აუტიზმი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარების შეფერხებით ვლინდება. ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ. აუტიზმი ყალიბდება 3 წლამდე და ყოველი 1000 ბავშვიდან 6-ს ემართება. მისი მიზეზები უცნობია. საუბრობენ გარემოს, ცხოვრების პირობებისა და მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობის როლზე. აუტიზმი თანდათანობით ვითარდება, გამოვლენას იწყებს 15 თვის ასაკიდან, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება 3 წლის ასაკში ხდება. მშობლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ბავშვის უცნაური საქციელით, ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ ნიშნებზე:
- ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ტაქტილურ კონტაქტზე;
- 3 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს;
- უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას და თამაშს;
- არ ეშინია გარესამყაროსი, მაგრამ არ სურს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები;
- ლაპარაკობს მონოტონურად, თითქოს დაზეპირებული ტექსტით. სხვის სიტყვებს ექოსავით იმეორებს. მეტყველების განვითარებით ჩამორჩება ასაკს.
აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ოჯახის წევრებისგან უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ამიტომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
- დაარწმუნეთ ბავშვი, რომ იგი ოჯახის ისეთივე ჩვეულებრივი წევრია, როგორიც დანარჩენები.
- მიეცით საშუალება, თვითონ შეადგინოს დღის რეჟიმი - სეირნობა, კვება, ძილი, თამაში მისი სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს. თავს ნუ მოახვევთ მისთვის არასასურველ იდეებს. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე და უფრო გააღრმაოს ქცევის გადახრები.
- როცა დავალებას სწორად შეასრულებს, გამოხატეთ ეს მისთვის გასაგებად და ხაზგასმით. მათთვის ქება სასარგებლოა.
- არასწორი საქციელი სწრაფად ექცევათ ჩვევად, ამიტომ მაშინვე აუკრძალეთ და შეეცადეთ გააგებინოთ, რომ ცუდად მოიქცა.
- ყოველ ახალ დავალებას, ზოგადად, სიახლეს თანდათან შეაგუეთ და რამდენიმეჯერ თქვენთან ერთად შეასრულებინეთ.
- ნუ დაანახებთ, რომ მისი ქცევით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაუბრაზდებით. ის უფრო მეტად ჩაიკეტება და თქვენთან კონტაქტის ყოველგვარ სურვილს დაკარგავს.
აუტისტი ბავშვი სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე გამოირჩევა უცნაური ქცევით. უპირველეს ყოვლისა, გაურბის უფროსებთან ყოველგვარ კონტაქტს - როცა დედას ხელში აჰყავს, არ ცდილობს ჩაეხუტოს, დედის დანახვისას არ უწვდის ხელებს და არ სთხოვს ხელში აყვანას, არ უყურებს თვალებში, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე. ხშირად ამის გამო ოჯახის წევრები სმენის დეფექტსაც კი ეჭვობენ.
აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევითი გადახრები ჩვილი ასაკიდანვე იპყრობს ყურადღებას.
ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებულები ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.
No comments:
Post a Comment