Wednesday 13 July 2016

ჩემი შვილის საყვარელი მოთხრობა

მალაციძე ირმა
ფიჭიკო და თაფლია

დიდი ხნის წინათ იმერეთში, სათაფლიის გამოქვაბულში, ცხოვრობდნენ პატარა დინოზავრებიფიჭიკო და თაფლია. დინოზავრების ოჯახში ისინი ყველაზე უმცროსები და ყველაზე ციცქნები იყვნენსულ რაღაც ტონა-ნახევარს იწონიდნენ და მხოლოდ ერთი მეტრის სიგრძის ფეხისგულები ჰქონდათ.
ფიჭიკო და თაფლია ისეთი ონავარი და ცელქი დინოზავრები იყვნენ, რომ დილიდან საღამომდე დააბოტებდნენ გამოქვაბულის მიდამოებში და ხეებს ფესვებიანად გლეჯდნენ. რამდენჯერ გაუჯავრდა დედა დინოზავრი, რამდენჯერ მიტყიპა მამა დინოზავრმა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ფიჭიკო და თაფლია ყურსაც არ იბერტყავდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მათ ოჯახში ყველა დინოზავრი მტაცებელი გახლდათ, ფიჭიკო და თაფლია კი, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ბალახს ახრამუნებდნენ.
ტიტუუ, სად გამოვყო თავი ამ პატიოსანმა დინოზავრმა, ამიზა ვიწვალე? ამიზა გაგაჩინეთ და გაგზარდეთ, რომ თავი მოგეჭრათ მთელ სათაფლიაზე? რაც მე იმ კვერცხებს ველოლიავებოდი, რომლებშიც თქვენ ისხედითცივ ნიავს არ ვაკარებდი... რავა, ვისზე ნაკლები დედა ვიყავი, ამფერი შვილები რომ გამზრდოდა? მთელი დღე მარტო პრასისა და ფხალის მეტს არაფერს აკარებთ პირს! – მოთქვამდა დედა დინოზავრი.
არა, ბატონო, ვერ მევითმენ ამისთანა სირცხვილს. არ მჭირდება მე ბალახისმჭამელი შვილები. ჩვენი ჯიში მტაცებელი იყო ყოველთვის. ბაბუაჩემი, ღმერთმა აცხონოს, მისი სული, იმფერი ბრგე იყო, იმფერი ახოვანი, თქვენ კი არ გგავდათ, რომ დეიარებით მჭლედ. ექვს ტონას იწონიდა, აბაა!
ფიჭიკო და თაფლია კი ჩუმად ისმენდნენ საყვედურებს.?თავს ისე ჩაქინდრავდნენ, იფიქრებდით, უკვე მოინანიეს თავიანთი საქციელი და გადაწყვიტეს, ბალახის ჭამას თავი დაანებონო, მაგრამ როგორც კი დედ-მამა სანადიროდ წავიდოდა, ორივე კისრისტეხით გარბოდა ჭალისაკენ. იქ ქორფა ხეები ეგულებოდათ. უნდა გენახათ, როგორი სიამოვნებით ამტვრევდნენ ტოტებს და ახრამუნებდნენ თავის ფოთლებიან-ქერქიანად.
დედამ რომ იცოდეს, რავარი გემრიელია ეს ტირიფი, ხომ აღარ გაგვიჯავრდებოდა? – ამბობდა ფიჭიკო.
აპა, აპა, ეს მუხის ფოთოლიც რა სურნელოვანია? – უპასუხებდა თაფლია.
ნადირობიდან დაბრუნებულ მშობლებს ფიჭიკო და თაფლია ისევ გამოქვაბულში ხვდებოდნენ, მაგრამ მათ მოტანილ ნანადირევს კბილსაც არ ადგამდნენ.
არ გვშია, ბაბაია! – თავს ხრიდა ფიჭიკო.
ჰო, სულ არ გვშია! – კვერს უკრავდა თაფლიაც.
აჰა, ისევ ბალახბულახი მიირთვით, არა? რას მევესწარი ამას. წადით ერთი, ჩეიხედეთ სარკეში, რას დაემსგავსეთ, გვერდებში ლანდი გაგდით, ლანდი. ტიტუ, როგორ დევიღუპე! – მოთქვამდა ისევ დედა დინოზავრი.
?ერთ დღესაც განრისხდა მამა დინოზავრი. ისე განრისხდა, რომ იყვირა:
ახლავე დეიკარგეთ საცხა! შემარცხვენელი არც შვილი მჭირდება არაფერში! არ დაგინახოთ ჩემმა თვალებმა!
