Monday 11 July 2016

"მაჩუქეთ მე ეს ქალი"

"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"

წლების წინ რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტი მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი: მასში, ეპოქის სუნთქვის გარდა, ჩანს თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება, კულისებს მიღმა დარჩენილი ინტრიგები, საზოგადოების დამოკიდებულება, კომუნისტური ხელისუფლებისა და ხელოვანთა რთული, დაძაბული ურთიერთობები. გთავაზობთ ამ საკითხის მკვლევრის, ცნობილი თეატრმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - გუბაზ მეგრელიძის გულახდილ ინტერვიუს.


-
რაც მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ ხნის მანძილზე საზოგადოებაში არაერთი ვერსია, ჭორი გავრცელდა. საზოგადოება ორად გაიყო და ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბა. ჩამოყალიბდა შეხედულება, თითქოს სანდრო ახმეტელის რეპრესირება აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის ბრალი იყო. ამ ვერსიას ახმეტელის მეუღლე, თამარ წულუკიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებდნენ. გამკითხავიც არავინ იყო, ვინაიდან "სუკის" არქივი მიუწვდომელი გახლდათ და დოკუმენტების გაცნობა ვერ ხერხდებოდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "სუკის" არქივის გახსნის შემდეგ, პირველმა მოვახერხე, გავცნობოდი "სანდრო ახმეტელის საქმეს" და სიმართლე დამედგინა. საინტერესოა, რომ ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს დოკუმენტები ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა, მაგრამ მალევე ზვიად გამსახურდიამ უზენაეს საბჭოში გადაიტანა, ვინაიდან მასში მამამისის დაკითხვის ოქმიც იყო. 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ, ეს 10-ტომიანი საქმის დედანი გაქრა.
საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ მისი ქსეროასლი ჩემთან ინახება და გამოსაცემადაც მზად მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, სპონსორი ვერ ვიპოვე. თუკი რომელიმე ბიზნესმენი დაინტერესდება და ეს მასალა წიგნად დაიბეჭდება, იგი თეატრალურ ბესტსელერად იქცევა და დამფინანსებელსაც სახელს მოუხვეჭს.
-
აკაკი ხორავას "მოგონებები" მართლა აკრძალული იყო 30 წლით? როგორ მოხვდა ეს მასალა თქვენთან?
-
გავრცელებულია აზრი, თითქოს ეს მოგონებები 30 წლის შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აკაკი ხორავას "მოგონებები" ჩვენს მუზეუმს მისმა მემკვიდრემ, ქალბატონმა ლალი ალექსი-მესხიშვილმა 1981 წელს გადასცა. ამ ნაშრომზე რეცენზიის დაწერა მუზეუმის დირექციამ ცნობილ თეატრმცოდნეს, ბატონ ვასილ კიკნაძეს სთხოვა. მოვიყვან ფრაგმენტს ბატონი ვასოს წიგნიდან "წამებული რაინდები": "მთავარი ადგილი . ახმეტელისა და აკ. ხორავას ურთიერთობას უჭირავს. ეს საკითხი სიკვდილამდე აღელვებდა აკაკის. ახლობელთა წრეებში ხშირად ჰყვებოდა, თუ რა მოხდა მასა და ახმეტელს შორის. მოგონებებში იგი უფრო ვრცლად არის მოაზრებული. კონკრეტულად, დეტალურად პირდაპირ ნიუანსებზე მინიშნებითაც კი მოთხრობილია, თუ რამ განაპირობა ახმეტელსა და ხორავას (მასთან ერთად, ვასაძეს) შორის კონფლიქტი. ერთობ დამაჯერებელია აკაკის ნაამბობი! ჩვენ არ გვსურს, რეცენზიაში წარმოვაჩინოთ ცნობილ ადამიანთა სახელები, რომლებმაც ცუდი როლი ითამაშეს ისედაც რთულ თეატრალურ ურთიერთობებში. აკაკი ხორავა საოცარი გულახდილობით ლაპარაკობს მათ შესახებ.
