემო პირობები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ, იმუშაონ, შეიმეცნონ გარე სამყარო, განვითარდნენ და იცხოვრონ მათთვის შესაბამის, იოლ და ხელსაყრელ გარემო პირობებში. მათთვის გარემოს მოწყობა გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტრუმენტებს, სწავლების განსხვავებულ მეთოდებს, სწავლაში ინკორპორირებულ ინტერესებს, სწავლების მულტი-სენსორული მეთოდების გამოყენებას. გარემოს მორგება ასევე დამხმარე გუნდის არსებობასაც გულისხმობს, რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანს გადაჭარბებული ემოციების გადამუშავებაში დაეხმარება. იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები/მედიტაცია დამშვიდებისა და ფორმაში ყოფნის კარგი საშუალებებია.
გარემოს მოწყობა ასევე გულისხმობს კითხვებისა და პასუხების გადამუშავებისათვის მიცემულ მეტ დროს; ისეთი სენსორული გამღიზიანებლების შემცირებას როგორიცაა თვალისმომჭრელი სინათლე, ფოტოგადაღება განათებით, მძაფრი სუნები, ზედმეტი ხმაური. არსებობს სენსორული გამღიზიანებლების შემცირებისათვის გამოსაყენებლი სხვადასხვა აღჭურვილობა: ხმისგან დამცავი ყურსასმენები, სენსორული სათამაშოები, სპეციალური ბურთები და ბატუტები, შუქისგან დამცავი სპეციალური სათვალეები. აუტიზმის მქონე ადამიანებისათვის
ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომუნიკაციის გასაადვილებელი საშუალებები, საბეჭდი ან ალტერნატიული
კომუნიკაციის ხელსაწყოები.
აუტიზმს თან ახლავს ძილის რიტმის დარღვევა, ხშირი ფრუსტრაცია, შფოთვა, თვითმოვლის უნრებთან, ენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებული სირთულეები. აუტიზმის მქონე ადამიანებს აქვთ სირთულეები მოტორულ სფეროშიც. დაღლილობა, შფოთვა, ჰიპოტონია უფრო ართულებს მოტორული უნარების გამოყენებას, რაც ასე საჭიროა სკოლაში თუ საშინაო დავალებების შესრულებისას, სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებისას, დიდხანს წყნარად ჯდომისას, სახლის საქმიანობაში და ჭამისას. სხვა პრობლემური სფეროებია სახეების გარჩევა, დროის თანმიმდევრობის
აღქმა, კომუნიკაციისა და ვერბალური უნარების განსხვავებული შესაძლებლობები. მათთვის მორგებული გარემო პირობების არარსებობის შემთხვევაში, აუტიზმის მქონე ადამიანი დგებიან გამოფიტვის, ცუდი კვებისა და დეპრესიის რისკის წინაშე.
აუტიზმის შესახებ ყველაზე ხშირი გაუგებრობა დაკავშირებული იმ მოსაზრებასთან,
თითქოს საჭიროა იმგვარი მოპყრობა/წვრთნა, რომელიც მათ „ნორმალურად“ ქცევას ასწავლის.
როგორც გორდონ ნოიფლი და გაბორ მატე ამბობენ: „ ჩვენი უპირველესი ამოცანაა ბავშვის გულში შევქმნათ ის სივრცე, სადაც ის დარწმუნებული იქნება, რომ სწორედ იგია ის ადამიანი, რომელიც მშობლებს უნდათ და უყვართ. მან არ უნდა გააკეთოს განსხვავებული არაფერი ან არ უნდა იყოს განსხვავებული
საიმისოდ, რომ სიყვარული დაიმსახუროს - სიყვარული არ შეიძლება იყოს დამსახურებული ან დაკარგული - სიყვარული უპირობოა. ბავშვს უნდა შეეძლოს მიიტანოს მშობლებამდე თავისი განსხვავებული, წესისგან შორს მდგომი მახასიათებლები და მაინც მიიღოს მშობლების უსაზღვრო, უსაფრთხოების მომნიჭებელი და უპირობო სიყვარული“.
აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლობა და აუტიზმის ქონა განსაკუთრებული რამაა. ის მოითხოვს მოქნილობას, ღიაობას, დაუღალავ შრომას და გონიერებას. აუტიზმის თერაპიებს ხშირად მივყავართ რწმენამდე, თითქოს ჩვენ არ გვესმის ან არ ვიცით, რა არის უკეთესი ჩვენი შვილისათვის.
ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს შვილებთან. ჩვენ უშუალოდ უნდა ვიყოთ ჩართული იმ მიზნებში, რაც ჩვენი შვილებისთვის
ისაზღვრება. ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად მამაცები საიმისოდ, რომ დავსვათ შეკითხვები, გავარკვიოთ რატომ არის ესა თუ ის პროგრამა საჭირო. როგორც მშობლები, ჩვენ ვართ ჩვენი შვილების კეთილდღეობის უპირველესი საწინდარი. ჩვენი ურთიერთობები
ჩვენს შვილებთან ყველაზე მნიშვნელოვანია და ნებისმიერი რამ, რაც ამ ურთიერთობას ბრძოლის ველად აქცევს, თავიდან უნდა ავირიდოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აუტიზმი არ არის ქცევის პრობლემა. ის ტვინის ფუნქციონირებას უკავშირდება. რაც უფრო ნაკლებია შესაბამისი გარემო პირობები და დახმარება, მით დიდია ფრუსტრაცია. რაც მეტადაა შექმნილი შესაბამისი გარემო პირობები, მით ნაკლებია ფრუსტრაცია. თუ აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ხარ, გახსოვდეს, რომ შენ და შენი შვილი ურთიერთობთ და უმთავრესი სწორედ ეს ურთიერთობაა.
No comments:
Post a Comment