რაღას იზამდნენ საბრალო ფიჭიკო და თაფლია, გამოიძურწნენ მშობლიური გამოქვაბულიდან და ჭალისაკენ წალასლასდნენ. რა უნდა ექნათმართალია, ახლა ვეღარავინ დაუშლიდათ გემრიელი, რძიანი ბალახისა და ქორფა ფოთლების ჭამას, მაგრამ მშობლებისაგან შორს ყოფნაც ეძნელებოდათ. ცოტა არ იყოს და ეშინოდათ კიდეც. მართალია, ამ მხარეში ყველა ცხოველზე დიდები იყვნენ, მაგრამ მაინც ბავშვური გული ჰქონდათსიბნელეში გამოქვაბულიდან ცხვირს ვერ გამოაყოფინებდი ვერც ერთს. ჭალაში ერთი უზარმაზარი ხის ქვეშ მიწვნენ, ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მწარე ფიქრებში ჩაფლულთ ჩაეძინათ კიდეც.
თაფლიას საოცარი სიზმარი ესიზმრათითქოს ისევ თავის გამოქვაბულში იყო, მშობლებთან ერთად. და ყველანი: დედაც, მამაც, ფიჭიკო და თაფლიაცგემრიელ ბალახს შეექცეოდნენ. ისეთი ბედნიერი იყო თაფლია,რომ გაღვიძება აღარ უნდოდა:
ფიჭიკო, ფიჭიკო, რომ იცოდე, რა კარგი სიზმარი ვნახე...
ნუ მეიგონებ ხოლმე რაცხას უცნაურს. რა დროის სიზმარია, სახლიდან გამოგვყარეს. ადექი, წავიდეთ, იქნებ ქე ვისწავლოთ ეს მტაცებლობა, ?
შენ ხომ არ გადირიე? რაის მტაცებლობა? შენ არ იყავი, რო ამბობდი, ბალახზე და ფოთოლზე გემრიელი ქვეყნად არაფერიაო? – გაიოცა თაფლიამ, – რა ვქნათ ახლა ჩვენ? ვისხდეთ ამ ჭალაში ასე? მარტო და უთვისტომოდ? – ცრემლები გადმოსცვივდა ფიჭიკოს. მას თაფლიაც აჰყვა და ორივემ ისეთი ზმუილი ამოუშვა, ახლომახლო ხეებზე მცხოვრები ჩიტები შეშინებული ამოფრინდნენ ბუდეებიდან.
მოდი, ცოტა ხანს ფიჭიკო და თაფლია ჭალაში დავტოვოთ და ისევ გამოქვაბულში დავბრუნდეთ: იმის შემდეგ, რაც მამა დინოზავრმა შვილები გამოქვაბულიდან დაითხოვა, დედა დინოზავრი დეპრესიაში ჩავარდა. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვსმოკლედ, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა.
ნამეტანი ფიცხი ხასიათი გაქვს, ღმერთმანი. მაინც შვილებია ჩვენი, არ უნდა მოქცეოდი ასე სასტიკად... – მორიდებით შეაპარა მან მამა დინოზავრს.
გაჩუმდი, დედაკაცო! სწორედაც რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. იფიქრებენ ახლა პაწას და აღარ გაიმეორებენ იმ საქციელს. დაანებებენ იმ ბალახის ცოხნას თავს და დაუბრუნდებიან ოჯახს, ისთე, რავარც წესი და რიგია.
არა, რავარც ჩემი შვილები იტანჯებიან, ისთე უნდა დავიტანჯო მეც!რაფრა დევიძინო, როცა არ ვიცი, ჩემი შვილები სად არიან, სად სძინავთ, რას ჭამენ... – აქვითინდა დედა დინოზავრი.
რას ჭამენ და ფხალს!აბა, რეიზა გავყარე ის უდღეურები სახლიდან!– გაბრაზდა და რა გაბრაზდა, სულ ცოფები ჰყარა მამა დინოზავრმა.
?რას იზამდა დედაგაჩუმდა. დიდხანს ელოდა შვილების დაბრუნებას, ისინი კი არა და არ ჩანდნენ. ბოლოს გადაწყვიტა, რომ უკიდურესი ხერხისათვის მიემართამამა დინოზავრს განუცხადა:
საცხა ჩემი შვილებია, იქანა უნდა ვიყო მეც. ვტიებ მე მტაცებლობას და ბალახის ჭამას ვიწყებ.
მამა დინოზავრს ამის გაგონებას მიწის გასკდომა ერჩია.
რავა, ის სულელი ბაღნები არ მეყოფოდა თავის მოსაჭრელად, ახლა შენც დეემატე? – იყვირა მან, მაგრამ ვერაფერს გახდა. დედა დინოზავრმა შიმშილობა გამოაცხადა და საჭმელს პირს აღარ აკარებდა. მამა დინოზავრი იძულებული გახდა, თავისი ხელით მოეტანა ქორფა ბალახი და შეეთავაზებინა:
ჯანდაბას შენი თავი, რაც გინდა, ის ჭამე, ოღონდ შიმშილით თავს ნუ მეიკლავ.
