თუ ბავშვს აქვს სწავლისა და თანაკლასელებთან, პედაგოგებთან ურთიერთობის პრობლემები, უჭირს კონცენტრაცია საკლასო გარემოში, მუდმივად ცქმუტავს, ხშირად ეკარგება ნივთები – შესაძლოა, რომ მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ასეთ ბავშვებს ხშირად “ჰიპერაქტიურებსაც” უწოდებენ.
რა ახასიათებს ჰიპერაქტივობას?
უყურადღებობა: ასეთ დროს ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე, ხშირად ,,ეპარება’’ შეცდომები, უჭირს ყურადღების შენარჩუნება დავალების შესრულების, ან თამაშის დროს; როდესაც ესაუბრებით, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ არ გისმენთ; ხშირად ვერ ახერხებს მისდიოს და შეასრულოს მითითებები; ვერ ასრულებს სკოლისა და საშინაო დავალებებს ბოლომდე; უჭირს მოქმედების ორგანიზება; თავს არიდებს ისეთი დავალებების შესრულებას, სადაც მობილიზება და ძალისხმევის გაწევაა საჭირო; ხშირად კარგავს ნივთებს; გულმავიწყია.
ჰიპერაქტივობა: ცქმუტავს და ვერ ისვენებს; ტოვებს საკუთარ ადგილს კლასში, ან სხვაგან; სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან; სულ მოძრაობაშია; ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს.
იმპულსურობა: ხშირად პასუხს შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს; უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება; ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში, აწყვეტინებს თამაშსა და საუბარს.
ჰიპერაქტიურ ბავშვებს უყურადღებობისა და მოუსვენრობის გამო ხშირად აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, იმპულსურობის გამო ექმნებათ პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობისას, ხშირი შენიშვნების გამო კი აქვთ დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ უფროსების მიმართ ნეგატიური განწყობაც.
როგორ უნდა მოიქცეთ ჰიპერაქტიურ ბავშვთან, 7 რჩევას ნინო ლაბარტყავა მოგცემთ.
1. სინდრომის დადასტურების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება სინდრომის, ბავშვის შესაძლებლობებისა და სირთულეების შესახებ. სპეციალისტის მხრიდან დახმარება, რომ მშობლებმა შეძლონ სასურველი ქცევის წახალისება და მიუღებლის იგნორირება. ბავშვთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ასწავლონ მას იმპულსების შეკავება, ყურადღების კონცენტრაცია, ქცევის მართვა, სასურველია სოციალური ურთიერთობების ტრენინგიც.
2. მნიშვნელოვანია ბავშვის შესაძლებლობებისა და ასაკის გათვალისწინებით რეჟიმის დაცვა, ვინაიდან – ბავშვის გარემო, უფროსების ქცევა უნდა იყოს უცვლელი და ბავშვისთვის პროგნოზირებადი.
3. ბავშვთან საუბრის მითითებების მიცემის შემთხვევაში მარტივიწინადადებების გამოიყენეთ, აგრეთვე მითითებებიც უნდა იყოს პოზიტიურად ფორმირებული. ვიდრე 10-ჯერ ეტყვით, რა არ შეიძლება, აჯობებს მიუთითოთ, თუ რა უნდა გააკეთოს.
4. ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავალებები მცირე ნაბიჯებად დაყავით, მათი შესრულების შემოწმებისას ბავშვი წაახალისეთ და გაამხნევეთ.
5. დაეხმარეთ რომ ბავშვმა აწარმოოს დღიური/რვეული, სადაც ჩაწერილი ექნება საკუთარი დღის განრიგი, ეს დაეხმარება, რომ მოახდინოს განრიგის და ქცევის კონტროლი.
6. საკლასო გარემოში ბავშვი უმჯობესია იჯდეს პირველ მერხზე შუა რიგში, რათა ნაკლები იყოს იმის ალბათობა, რომ მას ყურადღება გაეფანტოს. სანამ ბავშვს გაეფანტება ყურადღება, შეიძლება თვალით კონტაქტის დამყარება, მიმართეთ სახელით ან წინასწარ შეთანხმებული სიგნალი გამოყენეთ.
7. დააინტერესეთ მასალით, გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე, თვალსაჩინო მასალა გამოიწვევს ინტერესს და დაეხმარება მას ყურადღების შენარჩუნებაში.
No comments:
Post a Comment