Monday 11 July 2016

ეტგარ კერეტი'' ქინდერ-სიურპრიზი''


          ეს ნამდვილი ამბავია. სამი თვის წინათ, ავტობუსის გაჩერებაზე, თვითმკვლელის ტერაქტს 32 წლის ქალი შეეწირა. ტერაქტს სხვა ბევრიც ემსხვერპლა, მაგრამ ეს მოთხრობა ამ ერთი ქალის შესახებაა.
      ტერორისტულ აქტებში დაღუპულთა ცხედრები შემდეგ გასაკვეთად აბუ-ქაბირის სასამართლო ინსტიტუტში გადააქვთ. ამ პროცედურის აუცილებლობა ისრაელის საზოგადოების ბევრ წამყვან მოღვაწეს აფიქრებს. გაკვეთის აზრს ბოლომდე ვერც აბუ-ქაბირის თანამშრომლები ხვდებიან. ტერაქტების დროს მსხვერპლის გარდაცვალების მიზეზი ხომ ისედაც დღესავით ნათელია, გვამი კი, ქინდერ სიურპრიზი არ გახლავთ, რომ ალალბედზე გახსა და მოულოდნელად სპორტული მანქანა ან პლასტმასის კოალა აღმოაჩინო.
     ამიტომაა, რომ გაკვეთის დროს ქირურგები მუდამ ერთსა და იმავე ნივთებს პოულობენ - მეტალის ნაკუწებს, ლურსმნებს ან რამე სხვა სახის ასხლეტილ ნივთიერებებს. სიურპრიზები იშვიათად ხდება. თუმცა, ამ ოცდათორმეტი წლის ქალის გაკვეთისას მათ მართლაც იპოვეს რაღაც სულ სხვა. იმ ასხლეტილ ბასრი ნივთების გარდა, რომელთაც ქალის სხეული დაეგლიჯათ, ქირურგებს გაკვეთილ სხეულში დახვდათ ათასობით სიმსივნური უჯრედი, თანაც სკმაოდ მოზრდილები. სიმსივნე მთელ მის შინაგან ორგანოებს მოდებოდა, უხვად იყო ღვიძლში, თირკმელებში და კიდევ უფრო მეტი თავის არეში. სანამ ექიმი-პათოლოგი მიცვალებულის თავის ქალას იკვლევდა, პირველი, რისი თქმაც შეძლო, "ღმერთო ჩემო" იყო, რადგან ნანახმა, მარტივად რომ ვთქვათ, შეაძრწუნა. ის იდგა და უსიტყვოდ დაჰყურებდა სიმსივნეებს, რომლებიც ნელ-ნელა მიიკლაკნებოდნენ ქალის ტვინისკენ, ისე მწყობრად, როგორც შხამიანი ჭიანჭველების რიგი, რომლებიც მზად არიან ყველაფერს მუსრი გაავლონ, რაც გზად გადაეღობებათ.
     გაკვეთის სწორედ ამ ეტაპზე გახდა საჭირო მეცნიერული დაკვირვების ჩატარება. გაჩნდა მოსაზრება: ეს ქალი ტერაქტში რომ არ აფეთქებულიყო, დააახლოებით ერთ კვირაში ლოგინად ჩავარდებოდა, მაქსიმუმ ორი თვის თავზე კი სიმსივნით გარდაიცვლებოდა.რთულია თვალი გაუსწორო ამ ფაქტს: თურმე, ეს ახალგაზრდა ქალი სიმსივნის პროგრესული ფორმით იტანჯებოდა, თან ისე, რომ მსგავსი დიაგნოზი მისთვის არავის დაუსვამს. შეიძლება ის იმ ადამიანთა ტიპს ეკუთვნოდა, რომელთაც ექიმებთან სიარული არ უყვართ და გამოკვლევების ჩატარებასაც ერიდებიან. ანდა, შეიძლება ეგონა, რომ თავბრუსხვევა და ტკივილები გადაღლის ბრალია და თავისით გაუვლიდა.
     როცა მისი მეუღლე მორგში მიცვალებულის ამოსაცნობად მოვიდა, პათოლოგ-ანატომმა კარგა ხანს იყოყმანა, გაემხილა თუ არა მისთვის სიმსივნის შესახებ. ერთი მხირ, ამ ახალ ამბავს შეიძლება დაქვრივებული კაცისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა: რა აზრი აქვს თავის ტანჯვას ფიქრით - "რა მოხდებოდა, იმ დღეს სამსახურში რომ არ წასულიყო", ან "რა მოხდებოდა, მე რომ წამეყვანა მანქანით", თუ ძალიან მალე სიმსივნით ისედაც გარდაიცვლებოდა.
