Sunday 10 July 2016

ლევ ვიგოტსკი ( სოციო - კულტურული თეორია ) (1896-1934)



    პიაჟეს მიაჩნდა, რომ ბავშვები თვითმოტივირებული პიროვნებები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად იკვლევენ და შეიცნობენ სამყაროს, თვითონ მართავენ კოგნიტური განვითარების პროცესს. პიაჟესგან  განსხვავებით ვიგოტსკი თვლიდა, რომ საზოგადოება, ენა  და კულტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას. მისი აზრით,  სწავლა წინ უძღვის კოგნიტურ განვითარებას. ბავშვის განვითარება ხდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად. ცოდნა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა საზოგადოებაში და ბავშვებმა ის სოციალური კომუნიკაციის საშუალებით უნდა გაითავისოს, როცა ისინი უფრო მცოდნე ადამიანებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული რაიმე მნიშვნელოვან საქმიანობაში ( სწავლობენ მოქმედებაში ).  ადამიანი ქმნის კულტურას, კულტურა კი, თავის მხრივ - ადამიანს.  დიალოგის საშუალებით ხდება იდეების გაცვლა - გამოცვლა და ბავშვის განვითარება.    ვიგოტსკის ჭეშმარიტი აღმოჩენა იყო ,,განვითარების უახლოესი ზონა“ ( გუზ ).  ეს არის მანძილი ბავშვის ,,განვითარების რეალურ დონესა“ და შესაძლებელი განვითარების დონეს შორის. როგორც ვიგოტსკი წერდა ,, გუზ“-ი განსაზღვრავს ფუნქციებს, რომლებიც ჯერ არ მომწიფებულა, მაგრამ მომწიფების პროცესში იმყოფება. ,, გუზ“- ი გულისხმობს იმ ამოცანათა და მოქმედებათა მრავალფეროვნებას, რომელთა შესრულება ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად, მაგრამ შეუძლია მოზრდილი ადამიანების ან კომპეტენტური თანატოლების დახმარებით. ,,განვითარების აქტუალური ზონა“ ( ,, გაზ“ ) მოიცავს იმ ამოცანათა მრავალფეროვნებას, რომელთა შესრულება ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე.  რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ყოველი ბავშვის ,,განვითარების უახლოესი ზონა“ იცვლება.იგი გარკვეულ ამოცანებსა და მოქმედებებს ეუფლება და მზად არის უფრო რთული დავალებების შესასრულებლად. მასწავლებელმა უნდა შეაფასოს განვითარების რა დონეზე იმყოფება მოსწავლე, დავალებების, ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების როგორი უნარი აქვს და რისი გაკეთება შეუძლია სხვების დახმარებით. ბავშვები ძირითადად ვითარდებიან მაშინ, როცა ისინი ცდილობენ რთული დავალებების შესრულებას, რომლებიც მათი განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში ჯდება. სხვანაირად რომ ვთქვათ კოგნიტურ განვითარებას ხელს უწყობს ცხოვრების სირთულეების გადალახვა და არა იოლი მიღწევები. მაგრამ როცა ბავშვს მთელი დღის განმავლობაში ბევრი რთული დავალების გადალახვა უწევს, ეს უარყოფითად მოქმედებს მის თვითშეფასებაზე და თავდაჯერებულობაზე. ძალიან რთული დავალებები, რომელთა შესრულება  ბავშვს არ ძალუძს სხვა ამიანების დიდი დახმარების მიუხედავად აბსოლუტურად უსარგებლოა. ,,გუზ“-ი განსაზღვრავს ზედა ზღვარს, იმას თუ რისი შესწავლა შეუძლია ბავშვს ამ კონკრეტულ ეტაპზე.                                             სკაფოლდინგი ( ხარაჩო ) ნიშნავს იმ დახმარებას, რომელიც ბავშვს შესაძლებლობას აძლევს, შეასრულოს დავალებები, რომლებიც მისი ,,გუზ-ის  ფარგლებში ჯდება. ,, ხარაჩოს“ როლი უნდა შეასრულო მასწავლებელმა ( ან სხვა კომპეტენტურმა ადამიანმა). როცა ,,შენობა“ სტაბილური გახდება შეიძლება ხარაჩო თანდათანობით მოიხსნას.  მასწავლებელმა მხოლოდ იმდენი დახმარება უნდა აღმოუჩინოს მოსწავლეს, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად გააგრძელოს დავალების შესრულება. დავალებების მოსწავლეთა ნაცვლად შესრულება ( მზა-მზარეულად მიწოდება) აფერხებს მოსწავლის განვითარებას. მასწავლებელი რომელიც ,,სკაფოლდინგს“ წარმატებით იყენებს მოსწავლეებს აძლევს დროს ამოცანებს თვითონ გაართვან თავი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარება, როცა ხედავს, რომ ბავშვები დამოუკიდებლად ვეღარ მიდიან წინ.  1)დაადგინეთ მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონა და სწავლების დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ იგი; 2) შესთავაზეთ მოსწავლეს დახმარება, მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა; 3)გაამხნევეთ იგი, რათა ივარჯიშოს ახლადშეძენილი უნარის ან ცოდნის განმტკიცებაზე; 4) აჩვენეთ მაგალითი თუ როგორ შეიძლება მოცემული დავალების შესრულება; 5) დაუყავით რთული დავალება რამდენიმე პატარა, უფრო მარტივ დავალებად. 6) დაუსვით კითხვები, რომლებიც დაეხმარება იფიქრონ ამოცანის გადაჭრის გზებზე.  7) მიეცით კონკრეტული მითითებები;               8) გაუღვიძეთ მოტივაცი; 9) ხშირად შეაფასეთ მათი პროგრესი; 10) ჩააყენეთ მასწავლებლის როლში.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...