არა, არ შევჭამ, ვიდრე ჩემს შვილებს არ დევინახავ, პირში ლუკმას არ ჩევიდებ! – ჯიუტობდა იგი.
?რაღა უნდა ექნა მამა დინოზავრს, ადგა და შვილების საძებნელად გაეშურა. ისე მძიმედ მიაბიჯებდა, არემარეს აზანზარებდა. იცოდა, სადაც უნდა ეძებნა და პირდაპირ ჭალისკენ გაეშურა. მალე მიაგნო კიდეცფიჭიკო და თაფლია ტირიფის ძირში ისხდნენ და ხმამაღლა სლუკუნებდნენ. მამის დანახვა ისე გაეხარდათ, ძუნძულით გაიქცნენ და ჩაეხუტნენ.
წამოით ახლა შინ, დედათქვენმა იმდენი ქნა, მაინც ქე გაგატანიათ თქვენი. ის კი არა და, თვითონაც ბალახის ჭამას აპირებს.
ფიჭიკომ და თაფლიამ ერთმანეთს გადახედეს. ყველაფერს მოელოდნენ, ამას კიარა. ისე გაიხარეს, უნდა გენახათსულ ხტუნაობა დაიწყეს. მიწაში ჩამძვრალ თაგვებსა და თხუნელებს ეგონათ, მიწისძვრა დაიწყოო და თავქუდმოგლეჯილები ამოცვივდნენ სოროებიდან.
მამა და შვილები შინ დაბრუნდნენ. ფიჭიკომ თან ახალშეფოთლილი ხის ტოტი წაიღოდედას მივართმევო, იფიქრა. თაფლიამ კი ქორფა ბალახი დაუგლიჯა და ის მიუტანა. გაიხარა დედამ, ჩაეხუტა შვილებს. მერე სადღესასწაულო ვახშამი გამართა და შვილების მორთმეული ბალახი და ფოთლები მიიტანა სუფრაზე. მამა დინოზავრმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას და იფიქრაერთი გემოს გავუსინჯავ, რაა, ასე რომ მოსწონთ ამ ჩემს შვილებსო. შეჭამა ცოტაოდენი ბალახი და ისე ეგემრიელა, ისე მოეწონა, რომ თვითონაც დაანება თავი მტაცებლობას. ფიჭიკო და თაფლია ბედნიერებისაგან ადგილს ვერ პოულობდნენ.
რავა მალე ამიცხადდა ჩემი სიზმარი, შენ კიდომტაცებლები გავხდეთო, ამბობდი, – ეუბნებოდა თაფლია ძმას.
კიდო კაი, რო არ დამიჯერე, – დაეთანხმა ფიჭიკოც.
ამის შემდეგ დინოზავრების ოჯახი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა სათაფლიის გამოქვაბულში. მზიან ამინდში ერთად მიდიოდნენ ხოლმე ჭალაში და ბალახით პირს იტკბარუნებდნენ, წვიმიან ამინდში კი გამოქვაბულში ისვენებდნენ და ერთმანეთს საინტერესო ამბებს უამბობდნენ.
ერთხელ თაფლიას წვიმაში გასეირნება მოუნდაგამოვიდა და ატალახებულ მიწაზე დაიწყო სიარული. უცებ ფეხი ტალახში ჩაეფლო და ისე ჩაეწება, რომ ვეღარ ამოდიოდა.
მიშველეთ! – იყვირა თაფლიამ და მაშინვე მთელი ოჯახი მასთან გაჩნდა. დაეჭიდნენ დედ-მამა და ფიჭიკო და თაფლია მიწიდან ძლივს ამოათრიეს. იმ დროისათვის თაფლია უკვე დიდი დინოზავრი იყოორ ტონას იწონიდა. ის კი ამოათრიეს, მაგრამ ნაკვალევის ადგილას ისეთი ღრმა ორმო დარჩა, პატარა ცხოველი რომ ჩავარდნილიყო, ალბათ ამოსვლას ვერც შეძლებდა. მერე მზემ დააცხუნა და ორმო ამოაშრო. ჰოდა, დარჩა და დარჩა ნაკვალევი.
იმის შემდეგ ბევრზე ბევრი, ალბათ მილიონი წელი გავიდა. ნაკვალევი კი ისევ იქაა, სათაფლიაში. თუ არ გჯერათ, ამაზე იოლი არაფერიასთხოვეთ მშობლებს, წაგიყვანენ სათაფლიაში და დარწმუნდებით, რომ არ გატყუებთ, აბა!



No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...