დისგრაფია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; γραφος „გრაფოს“ — წერა), აგრეთვე აგრაფია (ბერძნ. α — უარყოფითი ნაწილაკი) არის წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებლობის გამო, წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე. ასევე მათ უჭირთ ზოგიერთი მოტორული ფუნქციების შესრულება, მაგალითად როგორიცაა ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. საერთოდ დარღვევა ყველა სახის მოტორულ უნარზე არ მოქმედებს. დისგრაფიის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ასოთა დამარცვლა, და ფურცელზე აზრის გადმოცემისას სიტყვებს ხშირად შეცდომით წერდნენ.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დისგრაფიას სერიოზულ საფუძველს უქმნის მეტყველების ფონეტიკურ-ფონემატიკური და ლექსიკურ-გრამატიკული განუვითარებლობა. დისგრაფიის ინდივიდუალური კორექციის მიზნით მეცნიერებათა უმეტესობა გამოჰყოფს დისგრაფიის რამდენიმე ფორმას:
- დისგრაფიის არტიკულაციურ-აკუსტიკური ფორმა, რომლის არსი გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი, რომელსაც გააჩნია დარღვევები ბგერების წარმოთქმაში, ამ რასწორ წარმოთქმას აფიქსირებს წერის დროსაც, ანუ წერს ისე, როგორც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოხდეს ბგერების წარმოთქმის კორექცია და ამის შემდეგ შესაძლებელია დისგრაფიის პრობლემის მოგვარება.
- დისგრაფიის აკუსტიკური (ფონემატიკური) ფორმა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი ახდენს ფონეტიკურად მსგავსი ბგერების შესატყვისი ასოების შეცვლას, ხოლო ზეპირმეტყველებაში ამ ბგერებს სწორად წარმოთქვამს.
- ენობრივი ანალიზისა და სინთეზის ნიადაგზე წარმოქმნილი დისგრაფია, რომელიც ყველაზე ხშირია წერათმეტყველებაში დარღვევის მქონე ბავშვებში. ამ ფორმის დისგრაფიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია შემდეგი შეცდომები:
- ასოებისა და მარცვლების გამოტოვება
- ასოებისა და მარცვლების გადანაცვლება
- ასოებისა და მარცვლების განმეორება
- სიტყვის წერის დაუსრულებლობა
- სიტყვაში ზედმეტი ასოების წერა
- სიტყვაში სხვა სიტყვებიდან მარცვლების გადმოტანა - კონტამინაცია.
- აგრამატიკული დისგრაფია. დაკავშირებულია მეტყველების გრამატიკული წყობის განუვითარებლობასთან, როდესაც ბავშვი წერს ვითომ გრამატიკის წესების საპირისპიროდ. ეს შეინიშნება ცალკეული სიტყვის, შესიტყვების, წინადადების და ტექსტის დონეზე. იმ პერიოდში, როდესაც ბავში უკვე დაეუფლა წერის ცოდნას და შეუდგა გრამატიკის წესების შესწავლას, ის, მაგალითად ვერ იყენებს არსებითი სახელების ბრუნვის წესებეს.
- ოპტიკური დისგრაფია. დისგრაფიის ამ ფორმის საფუძველს წარმოადგენს მხედველობით-სივრცობრივი წარმოდგენის და მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის არასაკმარისი ჩამოყალიბება. თუ ბავშვი ვერ აღიქვამს ასოებს შორის სხვაობას, ის ძნელად აითვისებს მათ მოხაზულობას და ასახავს წერის დროს. ყველაზე ხშირი შეცდომებია:
- წერის პროცესში ასოების ელემენტების დაუსრულებლობა
- ზედმეტი ელემენტების დამატება
- ელემენტების გამოტოვება
- ასოების სარკისებურად ასახვა.
- კინეტიკური დისგრაფია. ყველა სპეციალისტი ცალკე არ გამოჰყოფს ამ ფორმას, მაგრამ უმეტესობა აღნიშნავს წერის პროცესში თვალის მიდევნების მნიშვნელობას და იმას, რომ ბავშვების ნაწილს უჭირს ამის დაუფლება. გარდა ამისა, კინეტიკური დისგრაფია ზოგჯერ განპირობებულია წერის დროს ხელის არასწორი მოძრაობით.
- მეორადი (არასპეციფიკური) დისგრაფია. მეორადი ხასიათის დარღვევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყურადღების კონცენტრაციის, გადართვის და გადანაწილების დეფიციტი. სმენითი და მეტყველებითი სუსტი მეხსიერება ხელს უშლის წაკითხული ტექსტის დამახსოვრებას და წერის დროს მის ასახვა-განმეორებას. კითხვისა და წერის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამის განხორციელების ტემპს. ბავშვები, რომლებიც ვერ ასწრებენ შემოთავაზებულ ტემპში წერასა და კითხვას, დავალების შესრულებისთვის აჩქარების გამო უშვებენ სხვადასხვა სახის შეცდომებს, მაგრამ ტემპის შემცირების შემთხვევაში იგივე ბავშვები საკმაოდ კარგად კითხულობენ და წერენ.
დისგრაფიის მიზეზი შეიძლება იყოს:
მემკვიდრეობა - მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებს ხშირად თავადაც აქვთ ანალოგიური პრობლემა.
პრობლემები მუცლადყოფნისა და მშობიარობისას - პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლადყოფნის ან მშობიარობის პროცესის გართულებით, ასევე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით ფეხმძიმობის პერიოდში, ჟანგბადის ნაკლებობით, ადრეული ან დაგვიანებული მშობიარობით.
დაბადების შემდგომი ტრავმები - თავის ტრავმები, კვების ნაკლებობა და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი.
No comments:
Post a Comment