     მეორე მხრივ, ამ ახალ ამბავს შეეძლო, გლოვის პროცესი მეუღლისთვის კიდევ უფრო მტანჯველი გაეხადა, ქალის შემთხვეითი და საზარელი სიკვდილი კიდევ უფრო აუტანელი, რომელსაც განიცდი ორგზის, ორ სხვადასხვა სიტუაციაში, ორი სხვადასხვა მიზეზით და ხვდები, რომ აღსასრული აბსოლუტურად გარდაუვალია. თითქოს, ვიაღაცამ, ზევით, ცაში, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არავითარი "რა მოხდებოდა ნეტა" აღარ დარჩენილიყო და ქალის გადარჩენა აღარავის შესძლებოდა - ჰიპოთეზის დონეზეც კი.
     ბოლოს პათოლოგ-ანატომმა მაინც ასე დაასკვნა: რაღას შეცვლის სიმსივნის ამბის გაგება ახლა? ქალი მოკვდა, მისი  მეუღლე დაქვრივდა, ბავშვები დაობლდნენ - აი, რა არის მთავარი. აი, რა არის ყველაზე სევდიანი. დანარჩენი ყველაფერი უაზრობაა.
     ქმარმა ითხოვა, რომ ცოლს ფეხებით ამოიცნობდა. მგლოვიარეთა უმრავლესობა საყვარელ ადამიანს ამოსაცნობად სახეზე დაჰყურებენ ხოლმე. მაგრამ კაცმა ითხოვა, მისთვის მხოლოდ ცოლის ფეხები ეჩვენებინათ, რადგან ეგონა, თუ მის მკვდარ სახეს შეხედავდა, შემდეგ ამ სახეს, უფრო სწორად, რაც მისგან იყო დარჩენილი, გონებიდან ვეღარასდროს მოიშორებდა. კაცს ცოლი ძალიან უყვარდა და მისი სხეულის ყოველი დეტალი ზეპირად ახსოვდა, ამიტომ ამოცნობა ტანის ნებისმიერი დეტალით შეეძლო, მან კი რატომღაც ფეხები აირჩია, როგორც ყველაზე მოშორებული, ნეიტრალური და განცალკევებული.
     ფეხებზე მზერა რამდენიმე წამით კიდევ შეაყოვნა, არადა უკვე ამოცნობილი ჰქონდა ცოლის ფრჩხილების ძლივს გასარჩევი, უსწორმასწორო კონტურებიც და მისი ოდნავ მოკაკული და მსუქანა ცერა თითიც.
     შეიძლება არც ღირდა, ფიქრობდა კაცი და კიდევ აგრძელებდა პატარა ფეხების თვალიერებას, შეიძლება ფეხებზე არ უნდა შემეხედა. მკვდარი ადამიანის სახე მძინარე ადამიანისას გავს, მაგრამ როცა მიცვალებულის ფეხებს უყურებ, ცხადზე ცხადი ხდება, რომ სიკვდილი უკვე მისი ფეხის თითების თითოეული ფრჩხილის ქვეშ შეპარულა.
     "ისაა", - უთრხა პათოლოგ-ანატომს ცოტა ხნის შემდეგ და ოთახიდან გავიდა.
     ქალის დაკრძალვას პათოლოგ-ანატომიც დაესწრო. უცხო პირთაგან ის მარტო არ იყო. დაკრძალვას ესწრებოდა იერუსალემის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრიც. ორივემ პირადად აღუთქვა ქმარს, რომ შურს აუცილებლად იძიებდნენ. მათ დრამატიზებულად და თან ნათლად აღწერეს, თუ როგორ იპოვნიდნენ ტერაქტის ორგანიზატორებს, რომლებმაც თვითმკვლელ ტერორისტს ამ საქციელისკენ უბიძგეს (თვით თვითმკვლელებზე შურისძიება უკვე გამორიცხული იყო). მათი დაპირებების მოსმენისას ქმარი თავს უხერხულად გრძნობდა. აშკარა იყო, მინისტრების ნათქვამი არც აინტერესებდა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თავისი დამოკიდებულების დამალვას ცდილობდა, იყო ის, რომ არ უნდოდა, გული გაეტეხა ამ ენაწყლიანი საზოგადო მოღვაწეებისათვის, რომელთაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ თავიანთი მძაფრი გამოსვლებით, მგლოვიარე ქმარს დარდს შეუმსუბუქებდნენ.
