Sunday 10 July 2016

წაკითხული ტექსტის გააზრება

წრუწუნა და ციცინათელა

                ერთი უღრანი ტყის განაპირას დედასთან და მამასთან ერთად პატარა წრუწუნა ცხოვრობს. მას ძალიან უყვარს ჭრელაჭრულა ყვავილები, ჩიტების ჟღურტული. ახარებს მზის ამოსვლა, ქარის სტვენა, შეუძლია დიდხანს, დიდხანს უცქიროს ფუმფულა ღრუბლებს.
                ადრე ჩვენს წრუწუნას ძალიან ეშინოდა ღამისა და სიბნელის. მოსაღამოვდებოდა თუ არა, მეზობელ წრუწუნასთან თამაშსაც კი თავს ანებებდა და შინ გარბოდა. ყველამ იცოდა მისი ,,გულადობის“ ამბავი და ჩუმ-ჩუმად დასცინოდნენ კიდეც.
                ერთ დღეს წრუწუნამ დიდხანს ისეირნა ტყეში, ხან სად აცოცდა, ხან სად შეიჭყიტა და სოროს ისე დაშორდა, არც შეუმჩნევია. როცა მიიხედ-მოიხედა, უკვე ღამდებოდა. სასწრაფოდ შინისაკენ მოკურცხლა, მაგრამ სიბნელე თანდათან მატულობდა. მთვარე მაიც ამოვიდესო, ნატრობდა წრუწუნა და დამფრთხალი ყოველ ნაბიჯზე აქეთ-იქით იყურებოდა. წრუწუნას ახლოს რაღაც გაფაჩუნდა, აშრიალდა  და თანაც ჩაიზუზუნა. მართალია , ეს სულ მოსეირნე ქარის ზუზუნი იყო, მაგრამ ჩვენს თაგუნიას შიშით ლამის გული წაუვიდა: ერთ ადგილას გაშეშდა და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.
                უცებ შორიდან რაღაც საოცარი , წრიპინა ხმები შემოესმა. გულმა ბაგაბუგი დაუწყო, ისკუპა და დამპალი კუნძის ქვეშ შეიყუჟა. ცოტა ხნის შემდეგ , ყური კარგად რომ დაუგდო, მიხვდა, რომ ვიღაც სუსტი ხმით დახმარებას ითხოვდა. ხმა რამდენჯერმე განმეორდა. წრუწუნას თან ეშინოდა, თან გული უკვდებოდა უმწეო არსების ხმაზე. გადაწყვიტა, რაც არის არის, ჩემზე მეტად გაჭირვებულს უნდა ვუშველოო. სამალავიდან გამოძვრა და გულის კანკალით ხმას მიჰყვა. ერთ პატარა ბუჩქს მიადგა. ტოტებს შორის ობობას ქსელი გაება, იმ ქსელში კი ციცინათელა გაბმულიყო. წრუწუნა აცოცდა ბუჩქზე და ღონემიხდილი ციცინათელა ქსელიდან გამოხსნა.
-          უჰ, რა საშიში რამ ყოფილა ობობას ქსელი! - ძლივს ამოისუნთქა ციცინათელამ.
-          მადლობა, მეგობარო, რომ დამიხსენი, შენ საით გაგიწევია?
-          ტყეში შემომარამდა, დედა და მამა ალბათ მეძებენ, მე კი სიბნელის ძალიან მეშინია და ნაბიჯი ვერ გადამიდგამს, -უპასუხა წრუწუნამ.
-          სიბნელე განა რა სათქმელია! მე ხომ გზის განათება შემიძლია. აბა, მომყევი, - შესძახა ციცინათელამ და წინ გაუძღვა გაკვირვებულ წრუწუნას.
თავიდან უჭირდა წრუწუნას ციცინათელას შუქზე გზის გარჩევა, თუმცა, წინ მეგობრის საძებრად წამოსული უამრავი ციცინათელა შემოხვდათ და ყველამ ერთად ისე გაანათა ტყის ბილიკები, გეგონებოდათ, საზეიმო მაშხალები ციმციმებენო. შინ მისულ წრუწუნას შიშის ნატამალიც კი არ ეტყობოდა.

შეარჩიე სწორი პასუხი და შემოხაზე შესაბამისი ასო:
1.        როგორ მოიქცა წრუწუნა ღამით ტყეში უცნაური ხმები რომ შემოესმა?
ა)  დამპალი კუნძის ქვეშ შეიყუჟა;      ბ) სოროში დაიმალა     გ)უკანმოუხედავად გაიქცა
2.        სად და როდის შეხვდა წრუწუნა ციცინათელას?
ა) საღამოს, ტყის პირას;      ბ) ღამით, ტყეში დამპალი კუნძის ქვეშ;     გ)ღამით, ტყეში ბუჩქის ტოტებს შორის
3.        რამდენი მთავარი პერსონჟია მოთხრობაში?
ა)  6                ბ) 4        გ)2
4.        რას გვეუბნება ეს მოთხრობა?
ა) გასაჭირში თუ ვინმე ნახე, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე, გამოგადგება თუ არა მომავალში და მერე უნდა დაეხმარო;
ბ) გაჭირვებულის დასახმარებლად გაბედულად მოქმედება კარგი თვისებაა;
გ) მეგობრად მხოლოდ ის უნდა შეარჩიო, ვინც გასაჭირში დაგეხმარება.
5.        წრუწუნა ჭიანჭველას დაეხმარა, რადგან
ა) იგრძნო, რომ ციცინათელას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა;
 ბ) იცოდა, რომ ციცინათელა დაეხმარებოდა;
გ) იცოდა, რომ ციცინათელას გადარჩენა ადვილი იყო.
6.        რატომ შესთავაზა ციცინათელამ წრუწუნას გზის განათება?
ა) სიკეთის სიკეთით გადახდა უნდოდა,
ბ) უნდოდა , თავი გამოეჩინა ვაჟკაცობით,
გ) უნდოდა წრუწუნას სორო მოენახულებინა.
7.        რა აკავშირებთ ერთმანეთთანწრუწუნასა და ციცინათელას?
ა) ისინი განსაცდელში დამეგობრდნენ,
ბ) ორივე ერთ ტყეში  ცხოვრობს;
გ) სიბნელის ორივეს ეშინია.
8.        მოთხრობის რომელ ნაწილში ჩანს, რომ თუ მეგობარი გყავს, შიში არაფრისა გაქვს?
ა) ბოლოში             ბ)დასაწყისში             გ) შუაში
9.        რამ გადააწყვეტინა  შეშინებულ   წრუწუნას სამალავიდან გამოძრომა?
ა) აინტერესებდა გაეგო, ვინ იძახდა;
ბ) მიხვდა, რომ გასაჭირში იყო ჩავარდნილი და შველა გადაწყვიტა;
გ) უნდოდა გაქცევით ეშველა თავისთვის.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...