Monday 11 July 2016

სერგო ორჯონიკიძე: “თუ არ გაჩუმდებით, სომხეთის საზღვარს ავლაბარში გადმოვიტან!”

1921 წლის 26 ივნისის სხდომა ძირითადად საბჭოთა აზერბაიჯანთან სასაზღვრო საკითხთა განსახილველად გაიმართა. დღის წესრიგში უმთავრესად საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ზაქათალის ოლქის (საინგილო) და ყარაიაზის ველის (მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო) საკითხი დადგა. მართალია, აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი საქართველოს ნაწილად აღიარა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართული დელეგაცია დათანხმდა აღნიშნულ მხარეებში მცხოვრები აზერბაიჯანელებისადმი ავტონომიური პრივილეგიების მინიჭებას. ამავე დროს მოხდა შეთანხმება სომხურ მხარესთან, “ლორეს ნეიტრალური ზონის” სადავო დასავლეთ სექტორში სტატუსის განსასაზღვრავად რეფერენდუმი გაემართათ. მაგრამ მომდევნო 27 ივნისის სხდომაზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით ისეთი სკანდალი ატყდა, კიროვის კომისიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და ხელები დაიბანა. საკითხის გადაწყვეტა ერთპიროვნულად დაავალა კავბიუროს. კავბიუროს გადაწყვეტილება კი, რომლის მუშაობაშიც ძირითადი სიტყვა სერგო ორჯონიკიძეს და იოსებ სტალინს ეკუთვნოდათ, საბოლოო გახლდათ.

და აი, 1921 წლის 7 ივლისს რუსეთის კომუნისტთა კავკასიის ბიუროს სხდომაც გაიმართა. სხდომას სერგო ორჯონიკიძე და იოსებ სტალინი წარმართავდნენ. საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოწვეული იყვნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრები: ალექსანდრე სვანიძე და ასქანაზ მრავიანი. კავბიურომ გამოიტანა დადგენილება “ლორეს ნეიტრალური ზონის” სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისადმი შეერთების შესახებ. რაც შეეხებოდა სომხური მხარის დამატებით პრეტენზიებს ახალქალაქის მაზრისა (ჯავახეთი) და ე. წ. “ხრამის რაიონების” მიმართ, მისი განხილვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაევალა. 1921 წლის 16 ივლისისა და 3 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის დადგენილებით, აღნიშნული რაიონები საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. კავბიურომაც მისი გადასინჯვა საჭიროდ აღარ ჩათვალა. თუმცა ქვემო ქართლის ლორეს ზონის გაჩუქებაში მთავარი დამნაშავეები მაინც ორჯონიკიძე და სტალინი იყვნენ.

ამიტომ იყო, რომ ასეთი თავხედური ღალატის შემდეგ ქართველი საზოგადოებრიობის რისხვა ორთავეს თავს დაატყდა. მაგრამ “რკინის სერგო” დაიმუქრა, რომ პროტესტის შემთხვევაში სომხეთის საზღვარს საერთოდ ავლაბარში გადმოიტანდა. ხოლო იოსებ ბესარიონის ძემ 1922 წელს თბილისში ჩამოსვლისას თქვა: საქართველოს გადავხნავო.

საქართველოს ტერიტორიების გასხვისება ამით არ დასრულებულა. 1921 წლის 5 ივლისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალის ოლქი (საინგილო) და მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო თბილისს ბაქოსათვის უნდა გადაეცა. ქართველთა მხრიდან თავი ამჯერად განსაკუთრებულად საქართველოს რევკომის (მთავრობა) თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ ისახელა. მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ნარიმან ნეარიმანოვს ქართული მიწა-წყალი პირადი ხელმოწერით უანდერძა.

1921 წლის 15 ნოემბერს კი ეს შეთანხმება საბჭოთა საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალმა რევკომის თავმჯდომარეებმა – ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმაც დაამტკიცეს. 1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა სომხეთის რევკომის თავმჯდომარე ალექსანდრე მიასნიკოვთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ძალით საბჭოთა სომხეთს ლორეს მხარეც საბოლოოდ გადაეცა.

ამრიგად, საბოლოო დაანგარიშებით, მარტო თურქეთს 1921 წელს 12,115 კვ. კილომეტრის ქართული ტერიტორია გადაეცა, რომლის მოსახლეობაც 164 ათასს შეადგენდა. საბჭოთა სომხეთს 3,812 კვ. კილომეტრი; აზერბაიჯანს 3,491 კვ.კმ. ტერიტორია. სულ საქართველოს 1921 წელს რუსი და ქართველი კომუნისტებისაგან 19,491 კვ. კილომეტრი მიწა-წყალი ჩამოეჭრა, რომელიც მთელი საქართველოს 2/3-ს შეადგენდა.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...