    დაკრძალვის დღეს პათოლოგ-ანატომმა კიდევ ერთხელ გაიფიქრა, ხომ არ გავუმხილო ქვრივს სიმსივნის ამბავიო. იფიქრა, ამით დაძაბულობას და ჰარში გამეფებულ შურისძიების განცდას ერთიანად ხომ არ გავფანტავო, მაგრამ ბოლო მომენტში ამჯერადაც გაჩუმება ამჯობინა. შინისკენ გზაზე კი შეეცადა, ფილოსოფიურად მიდგომოდა საკითხს. მაინც რა არის ეს სიმსივნე, ფიქრობდა თავისთვის, თუ არა ტერორისტული აქტი, რომელიც ზემოდან მოდის? განა ღმერთიც არ გვატერორებს ზემოდან რაღაცის გამო, რაღაცის პროტესტის ნიშნად? რაღაც ძალიან განყენებულის და ბუნდოვანის, რომლის წესიერად გააზრებაც  გვიჭირს? ექიმის ეს ფიქრები ქირურგიულად ზუსტი იყო, მაგრამ შეცვლა მან მაინც ვერაფრისა მოახერხა.
    დაკრძალვის ღამეს ქმარმა სევდიანი სიზმარი ნახა. სიზმარი, რომელშიც მკვდარი ცოლი მას ფეხით სახეზე ეფერებოდა. განცდა ისეთი მძაფრი იყო, რომ შეშინებულს და ოფლში გაღვრილს გაეღვიძა. სამზარეულოში ფეხისწვერებზე გავიდა, ბავშვები რომ არ გაეღვიძებინა და ჩაი აიდუღა. შუქი არც აუნთია. ქაფქაფა ჩაი მარტომ დალია და ბნელ სამზარეულოში კიდევ დიდხანს იჯდა. ცდილობდა იმაზე ეფირა, რის გაკეთებაც სურდა, რაც გაახარებდა; რამე, სულ ერთი იყო რა, რაც ბედნიერებას მოგვრიდა. თუნდაც ისეთი რამ, რის გაკეთების უფლებას ბავშვების გამო თავს არ მისცემდა, ან ფინანსურად ვერ შეწვდებოდა. მაგრამ არაფერი მოაფიქრდა. ეგონა, რომ რაღაც მახრჩობელა და მავნე ნივთიერებებით იყო გაჟღენთილი, რაც სუნთქვას უშლიდა. ეს არ იყო უბრალოდ გლოვა. ეს გლოვაზე გაცილებით მძიმე შეგრძნება იყო. ამდენი წლის შემდეგ, ცხოვრება მისთვის მახეს დამსგავსებოდა, დღეები ლაბირინთივით იხლართებოდა. არა, არც ლაბირინთივით. ცხოვრება ახლა მისთვის უბრალოდ ერთ ოთახად ქცეულიყო, რომელსაც მხოლოდ კედლები ჰქონდა, კარი კი არა. მაგრამ მაინც ჯიუტობდა, რაღაც უნდა ვიპოვო, ფიქრობდა თავისთვის, რაღაც, რაც მინდა რომ მოხდეს, მაგრამ რისი მოხდენაც შესაძლოა არ ძალმიძს, რამე კარგი, სულერთია, რა იქნება.
     საყვარელი ადამინის გარდაცვალების შემდეგ, ზოგი ადამინი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებ, ზოგი მონასტერში მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც სამზარეულოში ფინჯანი ჩაით გატარებული ღამის მერე თავზე ათენდებათ, თვითონ კი განთიადს და მზის პირველ სხივებს არც  ელოდებიან.
    მზის სხივები ბინაში ნელ-ნელა შემოიჭრა. მალე პატარებიც გაიღვიძებენ. კაცი კიდევ ერთხელ შეეცადა, გაეხსენებინა სიზმრიდან გამოყოლილი განცდები, გარდაცვლილი ცოლის ფეხის შეხება ლიყაზე, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ ვიზუალურად აღიდგინა ძილში ნანახი, განცდით კი ხელახლა ვერარაფერი განიცადა.

    "რა მოხდებოდა, იმ დღეს სამსახურში რომ არ წასულიყო", - იფიქრა თავისთვის და თავს ძალა დაატანა წამომდგარიყო, - "რა მოხდებოდა, მე თვითონ წამეყვანა მანქანით. ახლა ისევ ცოცხალი იქნებოდა. ჩემთან ერთად იჯდებოდა სამზარეულოში. ერთად დავლევდით ჩაის".

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...