ყოველი მოგონება სუბიექტური მსოფლგანცდაა და გასაგებია, რომ ყოველი ფაქტი სხვადასხვაგვარად იკითხება, მაგრამ აკაკი ხორავას დღიურებში თითქოს, მთელი იმჟამინდელი თეატრალური (და არა მარტო თეატრალური) ეპოქაა გაცოცხლებული. მსახიობი სრულიად გარკვევით წერს, თუ რა რთული პოლიტიკური ცხოვრების ფონზე იკვეთებოდა თეატრალური წინააღმდეგობები. აქ ჩანს აკაკის მაღალი მოქალაქეობრიობა, წინდახედულება და ეს არის მთავარი. მაგრამ ეს მაინც საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხრივ, გადაშლილია მეტად მძიმე 
სურათი სხვათა მოღვაწეობის შესახებ. ამ მომენტის გამოა, რომ მოგონებები ღრმა ფიქრებსა და ტკივილს აღძრავს, თითქოს ჩვენი თეატრის ისტორიის ფსკერიდან დაიძრა ათასი ნალექი. ვფიქრობთ, გარკვეულ დრომდე უნდა დაილუქოს ხორავას "მოგონებები" (კუბის დღიურების ცაკლე ამობეჭდვა შეიძლება). სასურველი არ არის იგი ხელმისაწვდომი იყოს, რამეთუ ბევრი რამ ჯერ კიდევ ასახსნელი და გასარკვევია, ჯერ კიდევ არის საჭირო მანძილი ისტორიასა და ჩვენს თანამედროვეობას შორის..."
მსგავსი აზრი ჰქონდათ მაშინდელ დირექტორს, ბატონ თენგიზ ჯანელიძეს და მთავარ მცველს, ქალბატონ ლედი კაპანაძეს. ამიტომ, ხორავას "მოგონებები" დაინტერესებული პირებისთვის ხელმიუწვდომელი გახდა და დახურულ ფონდში გადავიდა. მსგავსი მასალები ყველა მუზეუმში არსებობდა და ამაში გასაკვირი არაფერია. შემდეგ ვიღაცამ გაავრცელა აზრი, თითქოს 30 წლით აიკრძალა მისი გამოქვეყნება. არადა, ეს გახლდათ მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებაში ახალი დაპირისპირების საბაბი არ შექმნილიყო, რადგან ცოცხალი გახლდათ თამარ წულუკიძე, მისი მომხრეები და დასახელებულ პირთა ნაწილი ან გარდაცვლილთა შთამომავლობა.
საზოგადოების დაბნეულობა იმანაც გამოიწვია, რომ აკაკი ხორავას მოგონებები მოულოდნელად, ყოველგვარი მეცნიერული დამუშავებისა და კომენტარის გარეშე, გაზეთ "ცისკარში" დაიბეჭდა. ეს გახლდათ საავტორო უფლებების უხეში დარღვევა. მისი გამოქვეყნება მხოლოდ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს შეეძლო. "ცისკრის" მაშინდელ რედაქტორს, ბატონ ზაურ კალანდიას ვერაფრით ვათქმევინე, ვინ მისცა მოგონებების ასლი, ვინაიდან დედანი ხსენებულ მუზეუმში ინახება და არათუ გარეშე პირს, არამედ რამდენიმე თანამშრომლის გარდა, არავის უნახავს.
რედაქტირებისა და კომენტარების გარეშე მოგონებების დაბეჭდვა დიდი შეცდომა გახლდათ, ვინაიდან აკაკი ხორავას მოვლენები არათანამიმდევრულად აქვს დალაგებული და ლოგიკურად არ გრძელდება. დაშვებულ იქნა პრიმიტიული შეცდომები, რითაც ორივე მხარემ თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა. პუბლიკაციის დასაწყისში ვკითხულობთ: "ავტორის სურვილი იყო - სიკვდილიდან ოცდაათი წლის მერე ეხილა მზის სინათლე!" - ეს სენსაციაზე გათვლილი სიცრუეა. მსგავსი ანდერძი აკაკი ხორავას არ დაუტოვებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აკაკი მოგონებებს ხანდაზმულ ასაკში, გასული საუკუნის 60-იან წლებში წერდა და ზოგიერთ მოღვაწეზე გამოთქმული მისი პირადი შეფასება გამოქვეყნებისთვის არ იყო გამიზნული.
-
უშუალოდ კონფლიქტის შესახებ რას გვეტყვით? ცნობილია ის რთული ვითარებები, რამაც ურთიერთობები საშინლად დაძაბა. ნახევარი საუკუნის მანძილზე ახმეტელის რეპრესირება დიდ მსახიობებს ჰბრალდებოდათ. თქვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, სინამდვილეში რა მოხდა?
