Monday 11 July 2016

გოდერძი ჩოხელი - „ხუჭუჭულა“

„_ ბებო, ყველი მინდა, ყველი! _ ითხოვდა ხუჭუჭულა.
_
მარხვაა, ბებო, მარხვა, _ გული უდნებოდა მკერდში ბებიას.
_
მარხვა რა არის?
_
ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს.
_
ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?
_
არა, არ შეიძლება.
_
არც კვერცხის? _ ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას.
_
არც კვერცხის, ბებო.
_
და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო?
_
არც რძისა.
_
ჩიჩია, ბებო?
_
არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _ უფრო და უფრო უდნება პატარა ბიჭის საცოდაობით მოხუცს მკერდში ცხოვრებისაგან ისედაც დალეული გული.
_
როცა ჭამა შეიძლება, მაშინ ღმერთის დღეები არ არის, ბებო?
_
მაშინაც ღმერთის დღეებია, ოღონდ სამხიარულო დღეები.
_
ყველა დღე ღმერთის დღეა?
_
ხო, ბებო, ყველა დღე ღმერთის დღეა, დაილოცოს იმის სამართალი.
_
ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა.
_
მაშ!
_
ხან ჭამეთ და ხან არ ჭამოთო? _ ისე კითხულობს ხუჭუჭულა, ეტყობა შია.
ბებიამ სკივრში გადანახული კაკალი ამოუღო და უბე გაუვსო.
სიხარულით ცას ეწია ხუჭუჭულა.
_
კაკალი სულმუდამ ჭამეთო ბებო? _ სიხარულჩამდგარი თვალები შეანათა ბებიას.
_
ჰო, გენაცვალოს ბებო, ჩემო ხუთკუნჭულა ბიჭო! _ ხმაშიც და გულშიც სითბო ჩაუდგა ბებოს.
კაკლით, ჩირით, თხილით და სხვადასხვა სასუსნავით გაასრულა ხუჭუჭულამ თავისი პირველი მარხულობა.“

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...