Sunday 10 July 2016

ჯერომ ბრუნერი ( აღმოჩენებით სწავლის თეორია)


ბრუნერი კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.მისი თეორიები კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება. ბრუნერის მიხედვით , ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი. ბავშვი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. მის თეორიაზე დიდი გავლენა მოახდინა ვიგოტსკის იდეებმა. ბრუნერის მიხედვით სწავლა უწყვეტი პროცესია. მისი აზრით ცოდნის გამოხატვის 3 გზა არსებობს: 1) მოქმედებითი გამოხატვა - მოიცავს მოტორულ საპასუხო ქცევებს  (ობიექტებით მანიპულაცია, პრაქტიკული ქმედებები). 2) წარმოსახვითი გამოხატვა  - ამ საფეხურზე  ბავშვს შეუძლია საგნებისა და მოვლენების გონებაში წარმოსახვა.     3) სიმბოლური გამოხატვა - ბავშვი იყენებს სიმბოლოებს იმისათვის, რომ ცოდნა დაშიფროს.    ცნობილი სიმბოლური სისტემებია ენა და მათემატიკური ჩაწერის სისტემა. სიმბოლური გამოხატვა ყველაზე გვიან ვითარდება და მალე ყველაზე ,,საყვარელი“ ფორმა ხდაბა ადამიანისათვის. ადამიანის ზრდა მოიცავს ამ 3 აზროვნების ფორმის თანდათანობით განვითარებას. ადამიანი ჯერ მოქმედებით, შემდეგ წარმოსახვით და ბოლოს სიმბოლურ გამოხატვას ეუფლება. პატარა ბავშვი სწავლისას მეტწილად მოქმედების ფორმას იყენებს   ( მაგ; ბავშვს უფრო ადვილად შეუძლია ისწავლოს ცეკვა, ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ვიდრე მოზრდილ ადამიანს). წარმოსახვითი გამოხატვა ჩვეულებრივ ბავშვობის შემდეგ ეტაპზე იჩენს თავს. ხოლო სიმბოლური გამოხატვა , მოგვიანებით, მოზარდობის ასაკში იწყებს დომინირებას. მასწავლებელმა სწავლის მეთოდები უნდა ცვალოს მოსწავლეთა განვითარების შესაბამისად. სანამ მოსწავლეები აბსტრაქტული მათემატიკური სიმბოლოების გაგებას შეძლებენ მათ მათემატიკური ამოცანები მოქმედებითი (მაგალითად საგნების), ან წარმოსახვითი (მაგალითად ნახატების) ფორმების გამოყენებით უნდა მივაწოდოთ. ბრუნერის აზრით ნებისმიერი შინაარსის მასალა შეიძლება ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს ისე მივაწოდოთ, რომ ეს მისთვის საინტერესო და გასაგები იყოს. მოსწავლე იყენებს კოგნიტურ სტრუქტურებს იმისათვის, რომ დაახარისხოს და გარდაქმნას ინფორმაცია, ააგოს და გამოსცადოს ჰიპოთეზები, ჩაატაროს ექსპერიმენტები, რათა თვითონ აღმოაჩინოს ცოდნა. ეს არ გულისხმობს მოსწავლის თავის ნებაზე მიშვებას, (,,რაც უნდა ის ისწავლონ“). პროცესს უნდა მართავდეს მასწავლებელი. იგი გეგმავს გაკვეთილს, მოიძიებს რესურსებს, აძლევს მოსწავლეებს ისეთ დავალებებს, რომელიც მათ ინტუიტიური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, უღვიძებს ცნობისმოყვარეობასა და მოტივაციას. აღმოჩენებით სწავლა დასწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალა დაუსრულებელი სახით მიეწოდებათ და მათ ამ მასალის ორგანიზება მოეთხოვებათ. ბრუნერი თვლის ,რომ ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატურია ,,სპირალური კურიკულუმი“-ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილს უნდა ეფუძნებოდას.  ( მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება, კატეგორიზაცია).
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის ეფექტურად დაგეგმვაში :
·         წააქეზეთ მოსწავლეები დასვან  როგორ ?  და რატომ ? კითხვები და პასუხი გაეცით მათ;
·         სთხოვეთ იწინასწარმეტყველონ საკლასო  ექსპერიმენტის შედეგები;
·         გამოიყენეთ ანალოგიები იმისათვის, რომ ახალი ცნებები, იდეები და მოვლენები უკვე ნასწავლ ცოდნასთან დააკავშირონ;
·         მიეცით ფიზიკური და სიმბოლური მოდელები  შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით;
·         მასალის ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე;
·         სთხოვეთ მოსწავლეებს დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი მათ ადრე შეძენილ ცოდნას ან გამოცდილებას დაუკავშირონ.
ბრუნერის აზრით, მასწავლებელი მოსწავლეს ჯერ სათანადო სქემებისა და სცენარების ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს და მხოლოდ ამის შემდეგ ახსნას ახალი მასალა.
ჯონ დიუი    (პროგრესული განათლების პრინციპები და სკოლა- ლაბორატორია)