-
ამ კონფლიქტს თავისი წინა პირობა ჰქონდა. ხორავა წერს, რომ ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები, მაგრამ საშას თხოვნის შემდეგ, - "მაჩუქეთ მე ეს ქალი", იძულებული გახდნენ, შეჰგუებოდნენ ახმეტელის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, წულუკიძე ცდილობდა, ურთიერთობა გაეფუჭებინა ახმეტელსა და ხორავას შორის. მან ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი შემოიკრიბა და ცდილობდა, მეუღლე დაერწმუნებინა, რომ ძირითადი მუშაობა მათთან წარემართა. ვითარება გამწვავდა თეატრის 10 წლის საიუბილეოდაც. აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ სახალხო არტისტის წოდებები მიიღეს, წულუკიძე კი დამსახურებული არტისტის წოდების მიღებით უკმაყოფილო დარჩა. ამავე დროს, ახმეტელმა კრება მოიწვია, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა თეატრისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო, რომლის საწინააღმდეგოდ აკაკი ხორავა გამოვიდა. ახმეტელს ისიც არ მოსწონდა, რომ წამყვანი მსახიობებისადმი ხელისუფლებაც ყურადღებას იჩენდა. თეატრში შეიქმნა ორი დაჯგუფება და წულუკიძის მომხრეები საშას თითქოს, მისი ძველი მეგობრებისგან (ხორავა, ვასაძე, პატარიძე, ტუსკია, აღსაბაძე, გამრეკელი, აფხაიძე, საღარაძე, ჯაფარიძე, ლაფაჩი, თუშიშვილი და სხვები) იცავდნენ, რის გამოც ინტრიგები ღრმავდებოდა. ამდენად, წულუკიძემ მისი გარემოცვით მოახერხა, ერთგული მეგობრებისგან საშას იზოლირება.
ასეთ დაძაბულ ვითარებაში მოუხდა კოლექტივს ბაქოში, საგასტროლოდ გამგზავრება. ცხადია, "აფეთქებისთვის" ნაპერწკალიც საკმარისი იქნებოდა და ეს საბედისწერო დღე 22 ივნისს, სპექტაკლ "ლამარას" თამაშის წინ დადგა. სასტუმროს რესტორანში ჩაის დასალევად შესულ ხორავას ძველი მეგობარი, ცნობილი სომეხი მსახიობი - აბელიანი დახვდა და თავის მაგიდასთან მიიწვია. საინტერესო საუბარმა სადილობამდე გასტანა. აკაკი ხორავა აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო, მისი თეატრში მისვლა ახმეტელთან დიდ სკანდალს გამოიწვევდა. გამოსაფხიზლებლად, სარჩიმელიძემ ქალაქის ქუჩებში მანქანით ატარა. წაძინებაც მოასწრო. მართალია, იგი წერს, - თეატრში სრულიად ფხიზელი გამოვცხადდიო, მაგრამ ჩანს, ნასვამობა მაინც ეტყობოდა. ვასაძე თავის მოგონებებში ციტირებას უკეთებს ხორავას სიტყვებს: "მგონი, უკვე იყნოსეს კიდეც. შესასვლელში რეჟისორის თანაშემწემ აღნიშნა თავის დროზე გამოცხადება და, ვითომ გიჟდება ჩემზე, შემომებღლაზუნა". ეს პიროვნება შალვა წერეთელი დახლდათ, რომელმაც წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, სპექტაკლის დღიურში ჩაწერა: "მსახიობი აკაკი ხორავა გამოცხადდა ნასვამი. წარმოდგენამ მაყურებელში დიდი გამოძახილი ჰპოვა". მოვლენათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ახმეტელმა ეს ამბავი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გაიგო. მას საკმაო დრო ჰქონდა, რომ ბოლო მიზანსცენა შეეცვალა, როგორც ეს 25 ივნისს მოხდა - დეკორაციის ზემო მოედანზე აყვანის ნაცვლად, იჩო და ლამარა ქვედა მოედანზე რჩებოდნენ. ვფიქრობ, სკანდალის მიზეზი წულუკიძის შეტყობინება გახდა, ვინაიდან ყველაზე ახლოს ხორავასთან ის იმყოფებოდა, როდესაც იჩო მან ხელში აიყვანა და უშუალო სიახლოვისას, წულუკიძეს სასმლის სუნი ეცა, რაც სასურველი დაპირისპირების კარგ შანსს აძლევდა. ქალბატონმა თამარმა მიზანს მიაღწია და მეუღლე წონასწორობიდან გამოიყვანა. აი, რას წერს იგი, აღელვებული, სპექტაკლის დღიურში: "აკაკი ხორავა თამაშობს მთვრალი. საშინელებაა თეატრისთვის - ხორავა, რომელსაც პირზე აკერია ყველაფერი, რითაც შეიძლება იამაყოს ადამიანმა, სინამდვილეში, თავისი საქციელით თეატრს შიგ სულში აფურთხებს, ისიც გასტროლების დროს. ხორავას საკითხი დაისვას გასტროლების გათავებისას, მხოლოდ იმიტომ, რომ სირცხვილია, როგორც თეატრის გასტროლების დროს, აგრეთვე ახალ მაყურებლის წინაშე. . წულუკიძე დაჯარიმდეს სამას მანეთით და გამოეცხადოს სასტიკი საყვედური". მოგვიანებით ხორავამ იქვე მიაწერა: "ვისაც სურს გაიგოს მიზეზი ახმეტელის რეზოლუციისა ხორავას შესახებ, უნდა შეისწავლოს 1935 წლის რეორგანიზაცია რუსთაველის თეატრისა და მაშინ ქვემოთ მოყვანილ რეზოლუციაც გასაგები იქნება. ტყუის ახმეტელი". ეს ჩანაწერები პირველად ქვეყნდება და მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება. გაუგებარია, რატომ დააჯარიმა ახმეტელმა მეუღლე, რომლის შესახებაც ქალბატონი თამარი თავის მოგონებებში არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, სინამდვილეს აყალბებს, თითქოსდა დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა და მაყურებელი იცინოდაო, ხოლო მსახიობი მურად ხინიკაძე წერს, თითქოს იჩოს ლამარა ხელიდან გაუვარდა და წაიქცა. ეს გახლავთ შეგნებულად ნათქვამი ტყუილი. არც სპექტაკლის დღიურში ჩაწერილა მსგავსი რამ და ლავრენტი ბერიამაც აღნიშნა 1935 წლის 25 ივლისის თათბირზე: "რომ დაცემულიყო მთვრალი მსახიობი სცენაზე, ხომ ატყდებოდა დიდი აურზაური". დამეთანხმებით, ბერიას ზუსტი ინფორმაცია ექნებოდა.
