Sunday 10 July 2016

ფრედერიკ სკინერი (ოპერანტული განპირობებულობის თეორია)



     სკინერი ,,რადიკალური ბიჰევიორიზმის“ განმავითარებელია.მისი აზრით, ადამიანები სწავლობენ და ამჟღავნებენ ისეთ ქცევებს, რომლებსაც, მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს. სკინერი ქცევის 2 ტიპს გამოყოფს : რესპოდენტულს და ოპერანტულს. 1) რესპოდენტული (უნებლიე) ქცევა -საპასუხო რეაქცია სპეციფიკურ სტიმულზე (მაგ. ცემინება, თვალის ხამხამი, მთქნარება, შიმშილი და სხვა).  2) ოპერანტული ქცევა - ადამიანის მიერ ნებით შესრულებული გარკვეული ქცევა (მაგ. წიგნის კითხვა, წერილის წერა, მანქანის ტარება და სხვა.). ის შეიძლება გაკონტროლდეს ადამიანის მიერ და ემორჩილება ,,ოპერანტული განპირობებულობის კანონს“.  ოპერანტული განპირობებულობა ეს არის დასწავლის ტიპი, რომლის დროსაც რომელიმე  ქცევის სიხშირე იზრდება, თუ კი მას მოსდევს განმამტკიცებელი სტიმული ( მაგ. თუ მოსწავლე ყურადღებით უსმენს მასწავლებელს და მასწავლებელი მის ასეთ ქცევას ღიმილით ან შექებით აღნიშნავს, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მოსწავლე მომავალშიც ასეთი ყურადღებიანი იქნება.) თუმცა,ოპერანტული განპირობებულობის შედეგად, მოსწავლეები ზოგჯერ მიუღებელ ქცევებსაც იძენენ (მაგ: თუ მოსწ. აღმოაჩენს, რომ ის ქარალდების სროლით თანაკლასელი გოგონას ყურადღებას იპყრობს , ეს ქცევა რეგულარულ ხასიათს მიღებს). სკინერი თვლიდა, რომ მასწავლებელმა მხოლოდ სასურველი ქცევები უნდა განამტკიცოს. ოპერანტული განპირობებულობა ეს არის ქცევის სიხშირის გაზრდა, განმამტკიცებელი სტიმულის გამოყენებით. თავის მხრივ განმამტკიცებელი სტიმული შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. 1) დადებითი განმამტკიცებელი - დაჯილდოება (მაგ. როცა მასწავლებელი აქებს მოსწავლეს, უღიმის,  უწერს მაღალ შეფასებას...) 2) უარყოფითი განმამტკიცებელი - შვება (უსიამოვნო სტიმულის გაქრობა ქცევის გამოსწორებისთანავე, მაგ. ყურის აწევა. როგორც, კი არასასურველი ქცევა გამოსწორდება, ყურზე ხელს უშვებენ ). ორივე შემთხვევაში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განმამტკიცებელი ზრდის  სასურველი ქცევის სიხშირეს მომავალში.                                                    ასევე დადებითი და უარყოფითი შეიძლება იყოს დასჯაც: 1)დადებითი სასჯელი თანამედროვე სკოლებში ნაკლებად გამოიყენება (მაგ.როცა მოსწავლე ცუდი ქცევისათვის ისჯება საკლასო ოთახის დალაგებით).      2) უარყოფითი სასჯელი  უფრო ხშირია (მაგ.ბავშვს დასჯის მიზნით არ აყურებინებენ ტელევიზორს, მოსწავლეს ცუდი ქცევისთვის კლასიდან აგდებენ). ორივე შემთხვევაში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სასჯელი ამცირებს ქცევის სიხშირეს.  ხშირად ერთმანეთში ერევათ უარყოფითი განმტკიცება და დადებითი დასჯა. იმიტომ, რომ ორივე შეიცავს უსიამოვნო  (ავერსიულ)  სტიმულებს.  მაგრამ განმტკიცების შემთხვევაში სასურველი ქცევის სიხშირე იზრდება,  ხოლო დასჯის შემთხვევაში არასასურველი ქცევის სიხშირე  მცირდება. სკინერი თვლის, რომ დროთა განმავლობაში დასჯა არაეფექტური ხდება, ის მხოლოდ დროებით ახშობს არასასურველ ქცევას, როცა დასჯის შიში გაივლის, ქცევის ინტენსივობა უბრუნდება პირვანდელ დონეს. დასჯა მიუთითებს მხოლოდ იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთო, და არა იმაზე, რისი გაკეთება იქნებოდა მისაღები და კარგი.    აგრეთვე დასჯა ამართლებს სხვა ადამიანისთვის ტკივილის მიყენების შესაძლებლობას. სკინერის აზრით დასჯას აქვს არაერთი ალტერნატივა და მათი გამოყენება უფრო ეფექტურია,   ( მაგ. როდესაც ბავშვი ხელს მაღლა იწევს და ყვირილით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, ეფექტურია იგნორირება. ბავშვი ხვდება რომ სურვილს ვერ აღწევს და თანდათან ქცევა ქრება).  არასასურველი ქცევა აუცილებლად ჩაქრება თუ მივაგნებთ მის განმამტკიცებელს და გამოვრიცხავთ. ( მაგ. გაკვეთილზე, როდესაც ბავშვმა იცის, რომ მისი გამოკითხვის ჯერი მოვა, მანამდე იქცევა ისე, რომ კლასიდან გაუშვან. რადგან ასეთი ქცევისათვის მასწავლებელი ყოველთვის კლასიდან უშვებს ხოლმე ბავშვს. ამ გზით მოსწავლის მიზანი მიღწეულია - მან კლასში თავიდან აიცილა დავალების შესრულება, ან გაკვეთილის გამოკითხვა. თუ მასწავლებელი მიხვდება და გააანალიზებს მისი ამგვარი ქცევის მიზეზს, მოსწავლეს კლასიდან აღარ გააგდებს და აღარ განამტკიცებს მის არასასურველ ქცევას).    მართალია მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, ამ გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური დარღვევა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...