“მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.”
ტიციან ტაბიძე - „ წითელი მიხაკის“ პოეტი, ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის წარმომადგენელი, სიმბოლისტი - დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად.
1901-1905 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩაირიცხა.
ტიციანი გიმნაზიაში სწავლისას
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდან დაიწყო.
„იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.“
1911 წლიდან მისი ადრეული ლექსები, ნოველები და მინიატურები აქტიურად იბეჭდებოდა პერიოდიკაში - "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "თემში", "ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში". 1913 წელს ტიციანმა სწავლა რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. აქ ცოტა ხანს მუშაობდა გაზეთ "საქართველოს" რედაქციაში, ამავე პერიოდში იყო "ცისფერყანწელთა" ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოთავე. 1920 წლიდან რედაქტორობდა "რუბიკონსა" და "ბარიკადს". .
.
ავტოპორტრეტი
უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.
მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები,
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.
აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს “Divigation”-ს.
იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი,
ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.
ტიციანი შვილთან, ნატა ტაბიძესთან ერთად
იმდროინდელი ქუთაისისა და თბილისის ლიტერატურული ცხოვრება გაჯერებული იყო ცისფერყანწელთა ხმებით, მათი ლექსებით, მათი სასიყვარულო ისტორიებით, მათი სიცოცხლის სიყვარულით. პოეტების თავშეყრის ადგილი , კაფე“ ქიმერიონი“ თითქმის ყოველსაღამოს მასპინძლობდა მათ პოეტურ თავყრილობებს, ასეთი თავყრილობების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სწორედ ტიციან ტაბიძე იყო.“ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“ – წერდა იგი. სწორედ ეს კაფე იყო მოწმდე ტიციან ტაბიძის და მისი მშვენიერი კოლომბინას, „ წითელი ქალიშვილის“, მუზისა და ცოლის - ნინა მაყაშვილის სიყვარულის მოწმე.
ნინა მაყაშვილის მოგონებიდან : „ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ მიხაკების თაიგული მაჩუქა. ყვავილები შინ წავიღე. ერთი მიხაკი კი ჰალსტუხში გავირჭე და ქართულ ჩაიხანაში წავედი, სადაც თავს იყრიდა მთელი ტფილისის ინტელიგენცია. მაგიდას რომ ვუახლოვდებოდი, მარტა ბერიშვილმა (მაჩაბელმა), რომელიც ტიციან ტაბიძის გვერდით იჯდა, მიხაკი გამომტაცა, მინდოდა მარტასთვის მიხაკი წამერთმია, მაგრამ ქალი გაჯიუტდა, მაშინ ტიციანმა ყვავილი თავისი საღილედან ამოაძრო და მე გამომიწოდა. ჯერ ვიუარე, ის–ის იყო უნდა დამეტუქსა, მაგრამ სიტყვა პირზე შემატოვა:–უარს ნუ მეტყვით. მე თქვენ გიცნობთ. ნინა მაყაშვილი ბრძანდებითო.
მადლობა გადავუხადე. ყვავილი გამოვართვი და შინ დავბრუნდი. კონსტანტინე გამსახურდიაც უკან გამომყვა. გზაში გამომიტყდა: დილით შენთვის თაიგულს რომ ვყიდულობდი, თაიგულიდან ერთი მიხაკი ციტიანმა ამოიღო, გულზე დაიბნია და მითხრა: – ამ ერთადერთ ყვავილს ვუბოძებ წითელ ქალიშვილს, მაგრამ მისთვის ეს თაიგულზე ძვირფასი იქნებაო.
იმხანად „წითელ ქალიშვილს“ მეძახდნენ, რადგანაც მუდამ წითლებში გამოწყობილი დავდიოდი. იმ დღიდან მე და ტიციანი ძალიან ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს.“
„ტიციან ტაბიძის პოეტური გენეალოგიის ორი შტო უსათუოდ გრიგოლ ორბელიანსა და ფიროსმანს ეკუთვნოდა. მის ლექსებში ხანდახან ორბელიანის ხმა გალიაში მომწყვდეული ლომივით ბუხუნებდა და წარსული პოეზიის დაჯერებული ტონით ამაგრებდა მის მელოდიურ საყრდენებს. ტიციან ტაბიძე გრიგოლ ორბელიანივით გულგახსნილი პოეტი იყო. ბეჟანა მკერვალისა და დიმიტრი ონიკაშვილის დარდიმანდული, მსუბუქი იუმორით შეფერილი აღსარებანი აქა-იქ გამოძახილს პოულობენ მის ლექსებში.
ტიციან ტაბიძე განცდილსა და ნახულს თითქმის შეულამაზებლად და უცებ ჰყვებოდა და ინტიმური განდობის დროსაც დიდ აუდიტორიას გულისხმობდა. მისი პოეტური განდობის დროსაც დიდ აუდიტორიას გულისხმობდა.
მისი პოეტური ფრაზაც, გრიგოლ ორბელიანის სტრიქონის მსგავსად, უმთავრესად ინტონაციაზე იყო დაყრდნობილი. მას თითქოს მუდამ სადღაც ეჩქარებოდა და მის ლექსებში აჩქარებული კაცის გულისცემა ისმის.“ ( თ. ჭილაძე)
ტიციანის კალამს ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე - საყურადღებოა მისი წერილი გალაკტიონ ტაბიძეზე, სადაც მან პოეტს „ მარტოობის კავალერი“ უწოდა, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ეპითეტი. წერილები ილია ჭავაჭავაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე და სხვა ქართველ თუ არაქართველ მწერლებსა და პოეტებზე - ამ ლიტერატურულ წერილებში იკვეთება ტიციან ტაბიძე, როგორც განათლებული, ზუსტი და ობიექტური კრიტიკოსი, ლიტერატორი, მკითხველი და ავტორი.
მანვე თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ა. ისააკიანის, ლ. არაგონის და სხვათა თხზულებანი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
სამწუხაროდ, საბჭოთა რეპრესიებს , სხვა მრავალი გამოჩენილი შემოქმედის მსგავსად, ვერც ტიციან ტაბიძე გადაურჩა. დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა მისი თავიდან მოშორება, მზადდებოდა მისი საწინააღმდეგო აბსურდული ბრალდებები, რაც იმით დამთავრდა, რომ 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
არსებობს, სხვა ვერსიაც, რომელიც მიხედვითაც პოეტი ციმბირში ჩამოსვეს და მიატოვეს. პოეტის საფლავი, ისევე როგორც მისი გარდაცვალების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ცნობილი არ არის.
No comments:
Post a Comment