Sunday 10 July 2016

ჟან პიაჟე (კოგნიტური განვითარების თეორია

                                                                                                                                
    კოგნიტური ფსიქოლოგია აღმოცენდა მე-20 ს.-ის 50-იან წლებში. მისი  ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია შვეიცარელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე (1896-1980). მას მიაჩნდა, რომ ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებისას, მნიშვნელოვანია შემდეგი პროცესები: სქემები, ადაპტაცია, ექვილიბრიუმი (წონასწორობა). სქემები არის  გონებაში არსებული ,, ჩარჩოები“, რომლის საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება, გარდაქმნა და შენახვა. სქემები ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად იცვლება. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის კოგნიტურ სქემას, მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის  ასიმაილაცია  (გაგება). თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემას, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება და ეს მოითხოვს ,, სქემის“ შეცვლას, ანუ განხორციელდება აკომოდაცია  (მორგება). ასიმილაციისა და აკომოდაციის  შედეგად ხდება ადაპტაცია (შეგუება). ადაპტაცია არის სქემის შეცვლა გარემოს საპასუხოდ, ასიმილაციისა და აკომოდაციის  საშუალებით. ასიმილაცია და აკომოდაცია ერთმანეთისგან მოუწყვეტელი პროცესია , ერთდროულად ხდება და მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ჯერ ყოველი ახალი სიტუაციის ასიმილაციას ვახდენთ, ამის შემდეგ ვცვლით სქემას - ვახორციელებთ აკომოდაციას. ასიმილაციასა და აკომოდაციას შორის არსებობს გარკვეული ბალანსი, რასაც პიაჟემ  ექვილიბრიუმი  (წონასწორობა) უწოდა. როდესაც  ჩვენ ახალ გამოცდილებას ვიძენთ, ჩვენი არსებული სქემები შეიძლება არაადექვატური გახდეს: მათ აღარ შეუძლიათ ჩვენი ახალი გამოცდილების ახსნა და ჩვენი ექვილიბრიუმი ირღვევა, ესე იგი ხდება დისექვილიბრიუმი -  (წონასწორობის დარღვევა). იმისათვის რომ ხელახლა შევქმნათ სქემა ადაპტაცია გვჭირდება.  როცა ექვილიბრიუმი ირღვევა, ბავშვი ცდილობს შეცვალოს სქემა, ის იწყებს უფრო რთული და დახვეწილი აზროვნების პროცესის გამოყენებას და გადადის განვითარების უფრო მაღალ დონეზე. გადასვლას   ექვილიბრიუმიდან _ დისექვილიბრიუმში _ და ისევ ექვილიბრიუმში ეწოდება ექვილიბრაცია                              ( გაწონასწორება ). იგი  მუდმივი პროცესია და სწორედ ექვილიბრაციის გზით ხდება, ბავშვის მიერ , ცოდნის ,,კარკასის“ აგება - კონსტრუირება (დამოუკიდებლად, აღმოჩენების გზით).                                                   პიაჟემ გამოყო კოგნიტური განვითარების ოთხი სტადია :                                                                                                                    1) სენსომოტორული - დაბადებიდან 2 წლამდე. ბავშვები სამყაროს შესახებ ცოდნას თავიანთი შეგრძნებების საშუალებით ახდენენ.   როგორიცაა: წოვა, ღეჭვა, ტაცება, შეხება, მოსმენა, შეხედვა...                                                                                                                                   2) პრეოპერაციული - 2 – 7 წლები. ამსტადიაზე ბავშვის აზროვნების უნარი საოცრად პრიმიტიული რჩება, (აზროვნება ინტუიტიურია). არ აქვთ ლოგიკური აზროვნებისა და წარმოსახვის უნარი.  რადგან მათ არ ესმით კონსერვაციის (შენარჩუნების) პრინციპები. არ აქვთ ტრანსფორმაციის უნარი ( ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესის გონებაში ასახვის უნარი ),  არ აქვთ შექცევადი ოპერაციების გონებაში წარმოსახვის უნარი, მათ ახასიათებთ ცენტრაცია (ყურადღების გამახვილება ერთ ყველაზე ადვილად აღსაქმელ ასპექტზე), შეუძლიათ საგნების მხოლოდ ერთი ნიშნით კლასიფიკაცია, ახასითებთ ეგოცენტრული აზროვნება ( ფიქრობენ, რომ ყველა ისე ხედავს სამყაროს, როგორც ისინი ).                 3) კონკრეტული ოპერაციების სტადია - 7 – 11 (12) წლები. ამ სტადიაზე  ბავშვებს შეუძლიათ  გონებრივი წარმოსახვა და ლოგიკური აზროვნება , მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში. მათ ჯერ კიდევ არ გააჩნიათ აბსტრაქტული აზროვნების უნარი. კონკრეტულ ოპერაციაში მოიაზრება კონკრეტულ, რეალურ საგნებთან დაკავშირებული გონებრივი პროცესები.  ესმით კონსერვაციის პრინციპები, შებრუნებული ოპერაციები და ტრანსფორმაცია. შეუძლიათ ერთდროულად საგნის რამდენიმე ასპექტზე ყურადღების გამახვილება და კლასიფიკაცია ( სერიაცია / დახარისხება ), ტრანზიტულობა ( ორ საგანს შორის ურთიერთობის შესახებ დასკვნის გაკეთების უნარი, მესამე საგნის დახმარებით ). იწყებენ  ეგოცენტრული აზროვნებიდან უფრო ობიექტურ აზროვნებაზე გადასვლას.                                                                                                   4)  ფორმალურ ოპერაციული სტადია - 11 (12 ) – 15 წ.წ. მათ ახასიათებთ აბსტრაქტული,  ჰიპოთეზული აზროვნება. თავს იჩენს ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი - საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება.  ბევრი ადამიანი ვერასოდეს აღწევს ამ სტადიას, ან მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში იყენებს.                                                                         

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...