ერთი დეტალიც მინდა, დავაზუსტო. აკაკი ხორავა სუფრიდან შუადღეს, სადილობის დროს წამოდგა. სპექტაკლი საღამოს ცხრის ნახევარზე იწყებოდა და თერთმეტ საათზე მთავრდებოდა. იჩოს სცენაც სპექტაკლის ბოლოს თამაშდებოდა. ამ ვითარებების გათვალისწინებთ, ხორავას ნასვამობა სპექტაკლის მსვლელობას არ დაეტყობოდა, მაგრამ გართულებები არსებულმა შიდა ინტრიგებმა გამოიწვია.
თბილისში დაბრუნების მეორე დღეს, 6 ივლისს, ახმეტელმა აკაკი ხორავა თეატრიდან დაითხოვა, ხოლო მისი ერთადერთი დამცველი, აკაკი ვასაძე სტუდიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და სარეჟისორო კოლეგიიდან გაიყვანა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ საქმეში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ჩაერია. კონფლიქტის მონაწილეები რამდენჯერმე გამოიძახეს და სიტყვიერი წინადადება მისცეს, საკითხი ადმინისტრაციული სასჯელით მოეგვარებინათ და ორივე მსახიობი თავის უფლებებში აღედგინათ. სამწუხაროდ, ამ შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო. 3 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ მიიღო დადგენილება ორივე მსახიობის აღდგენასა და თეატრის მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ. პარტკომად მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თანამშრომელი, შალვა ცაგარეიშვილი, დირექტორის მოადგილედ კი - პოლიტსამმართველოს უფროსი რწმუნებული, გიორგი გუგუნავა დაინიშნა. ამ ორგანიზაციული ცვლილებებით ცენტრალური კომიტეტი თეატრში შექმნილ მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. თეატრში რამდენიმე კრება ჩატარდა, სადაც ახმეტელი დადგენილების შესრულების წინააღმდეგი იყო. 9 სექტემბერს, ცეკას წარმომადგენლების მონაწილეობით, თეატრში ბოლო კრება გაიმართა, სადაც პოზიციათა შეუთანხმებლობა საბოლოოდ გაირკვა. ცხადია, ახმეტელს ამ დადგენილების შეუსრულებლობას არ აპატიებდნენ და 13 სექტემბრის დადგენილებით, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ, უკვე მძაფრდება პოლიტიკური დაპირისპირება ახმეტელსა და ბერიას შორის. მოსკოვში სამუშაოდ წასული რეჟისორი ცდილობდა, საკავშირო მთავრობაში მყოფ ქართველ კომუნისტთა დახმარებით ბერიას წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას, რასაც მის მომხრეთა მსახიობების რეპრესირებაც მოჰყვა. თუმცა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.
ასეთია ფაქტებითა და დოკუმენტებით დადგენილი სიმართლე. ამიტომ, ახმეტელის რეპრესირების გაიგივება თეატრის კონფლიქტთან და ამაში დიდ მსახიობთა დადანაშაულება, თამარ წულუკიძისა და მის მომხრეთა სუბიექტურობით იყო გამოწვეული და თავის მართლების მიზნით, ისტორიის შეგნებულად გაყალბების მცდელობა გახლდათ. სამწუხაროდ, ამ მოძველებულ და გაუფასურებულ ინტრიგას ზოგიერთი ვაითეატრმცოდნე დღესაც აგრძელებს, მაგრამ არაფერი გამოუვათ - ისტორიული ფაქტების გაყალბება შეუძლებელია!

მანანა გაბრიჭიძე


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...