ჯონ დიუის (1859-1052) ამერიკული პედაგოგიკის მამას უწოდებენ. მან დიდი გავლენა მოახდინა პედაგოგიური თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაზე.  დიუი პრაგმატიზმის წარმომადგენელია და ფასეულად მიაჩნია მხოლოდ ის, რაც ადამიანისთვის სასარგებლოა და პრაქტიკულ შედეგს იძლევა. დიუის ფილოსოფიის ქვაკუთხედია გამოცდილებით სწავლება. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ იგი უნდა დაშენდეს ძველ გამოცდილებაზე. სწორედ აქ გამოიკვეთება  პედაგოგის როლი. მან უნდა იცოდეს მოსწავლის მომზადების დონე და მისი საჭიროებები გაითვალისწინოს. დიუი თვლიდა, რომ ბავშვისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი კვლევის პროცესში აღმოაჩინოს საგნებისა და მოვლენების თვისებები და კანონზომიერებანი, პედაგოგი მხოლოდ მის შეკითხვებს უნდა პასუხობდეს. სავსებით საკმარისია ბავშვის შემეცნებითი აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა. პროგრესული განათლება გულისხმობდა მოსწავლეზე ორიენტირებულ (მოსწავლის მიერ წარმართულ) სასწავლო პროცესს. დიუის მიაჩნდა, რომ ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით, საკუთარი გამოცდილებით, როცა ისინი თვითონ ქმნიან რამეს, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ განათლების მნიშვნელობას. იგი არ უარყოფდა საფუძვლიანი ფაქტობრივი ცოდნის აუცილებლობას, მაგრამ მიიჩნევდა მეორეხარისხოვნად. განათლება არ ნიშნავს მხოლოდ ფაქტების სწავლას. მთავარია მოსწავლეებმა შეიძინონ ის უნარები და ცოდნა, რომლის გამოყენებასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებენ. ის გამოცდილება, რასაც ბავშვები სკოლაში იღებენ, მათ სოციალურ შეგნებას უნდა ამაღლებდეს. ბავშვებმა წვლილი უნდა შეიტანონ ოჯახურ საქმიანობასა თუ მეურნეობაში, უნდა ისწავლონ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა სკოლის დემოკრატიულ ცხოვრებაში. ეს კი გულისხმობს მოსწავლეების ჯგუფურ მუშაობას საერთო პროექტებზე, წესების ერთობლივად შემუშავებას, საკლასო გარემოს გაუმჯობესებას, იდეების გენერირებას, მათ შეფასებას და რაც მთავარია, სწავლების მიზნების განსაზღვრაში მონაწილეობას.  1896 წელს დიუიმ დააარსა ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული 1-ლი ექსპერიმენტული  სკოლა . სადაც პროგრესული განათლების იდეებით ასწავლიდნენ. ეს იყო ერთგვარი სკოლა-ლაბორატორია. აქ თითქმის არ იყენებდნენ ისეთ ნაცად პედაგოგიურ ხერხებს, როგორიცაა გამეორება, ლექცია, საერთო საკლასო მუშაობა, სავარჯიშოების დაფასთან შესრულება და ა. შ. სამაგიეროდ მიმართავდნენ ფართომასშტაბიან ჯგუფურ პროექტებს, რომელიც მოიცავდა დურგლობას, ქსოვას, კერვას, მზარეულობას ... ხელოვნების ნიმუშების კეთებას, პიესების დადგმას,  მაკეტების აგებას და სხვა.     ასევე რეკომენდებული იყო, რომ მოსწავლეებს კლასის გარეთ გაეტარებინათ დრო: დაერგოთ, ეშენებინათ, ესეირნათ ბუნებაში, მოეწყოთ ექსკურსიები. სკოლა-ლაბორატორიაში ბავშვები ზრდიდნენ ხორბალს, ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. ცოტა უფრო დიდები მეტალის გადადნობასა და ღუმელის გაკეთებასაც სწავლობდნენ. სკოლა დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მთელ სოციალურ გარემოსთან, ოჯახთან, ბუნებასთან, საზოგადოებასთან. მათემატიკას დურგლობასთან ერთად სწავლობდნენ; ქიმიას-კულინარიით; ისტორიას კი -იმის გააზრებით, თუ რა გავლენას ახდენდა იგი თანამედროვე ცხოვრებაზე. მასწავლებელი იყო ფასილიტატორი (დამხარე, მეთვალყურე), მოსწავლეებს ეკითხებოდა თუ რისი სწავლა სურდათ და შემდეგ ცდილობდა, მიეწოდებინა შესაბამისი მასალები, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად ესწავლათ  საკუთარი თუ სხვათა გამოცდილებით. დიუის აზრით, თუ ბავშვები შრომას საკუთარ თავზე არ გამოცდიან, მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას მიიღებენ. პედაგოგმა უნდა შექმნას  ისეთი გარემო, რომელიც წაახალისებს და აქტიურად ჩააბამს მოსწავლეს სასწავლო პროცესში. ძალდასტანებასა და მკაცრ დისციპლინას ინდივიდუალურობა და თავისუფალი მოქმედება უნდა დავუპირისპიროთ. აუცილებელია დავამყაროთ ინტერაქცია მოსწავლეებსა და მათ მიერ შესწავლილ საგანს შორის. დიუის სკოლაში ტრადიციულ ტესტებს, როგორც საგნის ცოდნის ინდიკატორს, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა და უფრო პროექტების შეფასებაზე იყო აქცენტი გადატანილი. მოსწავლეები საკმაოდ ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში, რადგან მათ არ აძალებდნენ იმას, რისი გაკეთებაც არ უნდოდათ. დიუის თანამედროვე  სკოლები სახეცვლია, მაგრამ მათ მაინც შეინარჩუნეს მისი იდეების მნიშვნელოვანი ნაწილი.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...