Monday 11 July 2016

ექვთიმე თაყაიშვილი ’’დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება’’

                          
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.
მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.
კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმაცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამ ის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.
რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან. იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით ერევნის მოედნამდე, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...