ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველისჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.
დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად. რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიოლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.
პროლოგი და ეპილოგი
ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ ცნობებს იძლევა პოემის ისტრიულ-ლიტერატურული საკითხებისა და თავად ავტორის შეხედულებების შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით პროლოგი ეპილოგთან ერთად გვიანი ხანის დამატებაა და არ ეკუთვნის პოემის ძირითადი ნაწილის ავტორს; სხვა მოსაზრებით კი პროლოგსა და ეპილოგში მხოლოდ რამდენიმე სტროფია შემდეგ დამატებული, ძირითადი ნაწილი კი შოთა რუსთაველს ეკუთვნის. ამ უკანასკნელ მოსაზრებას იცავს რუსთველოლოგი ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც ყალბად აცხადებს პროლოგის რიგ სტროფებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პროლოგი ვეფხისტყაოსნის ღირსებაა და მასში შოთა რუსთაველმა მოკლედ გადმოსცა პოემის მთავარი სათქმელი:
„
|
ცხადად ჩანს, რომ რუსთაველს სწადდა ამ წინასიტყვაობით გამოეთქვა პოემის დასაბამი და დედააზრი, თავისი სულის ვითარება და მდგომარეობა პოემის შეთხზვის ჟამისა, თავისი შეხედულება და ურთიერთობა პოემის გმირებთან; სწადდა გამოეხატა თავისი იდეალი, რომელიც ყოველს პოეტს ასულდგმულებს და მის უძვირფასეს განძს შეადგენს — მიჯნურობა და პოეზია. „წინასიტყვაობა“ არა თუ სხვის მიკერებული აპოკრიფი არ არის, არამედ პოემის მოუწყვეტელი ნაწილია, მისი ახსნაა და კლიტე-გასაღები.
|
“
|
ალექსანდრე სარაჯიშვილის მსგავსი მოსაზრება შედარებით ადრე გამოთქმული აქვს ასევე ალექსანდრე ნანეიშვილსაც. საპირისპიროს ამტკიცებდა რუსთველოლოგი დავით კარიჭაშვილი. მისი აზრით ვეფხისტყაოსნის პროლოგიცა და ეპილოგის გაყალბებულია და არანაირი საერთო არა აქვთ პოემის მთავარ ნაწილთან. დავით კარიჭაშვილის მოსაზრებით, ეს ორი ნაწილი ცალ-ცალკეც ერთიანს არაფერს წარმოადგენენ და მათი ცალკეული ტაეპები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირთაგანაა დაწერილი. დავით კარიჭაშვილის ეს მოსაზრება მკაცრად გააკრიტიკა ნიკოლოზ მარმა თავის რუსთველოლოგიურ ნაშრომში. დავით კარიჭაშვილმა, მიუხედავად ნიკოლოზ მარის კრიტიკისა, საკუთარი მოსაზრებანი უცვლელად გაიმეორა სპეციალურ ნარკვევში „ვეფხისტყაოსნის შემადგენლობა“. ეს მოსაზრებები გაიზიარა და კიდევ უფრო განავითარა რუსთველოლოგმა ალექსანდრე სვანიძემ. დავით კარიჭაშვილს ერთი პერიოდი მხარს უჭერდა კორნელი კეკელიძეც. ეს მოსაზრება პროლოგ-ეპილოგის სიყალბის შესახებ მოგვიანებით გააკრიტიკა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი თქმით პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ ტრადიციულ პრინციპებს ეფუძნება. კომპოზიციური თვალსაზრისით პროლოგის ტექსტი ძირითად ნაწილთან სრულ წესრიგშია, პოემა სამივე ნაწილით თანმიმდევრული და სანიმუშოა. ვეფხისტყაოსნის თანმიმდევრულობისა და სანიმუშოობის შესახებ ამგვარადვე ფიქრობდა ვაჟა-ფშაველაც.
ძირითადი ნაწილი
ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მარტივ ფაბულურ ამბავს, რომელიც სიუჟეტური წყობითაა გართულებული. ძირითად ნაწილში ორი ამბავია მოთხრობილი, არაბეთისა და ინდოეთისა. ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და გადახლართული, იმგვარად, რომ სიუჟეტურად ვეფხისტყაოსანი მაინც ერთიანი ნაწარმოებია. პოემის ძირითადი სიუჟეტური ამბავი გამდიდრებულია შემავალი ეპიზოდებით; ასეთებია, მაგალითად, ნადირობა, ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი. ეს შემავალი ეპიზოდები თავის მხრივ მცირე დასრულებული, სიუჟეტური ამბებია. გარდა ამ ამბებისა, ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ხშირია ე. წ. სტატიკური ელემენტები, როგორიცაა ანდერძები, ეპისტოლეები, დიალოგები, აღწერილობები, ლირიკული გადახვევები, აფორიზმები და სხვა.
რუსთაველი ამბავს სწრაფი ტემპით ავითარებს, მოკლედ და დახვეწილად, როგორც ზოგიერთი რუსთველოლოგი აღნიშნავს, ზოგავს დროსა და ენერგიას. აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის დამაასიათებელია თავისი მოსაზრების დამადასტურებლად პერსონაჟების მოწმობის მოყვანა. სიუჟეტით ვეფხისტყაოსანი, მეცნიერების თქმით, დღემდე მიმზიდველი წასაკითხია. ვეფხისტყაოსნის ესპანურად მთარგმნელის, გუსტავო დე ლა ტორეს სიტყვით, რუსთაველის პოემის„კითხვა მომხიბლავია“. ქართველი რუსთველოლოგი ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტური ხლართები ვეფხისტყაოსანში იშვიათი ხელოვნებითაა შეკრული და გახსნილი, სიტუაციები თანდათანობით რთულდება და მძაფრდება, რაც ძაბავს მკითხველის ყურადღებას და აღძრავს ინტერესს.
პოემის ძირითადი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ტრადიციული თვალსაზრისით ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად მიჩნეული იყო სიყვარული. ეს მოსაზრება საკამათო გახადა ნიკოლოზ მარმა, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ მთავარი თემა პოემაში არის არა სიყვარული, არამედ ძმობა და მეგობრობა. ნიკო მარს დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის იდეაა მთავარი რუსთაველის პოემაში. ზურაბ ავალიშვილი თვლის, რომსიყვარულსა და მეგობრობას შორის ვეფხისტყაოსანში არჩევანის გაკეთება რთულია და მათ თანაბარმნიშვნელოვან თემებად მიიჩნევს პოემაში. აკადემიკოსი ვ. შიშმარიოვი მიიჩნევს, რომ ვეფხისტყაოსანი სიყვარულის პოემაა და ამაში დაეჭვება შეუძლებელია. ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე მორის ბაურას მოსაზრებითაც ვეფხისტყაოსანში უპირატესიასიყვარულის იდეა და არა მეგობრობისა. ამავეს ამბობს ამერიკელი ქართველოლოგი ლუის სოლანოც. სიყვარულიმიიჩნია ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად ქართველმა რუსთველოლოგმა ალექსანდრე ბარამიძემაც.
აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილის ყველა სტროფი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არ უნდა ეკუთვნოდეს შოთა რუსთაველს. არსებობს მოსაზრება, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსანში მოგვიანებითაა დამატებული; გარდა ამ თავისა, საეჭვოა ზოგიერთი ცალკეული სტროფის წარმომავლობაც (უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის სექცია ავტორი, ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).
No comments:
Post a Comment